წინადადების ისეთი წევრების დასადგენად, როგორიცაა სუბიექტი, პირდაპირი ობიექტი და ირიბი ობიექტი, წარმატებით გამოიყენება პრონომინალიზაციის ტესტი. ამ ტესტის განხორციელების მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ წინადადებაში ძირითადი წევრების – სუბიექტი, პირდაპირი ობიექტი და ირიბი ობიექტი – შესაბამისი კონსტიტუენტები ნაცვალსახელებით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ.
განვიხილოთ ასეთი წინადადება: „ბებიამ შვილიშვილს ტკბილეული გაუგზავნა“. ამ წინადადების სამივე წევრი – სუბიექტი (ბებიამ), ირიბი ობიექტი (შვილიშვილს) და პირდაპირი ობიექტი (ტკბილეული) – ნაცვალსახელით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ: მან (ბებიამ) მას (შვილიშვილს) ის (ტკბილეული) გაუგზავნა.
ახლა გავართულოთ მარტივი წინადადება და განვავრცოთ იგი: „ხანშიშესულმა ბებიამ საყვარელ შვილიშვილს საკუთარი ხელით გაკეთებული ტკბილეული გაუგზავნა“.
დავუსვათ შეკითხვა თითოეულ კონსტიტუენტს:
სუბიექტი:
კითხვა: ვინ გაუგზავნა?
პასუხი: მან (ხანშიშესულმა ბებიამ)
პირდაპირი ობიექტი:
კითხვა: რა გაუგზავნა?
პასუხი: ის (საკუთარი ხელით გაკეთებული ტკბილეული)
ირიბი ობიექტი:
კითხვა: ვის?
პასუხი: მას (საყვარელ შვილიშვილს)
პრონომინალიზაციას ვერ მოვახდენთ, მაგალითად, სიტყვათა ასეთი თანმიმდევრობისათვის: [საყვარელ შვილიშვილს საკუთარი] ან [ბებიამ საყვარელ შვილიშვილს], ვინაიდან არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს ზმნასთან (გაუგზავნა) შეწყობილ სუბიექტს, ირიბ ან პირდაპირ ობიექტს.
ამდენად, პრონომინალიზაცია, კითხვის დასმისა და კოორდინაციის მეთოდის გამოყენების მსგავსად, საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ წინადადებაში უშუალო კონსტიტუენტები – ერთმანეთთან ლოგიკურ მიმართებაში მყოფი და სინტაქსურ ბმულობაში არსებული სიტყვების ჯაჭვი.