საკომუნიკაციო აქტი

1. საკომუნიკაციო პროცესი, როგორც აქტი

ენა ინფორმაციის გაცვლის საშუალებაა. სიტუაცია, რომლის დრო­საც ხდება ინფორმაციის გაცვლა, ერთგვარი პროცესია და მას საკომუ­ნიკაციო აქტი ეწოდება.

საკომუნიკაციო აქტი, ანუ შემოკლებით კომუნიკაცია, Webster’s New World College Dictionary-ის მიხედვით განიმარტება, როგორც:

• ურთიერთობის (კომუნიკაციის) საშუალება (A means of communication)

• გადამცემი და მიმღები კომპონენტებისაგან შემდგარი სისტემა (A system of sending and receiving)

• გადაცემის აქტი (The act of transmitting)

• აზრების გამოხატვის (განსაკუთრებით ზეპირი და წერილობითი) სახე (The art of expressing ideas, esp. in speech and writing);

• ინფორმაციის (სიგნალების, ჟესტებისა და სხვა სიმბოლოების მეშვეობით) გადაცემისა და გაცვლის პროცესი (The Processe of giving and exchanging of information).

აქვე საგანგებოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომუნიკაცია, როგორც აქტი, არ უნდა აგვერიოს ცნებაში „კომუნიკაცია“ – მეცნიერება ინფორმაციის გაცვლის შესახებ (The science of transmitting information, esp. in symbols).

2. საკომუნიკაციო აქტის კომპონენტები

ზემოთ ჩამოთვლილ განმარტებებს თუ გადავავლებთ თვალს, ადვი­ლად შეგვიძლია გამოვყოთ საკომუნიკაციო აქტის, როგორც პროცესის კომპონენტები, რომელიც საკმარისი და აუცილებელია საკომუნიკაციო აქტის განსახორციელებლად:

1. საკომუნიკაციო აქტში მონაწილე აქტიორები (მთქმელი და მსმე­ნელ(ებ)ი) ანუ კომუნიკატორები;

2. ინფორმაცია, რომელსაც ერთმანეთში ცვლიან საკომუნიკაციო აქტში მონაწილე აქტიორები ანუ საკომუნიკაციო აქტის შინაარსი;

3. ინფორმაციის კოდირება (მთქმელის მიერ) და დეკოდირება (მსმენე­ლის მიერ) ანუ ინფორმაციის გაცვლის პროცედურა.

img05_24

საკომუნიკაციო აქტს რამდენიმე არსებითი ნიშანი გააჩნია:

1. საკომუნიკაციო აქტი არის ერთჯერადი პროცესი და მოცემულია კონკრეტულ დროსა და სივრცეში;

2. საკომუნიკაციო აქტი არის დინამიკური პროცესი;

3. კომუნიკატორების, ანუ საკომუნიკაციო აქტში მონაწილე აქტიო­რების ქმედებას ახასიათებს კონტროლი და ნებელობა.

განვიხილოთ თითოეული ნიშანი ცალ-ცალკე.

ნიშანი 1: საკომუნიკაციო აქტი არის  კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ სივრცეში მოცემული ერთჯერადი პროცესი.

საკომუნიკაციო აქტი ერთჯერადობით ხასიათდება. აქ, რასაკვირ­ველია, ვგულისხმობთ ბუნებრივ საკომუნიკაციო აქტს, როგორც ობიექ­ტური რეალობის ერთ-ერთ ელემენტს, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში ხორციელდება და არ განვიხილავთ, მაგალითად, რადიო და სატელე­ვიზიო ჩანაწერებს, ფილმებს და სხვა მედიალურ საშუალებებს.

დავიმახსოვროთ: საკომუნიკაციო აქტის შინაარსი განმეორებადია, საკომუნიკაციო აქტი – არა.

ერთი და იგივე წინადადება თქვენ შეიძლება ყოველდღე წარ­მოთქვათ, მაგრამ თითოეული შემთხვევა კონკრეტული კონტექსტის ფონზე, კონკრეტულ დროსა და სივრცეში, კონკრეტულ აქტიორებთან მიმართებაში გამოიყენება და საკომუნიკაციო აქტს, შესაბამისად, ერთჯერად, განუ­მეორებელ ხასიათს ანიჭებს.

