მეთოდი ფუნქციურ გრამატიკაში

მეთოდი, ზოგადად, არის წინასწარ დაგეგმილი სამეცნიერო ოპერაცია, რომელსაც მეცნიერება გამოიყენებს საკვლევი ობიექტის შესახებ არსე­ბუ­ლი წარმოდგენების სისტემური შემოწმების მიზნით. მეთოდი წარმოად­გენს დასაბუთების ხერხს, ერთგვარ ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს მეცნიერულად აღვწეროთ ფაქტები და დამაჯერებლად დავასაბუთოთ მათ შორის არსებული ლოგიკურ-ფორმალური მიმართებები.

ენობრივი ანალიზის დროს, უპირველეს ყოვლისა, მივმართავთ დანაწევრებას. მაგალითად, წინადადებას ვშლით შემადგენელ ნაწილებად. ეს პროცესი, ანუ წინადადების დაშლა შემადგენელ ნაწილებად – ქვეწი­ნადადებებად, ფრაზებად, სიტყვებად – ერთი შეხედვით, მარტივ ამოცანას წარმოადგენს. მთავარია, გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ წინადა­დება არ არის სიტყვების უბრალო ნაკრები, წინადადებაში სიტყვები გარკვეულ სინტაქსურ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან, ანუ ჯგუფდე­ბიან; დაჯგუფებული სიტყვების ჯაჭვი სინტაქსურ ბმულობას ამჟღავნებს წინადადებაში მოცემულ სხვა დაჯგუფებად სიტყვათა ჯაჭვთან ან სიტყვათა ჯაჭვებთან, რომელთან ერთადაც საბოლოო ჯამში ქმნის წინადადების სტრუქტურას. მაგ., ავიღოთ ასეთი წინადადება: სალომემ, როგორც ჩანს, პარკში წაიყვანა ექვსი წლის გიგა ბაბუის ნაჩუქარი ველოსიპედით. ამ წინადადებაში, თუნდაც ინტუიციურ დონეზე, ადვილად გამოვყოფთ სიტყვათა რამდენიმე ჯგუფს:

პარკში წაიყვანა“,

ექვსი წლის გიგა“,

ბაბუის ნაჩუქარი ველოსიპედით“,

სალომემ წაიყვანა“,

გიგა წაიყვანა“,

როგორც ჩანს.

მაგრამ როგორ შევამოწმოთ, სწორია თუ არა ჩვენი ანალიზი? იმის დასადგენად, წინადადებაში სიტყვათა ჯგუფები ადეკვატურად არის თუ არა გამოყოფილი, საჭიროა მეთოდურად დავასაბუთოთ, ერთი მხრივ, მათი არსებობა (მოვახდინოთ ამ ჯგუფების ლეგიტიმურობა) და მეორე მხრივ, აღვწეროთ მათი, როგორც წინადადების სრულფასოვანი წევრების, ფუნქცია წინადადებაში. ამ მიზნით რამდენიმე ტესტი გამოიყენება თანამედროვე ლინგვისტიკაში: სეგმენტაცია და კლასიფიკაცია, სუბს­ტიტუცია, პერმუტაცია, ელიმინირება, კოორდინაცია, პრონომინალიზაცია, ოპერაციონალიზაცია და კითხვის დასმა (იხ. კრისტა დურშაიდი).

კვლევის დასახელებული მეთოდების გამოყენებას რამდენიმე არსებითი უპირატესობა გააჩნია – იგი საშუალებას გვაძლევს

 ა) კვალიფიკაცია მივცეთ წინადადების შემადგენელ ნებისმიერ ელემენტს ან ელემენტთა ჯგუფს, და

ბ) გადავამოწმოთ ტესტის გამოყენებით მიღებული შედეგების სისწორე.

ტესტის შედეგად მიღებული ახალი წინადადება უნდა აკმაყოფი­ლებდეს გარკვეულ პირობებს. ტესტის შედეგად მიღებული დასკვნა მისაღებია, თუ:

  1. წინადადება ინარჩუნებს გრამატიკულ „სისწორეს“;
  2. შინაარსობრივად არ იცვლება წინადადებით გადმოცემული აზრი;
  3. ძალაში რჩება წინადადების შემადგენელ ელემენტთა შორის არსებული ლოგიკური მიმართებები.

აქ ჩამოთვლილ ტესტებს, რომლებიც საყოველთაოდ არის მიღე­ბული თანამედროვე ენათმეცნიერებაში, ქვემოთ დაწვრილებით განვიხი­ლავთ და, ჩვენი მხრივ, განვავრცობთ ორი დამატებითი თემით – სკოპუსი და სინტაქსური ტრანსფორმაცია (პერიფრაზი).