დიგიტალური ჰუმანიტარია (digital humanities) ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ინფორმატიკის მიჯნაზე აღმოცენებული სამეცნიერო დარგია, რომელიც კვლევის დროს სისტემატურად იყენებს დიგიტალურ (ციფრულ) რესურსებსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ჰუმანიტარულ დარგებსა და კულტუროლოგიაში თეორიული კვლევების საწარმოებლად.
დიგიტალური ჰუმანიტარია ინტერდისციპლინურ დარგს წარმოადგენს და ამ დარგში მომუშავე მკვლევარისაგან მოითხოვს როგორც ჰუმანიტარულ მეცნიერებებში თეორიულ ცოდნას, ისე ინფორმატიკის საბაზისო და სტანდარტული კვლევითი მეთოდებისა და საშუალებების ფლობას. კორპუსლინგვისტიკის გარდა დიგიტალური ჰუმანიტარია მოიცავს კვლევის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ე.წ. კრიტიკული დიგიტალური რედაქციების შექმნა, ტექსტის კვანტიტატიური ანალიზის საკითხები, მონაცემთა კომპლექსური სტრუქტურების ვიზუალიზაცია, თეორია დიგიტალური მედიების შესახებ და ა.შ.
დიგიტალური ჰუმანიტარიის სინონიმად ინგლისურენოვან სამყაროში გამოიყენება ტერმინი e-Humanities. ორივე ინგლისური ტერმინი – digital humanities და e-Humanities – ახლად დანერგილი ტერმინებია და ჩაენაცვლა მანამდე არსებულ და ამჟამად მოძველებულ ტერმინებს computing in the humanities და humanities computing. დიგიტალური ჰუმანიტარიის სინონიმად ქართულში გამოიყენება ტერმინი ციფრული ჰუმანიტარია.
დიგიტალური ჰუმანიტარიის წარმოშობის აუცილებლობა თავად ჰუმანიტარული მეცნიერების შიგნით მიმდინარე კვლევითი პროცესის ტექნოლოგიზებით იყო განპირობებული, რამაც კვლევის კვანტიტატიური და კვალიტატიური ასპექტები ერთ სიბრტყეში მოაქცია. დიდი მოცულობის ემპირიული რესურსების (big data) სწრაფი დამუშავების აუცილებლობამ, ერთი მხრივ, და მონაცემთა სისტემური დამუშავების – კლასტერული ანალიზის (cluster analysis) ავტომატიზების შესაძლებლობამ, მეორე მხრივ, სრულიად ახალი პერსპექტივები გაუხსნა ჰუმანიტარული მეცნიერების ისეთ დარგებს, როგორიცაა ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ფილოსოფია, ისტორიოგრაფია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, მუსიკათმცოდნეობა, კულტუროლოგია.
ემპირიული კვლევის დესკრიფციული პერსპექტივა აუცილებლობით გულისხმობს ინდუქციურ გზას დიდი მოცულობის მონაცემებიდან (რაოდენობრივი სიგნიფიკატურობა) თეორიულ პოსტულატებამდე (სამეცნიერო პოსტულატების ავტომატური გენერირება).
პირველი მახასიათებელი, ანუ რაოდენობრივი სიგნიფიკანტურობა, იძლევა ფენომენების აღწერის (Description) ადეკვატურობის ყველაზე მაღალ ხარისხს და დამოკიდებულია ენობრივი მონაცემების დამახსოვრების ფიზიკური საშუალებების ტექნოლოგიურ პროგრესზე; მეორე მახასიათებელი, ანუ თეორიული პოსტულატების ავტომატური გენერირება, კი იწვევს სამეცნიერო დარგების „შიგნიდან“ ევოლუციას და აჩქარებს დარგის განვითარებას: ფაქტებისა და მოვლენების (ანუ სამეცნიერო ფენომენების) ახსნის (Explanation) ადეკვატურობის უმაღლესი ხარისხი სტატისტიკურად გამყარებულ და სისტემურად განპირობებულ ახალ თეორიებს წარმოშობს. დიგიტალური რესურსი თავად „ლაპარაკობს“ მათემატიკის ენაზე; იგი რეაგირებს იმავე ტიპის ალგორითმებზე, რომელზეც რეაგირებს ხელოვნური სხივი ლაზერად გარდაქმნის დროს; მას „ესმის“ იგივე რეგულარული ფუნქციები, რომელიც ბუნებრივია კვანტურ მექანიკაში და თავად „გამოჰყავს“ „თეორიული ფორმულა“ – ქმნის ემპირიულ თეორიას. ინტერდისციპლინური კვლევების თანამედროვე ეპოქაში არ დასტურდება საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული დარგების ისეთი მძლავრი ურთიერთჭდომა, როგორიც ჰუმანიტარული მეცნიერებების ტექნოლოგიური საშუალებებით კვლევის დამოუკიდებელ დისციპლინებად განვითარების შემთხვევაში მოხდა.
ინტერდისციპლინური შინაარსის მატარებელი ცნება „დიგიტალური ჰუმანიტარია“ დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბების გზაზე ჩვეულ საფეხურებს გადის: საკვლევი პროგრამიდან ავტონომიური დისციპლინისაკენ. მიუხედავად სიახლისა, დიგიტალურმა ჰუმანიტარიამ ახალი პრობლემების დასმისა და მეთოდური ინსტრუმენტებისა შექმნის არნახული შესაძლებლობები გამოავლინა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვეთის ახალი, მოდიფიცირებული განზომილება შექმნა. სწორედ ამგვარ განზომილებას წარმოადგენს ენათმეცნიერების „გაციფრების“ შედეგად აღმოცენებული დარგი კორპუსლინგვისტიკა.
ოპერირებს რა პრედიკატული ლოგიკის მკაცრ ჩარჩოებში, კორპუსლინგვისტიკამ შემოიტანა ენის სტრუქტურული განვითარების დინამიკის ფუნდამენტურად ახლებური აღქმა, რომელიც სრულიად განსხვავდება ტრადიციული აღქმისაგან დესკრიფციულ ან თეორიულ გრამატიკებში.
კორპუსლინგვისტიკა ცვლის ტრადიციულ წარმოდგენას ენათმეცნიერებაზე და ენათმეცნიერის პროფესიაზე. კორპუსლინგვისტიკა ახლებური ხედვისა და უნარ-ჩვევების საჭიროების წინაშე აყენებს თითოეულ ადამიანს, რომელიც თანამედროვე ეპოქაში რაღაც ფორმით იკვლევს ენას. წინამდებარე ლინგვისტური პორტალი მიზნად ისახავს თქვენს დარწმუნებას კვლევის დიგიტალური ფორმების უპირატესობაში, თეორიული ბაზისის მომზადებას დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებისათვის და რაც მთავარია, ადამიანური რესურსების – ქართველოლოგთა ახალი თაობის დაინტერესებას დიგიტალური ქართველოლოგიით.