ენა და კულტურა

ენა ადამიანის არსებობის განუყოფელი ნაწილია. იგი განისაზღვრება, როგორც ელემენტებისა და წესებისაგან შემდგარი ნიშანთა სისტემა. ენა ადამიანის თვითგამოხატვის საშუალებას წარმოადგენს და ადამიანთა შორის კომუნიკაციის მიზნით გამოიყენება. მეცნიერების დარგს, რომელიც ენას, როგორც ნიშანთა სისტემას იკვლევს, ენათმეცნიერება ეწოდება. თუმცა ენას ჰუმანიტარული დარგის ისეთი მომიჯნავე დისციპინებიც იკვლევენ, როგორიცაა ლიტერატურათმცოდნეობა,  სემიოტიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, რიტორიკა, ნეიროლოგია, თეოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოლოგია და ა.შ. თავისი ფუნქციიდან გამომდინარე, ენა ხშირად ინტერდისციპლინური კვლევის საგანი ხდება და შეისწავლება დარგთაშორისი მეცნიერების მიერ, როგორიცაა ფსიქოლინგვისტიკა, ნეიროლინგვისტიკა, სოციოლინგვისტიკა, ეთნოლინგვისტიკა.

ენის კვლევა, როგორც მეცნიერების ერთი დარგის, ისე ინტერდისციპლინური დარგების ფარგლებში, მოითხოვს ენობრივ რესურსთა არსებობას. კაცობრიობის მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულმა ცოდნამ ჩვენამდე ძირითადად ენობრივი ფორმით მოაღწია. ენის მეშვეობით დოკუმენტირებული რესურსები საშუალებას გვაძლევს თვალი მივადევნოთ არა მარტო ენების სტრუქტურულ განვითარებას, არამედ ამ ენათა მატარებელი ხალხების ისტორიულ და კულტურულ ევოლუციას. ენის დოკუმენტირება, აქედან გამომდინარე, არსებითად კულტურის დოკუმენტირების ტოლფასია ენის დოკუმენტირებით არსებითად ჩვენ ვახდენთ კულტურის დოკუმენტირებასაც.

ენისა და კულტურის დოკუმენტირება არსებითი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ კაცობრიობის განვითარების დიაქრონიული კვლევის თვალსაზრისით, არამედ სინქრონიულადაც, რათა გამოვიკვლიოთ ენობრივი ქცევის ნორმები, მოვახდინოთ ენობ-რივი სიტუაციიდან გამომდინარე ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების პროგნოზირება და სწორად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ენობრივი პოლიტიკა.

ენებისა და კულტურების დოკუმენტირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას  იძენს დღეს ენათა გაქრობის საშიშროების ფონზე. გლობალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა მსოფლიოს ლინგვისტურ რუკაზე ენათა გაქრობის პროცესი: იუნესკოს მონაცემებით, დღეისათვის 7000-მდე ენა არსებობს (36 იზოლირებული ენა, 82 – კრეოლი და 119 – ჟესტების ენა, დანარჩენი ენები 150-მდე ენათა ოჯახში არის გადანაწილებული), რომელთაგან თითქმის ნახევარს გაქრობის საშიშროება ემუქრება.

14

სწორედ ამ საფრთხის გათვალისწინებით შეიქმნა იუნესკოსთან საგანგებო პროგრამა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ენების მსოფლიო ატლასის შესაქმნელად, რომელშიც დღეისათვის 2465 ენაა რეგისტრირებული. საქართველოში გავრცელებული ენებიდან 11 ენაა შეტანილი აღნიშნულ ატლასში, მათ შორის უდიური, წოვა-თუშური, პონტელ ბერძენთა მეტყველება, ახალ-არამეული, ლაზური.