ნიშანი 2: საკომუნიკაციო აქტი არის დინამიკურ პროცესი.

კომუნიკაცია არის ინფორმაციის გაცვლის პროცესი – საკომუნიკაციო აქტში მონაწილე აქტიორები არა მარტო გასცემენ ინფორმაციას, არამედ იღებენ კიდეც. ეს ორმხრივი, დინამიკური პროცესია – თუ საკომუნიკაციო აქტში ორი აქტიორი მონაწილეობს – A და B,  მაშინ, სავარაუდოდ, არა მარტო აქტიორი A გადასცემს ინფორმაციას აქტიორ B-ს, არამედ აქტიორი B-ც აწვდის ინფორმაციას აქტიორ A-ს, ანუ ადგილი აქვს არა მარტო ინფორმაციის გაცემა-მიღებას, როგორც ერთი მიმართუ­ლებით მიმდინარე ცალმხრივ პროცესს, არამედ გაცვლას – ინფორმაციის მიმოქცევას:

 

ინფორმაციის მიმოქცევა

A             B

საკომუნიკაციო აქტის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის კითხ­ვა-პასუხისაგან შემდგარი აქტი:

კითხვა       პასუხი

A       →       B

vs.

პასუხი      კითხვა

A       ←       B

ნიშანი 3: საკომუნიკაციო აქტში მონაწილე აქტიორების ქმედებას ახასიათებს კონტროლი და ნებელობა.

საკომუნიკაციო აქტში მონაწილე აქტიორების, ანუ კომუნიკატორე­ბის ქმედებას ახასიათებს კონტროლი და ნებელობა. იმისათვის, რომ კო­მუ­ნიკაცია შედგეს, აუცილებელია ორივე მხრიდან არსებობდეს ნებელობა – კომუნიკაციის ანუ, თქმისა და მოსმენის სურვილი, რაც კომუნიკატო­რების მხრიდან კონტროლის გარეშე შეუძლებელია.

წარმოვიდგინოთ, რომ ორი ახალგაზრდა, მდედრობითი და მამრო­ბითი სქესის,  ერთდროულად იმყოფება კონკრეტულ დროსა და სივრცეში, მაგ., ავტობუსში. მამრობითი სქესის ახალგაზრდა ცდილობს დაამყაროს კონტაქტი გვერდით მჯდომთან, ცდილობს ისაუბროს ამინდზე, იმ იმედით, რომ გოგონა მის ნათქვამს გამოეხმაურება და დიალოგი შედგება. მდედრობითი სქესის ახალგაზრდას კი ყურსასმენები აქვს ყურში გაკეთებული, საკუთარ ფიქრებშია ჩაძირული და ყურადღებას არ აქცევს გვერდით მჯდომს. ვინაიდან მას შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ქმედება – თავად გადაწყვიტოს, გამოიღოს თუ არა ყურსასმენები ყურიდან და მოუსმინოს და უპასუხოს თუ არა ვაჟს, იღებს გადაწყვეტილებას, არ შევიდეს კომუ­ნიკაციაში გვერდით მჯდომ ვაჟთან. შესაბამისად, საკომუნიკაციო აქტიც არ შედგება. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა საკომუნიკაციო აქტის შინაარსის, ანუ ინფორმაციის კოდირება ვაჟის მიერ, მაგრამ არ განხორციელდა საკომუ­ნიკაციო აქტის არსებითი კომპონენტი: ინფორმაციის აკუსტიკურად მიღება და შესაბამისად, მისი კოგნიტურ დონეზე გადამუშავება – გოგონამ ვერ მიიღო ინფორმაცია და შესაბამისად, ვერ მოახდინა მისი დეკოდირება.

საკომუნიკაციო აქტში მონაწილეობის მიღება-არმიღების გადაწყვე­ტი­ლება შეიძლება სუბიექტური (სავარაუდო კომუნიკატორს არ სურს კომუნიკაცია) ან ობიექტური მიზეზებით იყოს განპირობებული, მაგ., კომუნიკაცია არ, უფრო სწორად ვერ შედგება, თუ მაგ., გოგონა უცხოე­ლია და არ ესმის ვაჟის ენა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა საკომუნიკაციო საშუალებები: ჟესტი, მიმიკა.