პრედიკაცია

ნებისმიერი აზრი, რომელსაც ჩვენ ენობრივ დონეზე წინადადების ფორმით გადმოვცემთ, უპირველეს ყოვლისა, შეიცავს პრედიკაციას. პრედიკაცია კომპლექსური ფენომენია, ქმნის აზრის (და შესაბამისად, აზრის ენობრივი რეალიზაციის) საყრდენს და ენის რამდენიმე დონეზე რეალიზდება:

ა) აბსტრაქტულ-სემანტიკური დონე

პრედიკაცია არის ქმედების გარკვეული სახე, რომელიც ენის აბსტრაქტულ სემანტიკურ დონეზეა მოცემული და აღნიშნავს მოქმედების სუბსტანციალურ სახეს: წერას, ჯდომას, ცხოვრებას, როგორც ასეთს.

ბ) ლოგიკურ-სემანტიკური დონე

პრედიკაცია ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე განიხილება როგორც მიმართებების ჯამი, რომელიც აუცილებელი და საკმარისია იმისათვის, რომ მოხდეს აბსტრაქტულ-სემანტიკურ დონეზე მოცემული პრედიკაციის გადმოცემა.

გ) სინტაქსური დონე

ენობრივ რეალიზაციას პრედიკაცია სინტაქსურ დონეზე განიცდის – ლოგიკურ-სემანტიკური დონის პრედიკაცია წინადადებაში ზმნითა და მასთან ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე აუცილებელი და საკმარისი მიმართებების სინტაქსური რეალიზაციის ფორმით – წინადადების სტრუქტურით გადმოიცემა.  პრედიკაცია, პრედიკაციის გადმომცემი ზმნის სემანტიკიდან გამომდინარე, ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე თავის თავში მოიცავს მიმართების სხვადასხვა სახეს:

1. პრედიკაციის წყაროს, ანუ მოქმედების შემსრულებელს (მაგ.: წერს),

2. მოქმედების ინიციატორს მაგ.: აწერინებს),

3. მოქმედების განმცდელს (მაგ.: სცივა),

4. მოქმედების ობიექტს (მაგ.: იწერება),

5. პრედიკაციის ადრესატს (მაგ.: მეწერება),

6. მოქმედების პრედიკაციის საგანს (მაგ.: წერია),

7. პრედიკაციის ლოკალურ გარემოს (მაგ.: თბილისში ცხოვრობს),

8. პრედიკაციის ვითარების გარემოს (მაგ.: კუდამოძუებული გაიქცა) და ა.შ.

შესაბამისად, სინტაქსურ დონეზე წინადადების სტრუქტურას ანუ აუცილებელ და საკმარის წევრთა პოვნიერებას ზმნის ლოგიკურ-სემანტიკური პრედიკაცია განაპირობებს. ე.ი. წინადადების წევრთა პოვნიერება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სემანტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება პრედიკაციის გადმომცემი ზმნა. მაგალითად, პრედიკაცია „წერა“ აუცილებლობით მოითხოვს მოქმედების შემსრულებელს, ანუ იმას, ვინც წერს და მოქმედების ობიექტს, ანუ იმას, რაც იწერება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზმნასთან დაკავშირებული ორივე აქტანტი (წინადადების მთავარი წევრები – სუბიექტიც და ობიექტიც) სემანტიკური სელექციის შედეგად შეირჩევა, ანუ სუბიექტად მოიაზრება პოტენციური „მწერალი“ (სუბიექტთა ის სიმრავლე, ვინც შეიძლება განახორციელოს ქმედების ეს სახე – „წერა“), ხოლო ობიექტად – პოტენციურად „დაწერადი“ (ობიექტთა ის სიმრავლე, რომელიც შეიძლება „დაიწეროს“). რაც შეეხება პრედიკაციის დანარჩენ მიმართებებს (პრედიკაციის ადრესატს, პრედიკაციის ლოკალურ გარემოს და ა.შ.), იგი შეიძლება იყოს წარმოდგენილი წინადადებაში, მაგრამ მისი პოვნიერება აუცილებელი არაა.

დ) მორფოსინტაქსური დონე

პრედიკაციის ენობრივი რეალიზაცია ზმნის კონკრეტული ფორმით გადმოიცემა. ზმნის კონკრეტული ფორმა პრედიკაციის სინტაქსური სტრუქტურით არის განპირობებული და მორფოსინტაქსური ნიშნების მეშვეობით გადმოიცემა. მაგ.: პრედიკაცია „მიწერა“ წინადადებაში მორფოსინტაქსურ დონეზე კონკრეტულ მწკრივში და კონგრუენციის (ურთიერთგანპირობებული შეთანხმების) კონკრეტული წესების მიხედვით რეალიზდება:

15

მორფოსინტაქსური წესების რეალიზაცია მოცემულია შემდეგ სქემაში:

15

პრედიკაცია, ზემოთ აღწერილი დონეებისდა შესაბამისად, განსხვავებულ ცნებებში და მიმართებათა ამსახველ დეფინიციებში გადმოიცემა:

1. აბსტრაქსულ-სემანტიკურ დონეზე მოცემული პრედიკაციის ენობრივი რეალიზაცია მოცემულია საწყისის ფორმაში: მაგ.: წერა, ჯდომა, ხატვა, ცხოვრება, ჯანჯღარი, ტირილი, სიკვდილი.

2. ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე მოცემულია პრედიკაციის მიმართებები სემანტიკური როლების მიხედვით: მოქმედების შემსრულებელი (აგენსი), მოქმედების განმცდელი (იქსპირიენსი), მოქმედების ობიექტი (პაციენსი), მოქმედების ადრესატი (რეციპიენსი) და ა.შ.

3. სინტაქსურ დონეზე პრედიკაცია გადმოცემულია წინადადების შემასმენლითა და მასთან ლოგიკურ მიმართებაში არსებული სხვა წევრებით (ქვემდებარე, დამატება, გარემობა), რომელიც შეიძლება მარტივი (ცალკეული სიტყვით) ან რთული კონსტრუქციით (სინტაქსური ფრაზა) იყოს რეალიზებული.

4. მორფოსინტაქსურ დონეზე პრედიკაციის რეალიზება შეზღუდულია ზმნის კონკრეტული ფორმით და მასთან წინადადების წევრთა შეთანხმების წესებით. მაგ.:  პრედიკაცია „წერა“ პირველი სერიის აწმყოს მწკრივში მოითხოვს სუბიექტს სახელობით ბრუნვაში, ნამყოს მწკრივში – მოთხრობით ბრუნვაში, ხოლო პირველ თურმეობითში – მიცემით ბრუნვაში.

მიაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ აბსტრაქტულ სემანტიკური პრედიკაცია და ლოგიკურ-სემანტიკური პრედიკაცია ერთმანეთისაგან კითხვის დასმის მეთოდითაც შეგვიძლია გავმიჯნოთ:

15

ქვემოთ ჩვენ შევეცდებით ქართული ენის ლექსიკურ-ფუნქციური გრამატიკის ფარგლებში წარმოვადგინოთ ქართული ზმნის კლასიფიკაციის პრინციპები, რომელიც ზმნის პრედიკაციის ფენომენს ეყრდნობა, ენობრივ დონეზე რეალიზებული ზმნის კომპლექსური ანალიზის საშუალებას იძლევა და სრულიად ახალ პერსპექტივებს ხსნის ქართული ზმნის ანალიზის თვალსაზრისით არა მარტო თეორიულ, არამედ პრაქტიკულ დონეზე.