კულტურა, როგორც ფენომენი

ენა, როგორც სოციუმის არსებობის განმსაზღვრელი კომპონენტი, კულტურის ფენომენს წარმოადგენს. მატერიალური კულტურა, როგორც კულტურის ბინარული სისტემის ოპოზიციური ცნება, სულიერ კულტურასთან ერთად, ერის კულტურულ პარადიგმას ქმნის. ამ ბინარული სისტემის შემცველი თითოეული ცნება კულტურის მატერიალურად და სულიერად დაყოფის შედეგად გაჩნდა. მატერიალური კულტურა  აღნიშნავს „ყოველგვარ მატერიალურ საგანს, აგრეთვე, გამოგონებებსა და ცვლილებებს ტექნოლოგიის განვითარების პერიოდში. მატერიალური კულტურის ცნებით ხშირად უპირისპირდებიან სულიერი კულტურის ცნებას, მაგრამ ამგვარ დაპირისპირებას შედარებითი ხასიათი აქვს, რამდენადაც კულტურის ნებისმიერი ფენომენი სემიოტიკური ქმნილებაა.  მატერიალური კულტურის საგნები ადამიანთა ცხოვრებაში ორმაგ როლს ასრულებს: ერთი მხრივ, ისინი პრაქტიკული მიზნების მიღწევის, მეორე მხრივ კი სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის საშუალებებია. მეცნიერებაში მიჩნეულია, რომ მხოლოდ მეორე ფუნქციის მეშვეობით იქცევიან ისინი კულტურის ფენომენებად“.

არამატერიალური ანუ სულიერი კულტურა კულტურის ბინარული სისტემის მეორე კომპონენტს შეადგენს და მატერიალურ კულტურასთან ერთად ერის კულტურულ პარადიგმას ქმნის. იგი ერის შემოქმედებაშია განივთებული, თაობიდან თაობას გადაეცემა ენობრივი (ნარატიული) ფორმების, ცეკვის, სიმღერის, რეწვის, რიტუალების, წარმოდგენების სახით.

კულტურა კაცობრიობის არსებობის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. მისი (განსაკუთრებით არამატერიალური კულტურის) დაცვა და შენარჩუნება კაცობრიობის შემდგომი არსებობის სტრატეგიული აუცილებლობაა. საერთაშორისო დონეზე მისდამი ზრუნვის გამოვლინება იყო 2003 წლის 17 ოქტომბერს იუნესკოს მიერ მიღებული კონვენცია არამატერიალური (სულიერი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 20 აპრილს.

15

დღეისათვის (2016 წლის მონაცემების მიხედვით) ამ კონვენციას აღიარებს 163 ქვეყანა, 2008 წლის 18 მარტიდან კი მათ შორისაა საქართველოც.

სულიერი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით იუნესკომ შეიმუშავა არამატერიალური მსოფლიო მემკვიდრეობის რეესტრი, რომელიც სამი ტიპის სიას მოიცავს:

  1. წარმომადგენლობითი (რეპრეზენტაციული) სია, რომელიც არამატერიალური კულტურის მრავალფეროვნებას ასახავს მსოფლიო მასშტაბით;
  2. განსაკუთრებული ზრუნვის საჭიროების სია, რომელიც არამატერიალური კულტურის იმ კულტურულ ფორმებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას, მუდმივ ყურადღებას საჭიროებენ, ვინაიდან გაქრობის საშიშროება ემუქრებათ;
  3. სამაგალითო აქტივობების სია, რომელშიც აღრიცხულია ის პროექტები თუ აქტივობები, რომლებიც წარმატებით განხორციელდა და მისაბაძია, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდა არამატერიალური კულტურის ობიექტების არა მარტო შენარჩუნება, არამედ მათი რევიტალიზაცია – დაცვა, შემდგომი განვითარება და თაობიდან თაობისთვის გადაცემის მექანიზმის შექმნა. დღეისათვის 12 ასეთი პროექტი არის ამ სიაში შესული, მათ შორისაა ზარების ტრადიციული მუსიკის (Carillon-music) რევიტალიზაციის პროექტი ბელგიიდან, უნგრეთსა და ტრანსილვანიაში გავრცელებული ხალხური ცეკვების რევიტალიზაციის პროექტი, ფუჯიანის თოჯინების თეატრის რევიტალიზაციის პროექტი ჩინეთიდან და ა.შ.   

