სიტყვები ორ ჯგუფად არის დაყოფილი: ფორმაცვალებად (ფლექსიურ) და ფორმაუცვლელ (არაფლექსიურ) სიტყვებად. ფორმაცვალებადი სიტყვების ანალიზი, ფლექსიურ სიტყვათა ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი თუ დერივაციულ სიტყვათა ჯგუფს, ხორციელდება სტრუქტურული ანალიზის უმარტივესი ოპერაციების – სეგმენტაციისა და კლასიფიკაციის მეშვეობით.
ფორმაცვალებადი სიტყვები შეიძლება დავშალოთ ნაწილებად – სეგმენტებად. სიტყვების შემადგენელ ნაწილებად დაშლას სეგმენტაცია ეწოდება. სიტყვის ის სეგმენტი, რომელიც მეტად აღარ დაიშლება, წარმოადგენს მორფს. ანუ მორფი არის უმცირესი სიგნიფიკანტური ელემენტი, რომელიც მეტად აღარ დაიშლება უმცირეს სიგნიფიკანტურ ელემენტებად. სეგმენტირების შედეგად მიღებული მორფებიდან ერთ-ერთი მათგანი ლექსიკური მნიშვნელობის მატარებელია და მას ლექსიკური მორფი (LEX) ეწოდება. სხვა დანარჩენი მორფები გრამატიკული მორფებია და ისინი ორ ჯგუფად კლასიფიცირდება: დერივაციულ (DER) და ფლექსიურ (FLEX) მორფებად.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რა სახის გრამატიკულ მორფს წარმოადგენს – დერივაციულს თუ ფლექსიურს, უნდა მოვახდინოთ მორფის კლასიფიკაცია. იმის დასადგენად კი, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნება მორფი, გამოიყენება ჩანაცვლების მეთოდი. მაგ., ავიღოთ არსებითი სახელი ქუდი და მოვახდინოთ მისი სეგმენტაცია – ეს სიტყვა ასე დაიშლება: ქუდ–ი. სეგმენტაციის შედეგად მიღებული ლექსიკური მორფი არის ქუდ-, ხოლო გრამატიკული მორფი –ი. ჩავანაცვლოთ ეს უკანასკნელი სხვა მორფით, მაგ. –იან. შედეგად მივიღებთ ახალ მორფს ქუდ–იან. მორფები ქუდ და ქუდიან, გარდა იმისა, რომ განსხვავებულ შინაარსს გადმოსცემენ, სხვადასხვა მეტყველების ნაწილებს მიეკუთვნებიან (ქუდი არსებითი სახელია, ქუდიანი კი ზედსართავი სახელი), მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ლექსიკური შინაარსის მატარებელ მორფებს წარმოადგენენ, კლასიფიცირდებიან, როგორც ლექსიკური მორფები, ხოლო –იან კვალიფიცირდება, როგორც დერივაციული მორფი. თუ –ი მორფს ჩავანაცვლებთ –ით მორფით, ეს ჩანაცვლება არ გამოიწვევს ლექსიკური მორფის შინაარსობრივ ცვლილებას, რის გამოც ორივე მორფი (–ი და –ით) კლასიფიცირდება როგორც ფლექსიური მორფი.
ავიღოთ სიტყვა ქუდიანებისთვის და მოვახდინოთ მისი სეგმენტაცია: ქუდ–იან–ებ–ის–თვის. წინამდებარე მსჯელობის გათვალისწინებით, თითოეული მორფი ამგვარად კლასიფიცირდება:
როგორც სეგმენტაციიდან ჩანს, გრამატიკული მორფები განსხვავებულ კლასებს წარმოადგენენ: –იან დერივაციული მორფია, –ებ, –ის და –თვის კი ფლექსიური. პოზიციონირების თვალსაზრისით, დერივაციული მორფი ყველაზე ახლოს დგას ლექსიკურ მორფთან და ეს გასაგებიც არის: ლექსიკურ მორფთან კომბინაციის შედეგად იგი წარმოქმნის ახალი ლექსიკური ერთეულის მორფს: ქუდიან. ამიტომ მორფემათა ჯაჭვში –იან მორფი ლექსიკურ მორფთან – ქუდ – ერთად განთავსდება. შდრ.:
[[{ქუდ}–ებ]–ის]–თვის
[[{ქუდ-[იან]}–ებ]–ის]–თვის
მორფების ამ ჯაჭვში ფლექსიური მორფები შემთხვევითობის პრინციპით არ არიან დალაგებული – ისინი თანმიმდევრობის მკაცრად დადგენილ წესებს ემორჩილებიან. სიტყვა გრამატიკულ კატეგორიათა იერარქიულობის მიხედვით არის სტრუქტურირებული; ანუ იმისდა მიხედვით, თუ რომელ გრამატიკულ კატეგორიას წარმოადგენენ ფლექსიური მორფები, გრამატიკულ კატეგორიათა იერარქიულობის დადგენა შეიძლება:
• ლექსიკურ მორფს უშუალოდ ერთვის გრამატიკული რიცხვის გამომხატველი მორფი –ებ,
• მას მოსდევს ბრუნების კატეგორიის გამომხატველი ბრუნვის ნიშანი –ის.
