საკომუნიკაციო აქტის კატეგორიზაცია – პროპოზიცია, ილოკუცია, პერლოკუცია

 

საკომუნიკაციო აქტის პროცესში კომუნიკატორები ცდილობენ არა მარტო ობიექტურად არსებული ფაქტები და მოვლენები აღწერონ, არამედ მიაღწიონ გარკვეულ მიზანს – საკომუნიკაციო აქტში მონაწილე აქტიორ(ებ)ი, ანუ ადრესატ(ებ)ი დააჯერონ, დაარწმუნონ, უბრძანონ, განაცხადი გაა­კეთონ, პირობა დადონ, ვალდებულება აიღონ და ა.შ.

საკომუნიკაციო აქტის თეორიის შემქმნელი, ბრიტანელი ფილოსო­ფოსი ჯონ ოსტინი (John Langshaw Austin), საკომუნიკაციო აქტის სამ კატეგორიას განასხვავებს ერთმანეთისგან:

15

ლოკუცია, ჯ. ოსტინის მიხედვით, არის რაღაცის თქმის პროცესი („saying something ‘in the full normal sense“), რომელიც სამი ნაწილისგან შედგება:

1. ფონეტიკური აქტი ანუ ფონემებისაგან შემდგარი ჯაჭვის – სიტყვების გენერირება, რომელიც რომელიმე ენის ფარგლებში ხორციელდება;

2. მოცემული ენის მორფოსინტაქსური წესების მიხედვით ამ სიტყვებისაგან წინადადების გენერირება;

3. წინადადების ისე გაფორმება, რომ იგი ობიექტურ რეალობაში მოცემულ ფაქტს, მოვლენას, პროცესს მიემართებოდეს და დას­რუ­ლებულ აზრს გადმოსცემდეს.

ჯონ როჯერს სერლი (John Rogers Searle) საკომუნიკაციო აქტის ოთხ კატეგორიას გამოყოფს:[1]

15

ჯ. ოსტინისაგან განსხვავებით ჯ. სერლი ერთმანეთისაგან განასხვავებს (წარმო)თქმასა და პროპოზიციას (შდრ.: ოსტინის კატეგორიზაციაში გამოყენებული ლოკუცია, რომელიც ორივეს ფარავს). პირველ კატე­გო­რიაში ჯ. სერლი განიხილავს საკომუნიკაციო აქტს, რომელიც ფიზიკურ-აკუსტიკური სიგნალისაგან შედგება და რომელიც სულაც არ არის აუცილებელი, რომ გარკვეულ შინაარსს გადმოსცემდეს. მაგ., შორისდებუ­ლები აუ, ვა, ჰმ გამოიყენება განცდების გადმოსაცემად – ისინი პროპოზი­ციული, ანუ კონკრეტული ინფორმაციული შინაარსისაგან დაცლილი, რეფლექსების გამომხატველი ოდენობებია და მათი გამოყენება ინფორმაციის გაცვლა-გადაცემას არ ისახავს მიზნად. ასეთ შემთხვევაში საკომუნიკაციო აქტის მიზანი არ არის ინტერაქცია, იგი არ არის მსმენელზე ორიენტი­რებული აქტი. იგი მთქმელის დამოკიდებულების გადმოცემას ისახავს მიზნად და არა ობიექტურ რეალობაში არსებული ფაქტის, მოვლენის ან სიტუაციის  აღწერას.

პროპოციზია ჯ. სერლის საკომუნიკაციო აქტის თეორიაში (Theory of speech act) გაგებულია როგორც საკომუნიკაციო აქტის შინაარსი, რომელიც მიემართება/ასახავს რეალურ სამყაროს – რეალურ ან წარმოსახვით ობიექტს (ფაქტს, მოვლენას, პროცესს). პროპოზიციები შეიძლება გადმოი­ცეს მარტივად, ერთი სიტყვის მეშვეობით (მაგ., იწვიმებს) ან რთული სინტაქსური კონსტრუქციით: ხვალ იწვიმებს; ხვალ ძლიერ იწვიმებს; ამინდის ბიურომ გადმოსცა, რომ ხვალ ძლიერ იწვიმებს და ა.შ. 

პროპოზიციულ საკომუნიკაციო აქტს შესაძლოა ახლდეს სპეცი­ფიკაცია. ამგვარი საკომუნიკაციო აქტის შინაარსი არა მარტო აღწერს ობი­ექტურ სამყაროში არსებულ ფაქტს, მოვლენას, პროცესს, არამედ მთქმე­ლის პოზიციას მასთან (ფაქტთან, მოვლენასთან, პროცესთან) მიმართებით.

შდრ.:

15

ამგვარი საკომუნიკაციო აქტი განიხილება, როგორც ილოკუციური აქტი – რეალობის ობიექტურ ენობრივ აღწერას დაერთვის ილოკუციური სპეციფიკაცია.