კულტურა, როგორც ბინარული სისტემის ორივე კომპონენტის (როგორც მატერიალური, ისე სულიერი კულტურის) ერთობლიობა, არის კულტურის ფორმები, რომელიც ადამიანის ფიზიკური ან სულიერი ძალისხმევით არის შექმნილი. იგი განსხვავდება ადამიანის გარემომცველი ბუნებისაგან, რომელიც ადამიანის ძალისხმევის გარეშე არსებობს. ბუნების შემადგენელ კომპონენტებზე, ბუნებრივ მოვლენათა ან პროცესთა განვითარებაზე  ადამიანის ჩარევის შემთხვევაში უკვე კულტურული ფენომენი იქმნება. სწორედ ამიტომაა, რომ ვსაუბრობთ ვაზის კულტურაზე ქართველთან მიმართებაში, ვინაიდან საქართველოში ვაზის სხვადასხვა ჯიშის გამოყვანისა და მოვლის საუკუნეობრივი გამოცდილება კულტურის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, იგი ქართველი ერის მენტალობის განუყრელ კომპონენტად არის ქცეული.

ბუნება, როგორც თავისთავად მოცემული გარემო, და კულტურა, როგორც ადამიანის ძალისხმევით შექმნილი მატერიალური ან სულიერი ფასეულობა, კაცობრიობის არსებობისა და განვითარების სუბსტანციურ კომპონენტს წარმოადგენს და ადამიანის გეოგრაფიული, სოციალური და ფსიქოლოგიური ყოფიერების ქვაკუთხედს ქმნის. კულტურა ახდენს ამ კულტურის მქონე  ჯგუფების ეთნიკურ, სოციალურ, რელიგიურ და სხვ. ნიშნების მიხედვით  დეტერმინირებას და თაობიდან თაობას გადაეცემა კულტურული მეხსიერების სახით.

კულტურის, როგორც ცნების განსაზღვრება მრავალფეროვანი და მრავალსახოვანია. ამ ცნების შინაარსი იცვლებოდა, ერთი მხრივ, კაცობრიობის არსებობის ქრონოლოგიურ ღერძზე ეპოქისდა შესაბამისად – კაცობრიობის განვითარების ანუ მისი ისტორიული და კულტურული გამოცდილებისდა შესაბამისად და, მეორე მხრივ, იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრებოდა კულტურა მეცნიერების გადასახედიდან, განსაკუთრებით საკითხის ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ასპექტის გათვალისწინებით.

კულტურ, როგორც ცნებათა სისტემის კომპონენტი, შეიძლება განვიხილოთ აღწერით ცნებად – მოცემულ კონკრეტულ დროსა და სივრცეში არსებულ ფენომენად და ნორმატიულ ცნებად – კულტურული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ  კომპონენტთა სავალდებულო ერთობლიობად. ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებამ, ერთი მხრივ და მენტალური და ინფორმაციული რესურსების გაცვლის თანამედროვე საშუალებებმა (მათ შორის მზარდმა მიგრაციულმა პროცესებმა),  მეორე მხრივ, საყოველთაო გლობალიზაციას შეუწყო ხელი. კულტურათა ინტენსიურმა გაცვლამ კულტურული გლობალიზაცია გამოიწვია. კულტურათა ურთიერთგაცვლის თანამედროვე ფორმებმა კულტურათა შერევის პროცესს დაუდო სათავე და კულტურების კრეოლიზაცია გამოიწვია. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა მიგრაციულ ქვეყნებში: მიგრანტები ცდილობენ, ერთი მხრივ, შეინარჩუნონ საკუთარი კულტურა, მეორე მხრივ, მოახდინონ ახალ კულტურულ გარემოში ინტეგრირება, რის შედეგადაც იქმნება ერთგვარი კულტურული სიმბიოზი. ორი კულტურის შერევის შედეგად  წარმოიქმნება ახალი კულტურული ფორმები, რომლებიც მხოლოდ მიგრანტთა მოცემული სოციუმისათვის არის დამახასიათებელი. ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესების ფონზე კულტურების კრეოლიზაციის პროცესი თანამედროვე სოციოლოგიის ერთ-ერთ საკვანძო საკვლევ თემას წარმოადგენს.

რესურსები:

სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი, ლოგოს პრესი, თბილისი, 2004

Fatima El-Tayeb, The Forces of Creolization. Colorblindness and Visible Minorities in the New Europe,

Françoise Lionnet/Shu-mei Shi (eds.), The Creolization of Theory, Duke University Press, 2011

http://www.unesco.org/culture/ich/en/states-parties-00024