შესაბამისად, რიცხვის გრამატიკული კატეგორია იერარქიულად უფრო მაღალი რანგის კატეგორიას წარმოადგენს, ვიდრე ბრუნების.
ბრუნების გრამატიკული კატეგორიის გამომხატველ მორფს მოსდევს თანდებული –თვის, რომელიც სინტაქსურ დონეზე არაძირითადი აქტანტების – უბრალო დამატების, დანიშნულების ან მიზნის გარემოების გამოსახატავად გამოიყენება.
რა განსხვავებაა –ის და –თვის მორფებს შორის? –ის პირველადი ბრუნვის, ნათესაობითის ნიშანია, –თვის თანდებული კი პირველად ბრუნვას დაერთვის და კვალიფიცირდება, როგორც მეორადი ანუ თანდებულიანი ბრუნვა. –თვის თანდებულის გამოყენება ნათესაობითი ბრუნვის ფორმის გამოყენებას გულისხმობს – ამ უკანასკნელის გარეშე იგი ვერ რეალიზდება. ამიტომ, იგი უნდა განვიხილოთ, როგორც ზედნაშენი ბრუნვა. შესაბამისად, ბრუნების გრამატიკული კატეგორიის რანგში პირველადი ბრუნვები იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე განთავსდებიან, ვიდრე ზედნაშენი (ანუ თანდებულიანი) ბრუნვები.
განვავრცოთ საანალიზო სიტყვა მარჯვნივ:
[ [ [ [ქუდ–[იან]]–ებ]–ის]–თვის] – ა – ც
თანდებულის მომდევნო პოზიციას დაიკავებს ნაწილაკი, რომელსაც პრაგმატულ დონეზე ფოკუსის გამოხატვის ფუნქცია ეკისრება. თანდებულიან ფორმაზე ც-ნაწილაკის დართვა ობლიგატორული ა-მავრცობის გაჩენას იწვევს: ქუდიან–ის–თვის–ა-ც. სულ ბოლო პოზიცია მორფთა ამ ჯაჭვში სხვათა სიტყვის –ო–ს უჭირავს, მაგრამ ვინაიდან იგი სინტაქსური დონის ელემენტს წარმოადგენს, ამ ეტაპზე არ განვიხილავთ. გარდა ამისა, სხვათა სიტყვის –ო , მართალია მხოლოდ მოცემულ სიტყვას დაერთვის, მაგრამ მთლიანი სინტაქსური კონსტრუქციის მარკირებას ახდენს და სხვა რიგის ელემენტს წარმოადგენს.
იერარქიულობის თვალსაზრისით, იერარქიულ სკალაზე გრამატიკულ კატეგორიებში ყველაზე მაღალი პოზიცია რიცხვის გრამატიკულ კატეგორიას უჭირავს, მას მოსდევს ბრუნების კატეგორია (პირველადი და ზედნაშენი ბრუნების პარადიგმიდან), სულ ბოლოს კი პრაგმატული დონის კატეგორია – ფოკუსი:
მორფებისა და შესაბამისად, გრამატიკული კატეგორიების იერარქიული სტრუქტურა ასეთ სახეს მიიღებს:
სიტყვის გაანალიზების ამ ხერხს უშუალო შემადგენლების (უშუალო კონსტიტუენტების) ანალიზი ეწოდება (IC-Analyse = Immediate Constituent Analyse) და ძირითადად სინტაქსში (კონსტიტუენტების გრამატიკის ფარგლებში) გვხვდება, თუმცა იგი საკმაოდ წარმატებით გამოიყენება მორფოლოგიაშიც.