ილოკუცია არის საკომუნიკაციო აქტის ძირითადი მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მთქმელი – გამოხატოს სუბიექტური დამოკიდე­ბუ­ლება საკომუნიკაციო აქტის ობიექტისადმი – აღფრთოვანება, სიხარული, მწუხარება, დანანება. ილოკუციური აქტის მიზანია ინტერაქციის განხორციელება. ილოკუციური აქტი არის პროპო­ზიციული აქტი, რომელიც დამატებით შეიცავს ინტენციას (განზრახვას).

15

შინაარსობრივი და იერარქიული დამოკიდებულება ამ სამ კატეგორიას შორის ამგვარად შეგვიძლია წარმოვადგინოთ:

15

ანუ

15

ილოკუციის შემთხვევაში ერთმანეთისაგან განასხვავებენ ილოკუციის გადმოცემის ექსპლიციტურ და  იმპლიციტურ შემთხვევებს. ზემოთ მოყვანილი წინადადებები ა) მიხარია, რომ იწვიმებს; ბ) რა ცუდია, რომ ხვალ იწვიმებს; გ) ვშიშობ, რომ ხვალ იწვიმებს; დ) დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ იწვიმებს; ე) თქვენ ფიქრობთ, რომ ხვალ იწვიმებს?!  ვ) წარმოგიდგენია, ხვალაც იწვიმებს?! ექსპლიციტურად გადმოცემული ილოკუციის მაგალითებია.

საკომუნიკაციო აქტი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ილოკუ­ციუ­რი აქტი მაშინაც, როდესაც იგი ექსპლიციტურად არ არის გადმოცე­მული წინადადებაში. საანალიზოდ განვიხილოთ წინადადება „ძალიან დავიღალე“.

იმის მიხედვით, თუ როგორია მთქმელის ინტენცია – რისი გადმო­ცემა სურს მას, ანუ რა მიზნით არის იგი წარმოთქმული, – შეგვიძლია მოცემულ წინადადებას განსხვავებული ინტერპრეტაცია მივანიჭოთ. მთქმელის განზრახვის დასადგენად განვიხილოთ პროპოზიცია „ძალიან დავიღალე“ ოთხი კრიტერიუმის მიხედვით: კონტექსტი,  განზრახვა, მნიშვნელობა და აქტის სახე.

პროპოზიცია: ძალიან დავიღალე

15

იმის გათვალისწინებით, თუ რა მიზანს ემსახურება მთქმელის მიერ წარმოთქმული ფრაზა/წინადადება, ჯ. სერლი ილოკუციური აქტის ხუთ ქვეტიპს გამოყოფს:

• (და)მადასტურებელი ილოკუცია (assertive illocution) – მისი მიზანია საკომუნიკაციო აქტში მონაწილე აქტიორ(ებ)ის დაჯე­რება, დარწმუნება რეალობის სხვადასხვა ხარისხის გათვალის­წინებით. მაგ.:

• აღმოჩნდა, რომ, …

• გაირკვა, რომ

• როგორც დადასტურდა, …

• განკარგულებითი ილოკუცია (directive illocution) – საკომუ­ნიკაციო აქტის მიზანია მსმენელის გააქტიურება, მოქმედების გამოწვევა. მაგ.:

• გთხოვთ, …

• გეკითხებით, …

• მიპასუხეთ…

• გიბრძანებთ, …

• ვალდებულებითი ილოკუცია (directive illocution) – მთქმელი ვალდებულებას იღებს, მომავალში განახორციელოს რაიმე ტი­პის ქმედება. ამ აქტს ახლავს მთქმელის მხრიდან თავისუფალი ნება.

• ვფიცავ, …

• გპირდები, …

• გარანტიას გაძლევთ, …

• პირობას ვდებ, …

• ექსპრესიული ილოკუცია (expressive illokution) – მთქმელი გამოხატავს თავის ემოციურ დამოკიდებულებას პროპოზიციი­სადმი (მადლიერება, მილოცვა, ბოდიშის მოხდა, თანაგრძნობის გამოხატვა, მისამძიმრება). მაგ,:

• გმადლობთ, რომ … / მადლიერება მინდა გამოვხატო …

• გილოცავთ …

• ბოდიში, რომ …

• უკაცრავად, …

• ვწუხვარ …

• მუქარის / გინების ფორმულებით გაფორმებული გამოთქმები;

• დეკლარაციული ილოკუცია (declarative illokution) – საკო­მუნიკაციო აქტი დეკლარირების გადმოსაცემად (განცხადების გაკეთება, სხდომის გახსნა, ოფიციალური წერილის დასაწყისი, იურიდიული ხელშეკრულების ფორმულები და ა.შ.)

• ვაცხადებ, რომ …

• სხდომა/ფესტივალი/კონკურსი გახსნილად ცხადდება!

• ვიწყებთ კლასიკური მუსიკის კონცერტს!

• განაჩენი მიღებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

• თავს ვალდებულად ვთვლი, გაცნობოთ, რომ …

• ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი …

ილოკუციურ აქტს შეიძლება ახლდეს საგანგებო სპეციფიკაცია, რომელიც არა მარტო გამოხატავს მთქმელის დამოკიდებულებას და მიზანს პრო­პოზიციისადმი, არამედ გარკვეულ მოლოდინსაც, რომელიც ილოკუციურ აქტს შეიძლება მოჰყვეს. ასეთ აქტს პერლოკუციური აქტი ეწოდება.

პერლოკუცია ილოკუციური აქტის სპეციალური სახეა. ისევე როგორც, ილოკუცია, პერლოკუციაც შეიძლება ექსპლიციტურად (ლექ­სიკურ ან სინტაქსურ-პრაგმატულ დონეზე) ან იმპლიციტურად იყოს გადმოცემული. მაგ.:

1. მადასტურებელი პერლოკუციის შემთხვევაში მთქმელი ელოდება, რომ მას დაუჯერებენ.

მაგ.:

ა) ექსპლიციტურად გამოხატული პერლოკუცია გადმოცემული ხომ ან მაშ  ნაწილაკით:

• „საბოლოოდ ხომ დადასტურდა თვითმხილველთა მიერ, რომ…“

შდრ. ილოკუციურად გადმოცემული ფაქტი წინადადებაში: „თვითმხილველთა მიერ დადასტურდა, რომ…“

• „მაშ რა გეგონათ?“ (პერიფრაზი: როგორ იფიქრეთ, რომ …/ ნუთუ გჯეროდათ, რომ …“)

ბ) იმპლიციტურად გამოხატული პერლოკუცია:

• „სხვა რამეს ელოდით?!“

შდრ. პერიფრაზი: ეს (ხომ) მოსალოდნელი იყო, რომ …“

2. განკარგულებითი პერლოკუციის შემთხვევაში მთქმელი ელოდება, რომ შესრულდება მის მიერ გაცემული განკარგულება;

მაგ.:

ა) ექსპლიციტურად გამოხატული პერლოკუცია (გადმოცემული მოდალური ფრაზით ყოველი მიზეზის გარეშე და მოდალური ნაწილაკით უნდა):

• „ყოველი მიზეზის გარეშე უნდა მომიტანოთ გამოკვლევის შედეგები“

ბ) იმპლიციტურად გამოხატული პერლოკუცია გადმოცემული კითხვითი წინადადებით:

• „მომიტანენ გამოკვლევის შედეგებს?“

შდრ. პერიფრაზი: „მე ველოდები, რომ ბოლოსდაბოლოს მომიტანენ გამოკვლევის შედეგებს“.

შდრ. ილოკუციურად გადმოცემული განკარგულება:

• „მომიტანეთ გამოკვლევის შედეგები!“

ან

შდრ. ექსპლიციტური პერლოკუცია (შესაფერისი ინტონაციით წარმოთქმული):

• „იქნებ მომიტანენ შედეგებს!“

3. ვალდებულებითი პერლოკუციის შემთხვევაში მთქმელი ელოდება, რომ მისგან მოელიან აღებული ვალდებულების შესრულებას:

• „მერწმუნეთ, არ დაგაღალატებთ“;

 

4. ექსპრესიული პერლოკუციის, მაგალითად, ქების შემთხვევაში მთქმელი ელოდება, რომ გაუხარდება მას, ვისაც აქებენ.

ა) ექსპლიციტურად გადმოცემული პერლოკუცია:

 • „თქვენ ხომ არაჩვეულებრივად ქარგავთ!“

ბ) იმპლიციტურად გადმოცემული პერლოკუცია:

• „არაჩვეულებრივი ნაქარგია!“

5. დეკლარაციული პერლოკუციის შემთხვევაში, მაგალითად, სხდომის გახსნის დროს, მთქმელი ელოდება, რომ კომუნიკატორები (საკომუნი­კა­ციო აქტის მონაწილე აქტიორები, ანუ სხდომის წევრები) შესაბა­მისად მოიქცევიან – გამორთავენ მობილურ ტელეფონებს, გადაშლიან სხდომის მასალებს და მოემზადებიან სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.

ა) ექსპლიციტურად გამოხატული პერლოკუცია:

• „ყურადღება, სხდომას გახსნილად ვაცხადებ!“

• „ჩუ, ბავშვს სძინავს!“

• „ფრთხილად, კარები იკეტება!“

ბ) იმპლიციტურად გამოხატული პერლოკუცია:

• „ეზოში ავი ძაღლია!“

შინაარსობრივი და იერარქიული დამოკიდებულება საკომუნიკაციო აქტის კატეგორიებს შორის ამგვარი სახისაა:

15

ანუ


15

15 

საკომუნიკაციო აქტი, როგორც წესი, პერლოკუციურ აქტს წარმო­ად­გენს – მთქმელის მოტივაცია საკომუნიკაციო აქტში არა მარტო ფაქტე­ბის, მოვლენებისა და პროცესის აღწერა-კონსტატაციაა, არამედ საკუთა­რი სუბიექტური დამოკიდებულების გამოყენებით საკომუნიკაციო აქტის მონაწილეებზე – კომუნიკატორებზე გავლენის მოხდენა, მათი ქცევის გააქ­ტიურება.

[1] იხ. J. R. Searle: Speech Acts, Cambridge, 1969 (Deutsch: Sprechakte. Frankfurt /M 1971).