მორფოსინტაქსური ნიშნები

სიტყვათა შორის მორფოსინტაქსური ბმულობა ენაში ხორციელ­დება მორფოსინტაქსური ნიშნების საშუალებით. მაგ.; ზმნას „ცხოვრობს“  სუბიექტად შეეწყობა არსებითი სახელი (მაგ.: ლელა) ან ნაცვალსახელი (მაგ.: ის), რომელიც სახელობით ბრუნვაში დგას და მხოლობითი რიცხვის ფორმით არის წარმოდგენილი, ხოლო ადგილის გარემოებად შეეწყობა საკუთარი ან საზოგადო სახელი თანდებულიან ბრუნვაში.

                მაგ.:

1. ტოპონიმი თბილისი, რომელიც მიცემით ბრუნვაში დგას და –ში თანდებულით არის გაფორმებული ­– ლელა (ის) ცხოვრობს თბილისში;

2. საზოგადო სახელი ან სახელური ფრაზა, რომელიც მიცემით ბრუნვაში დგას და –ზე თანდებულით არის გაფორმებული: ლელა (ის) ცხოვრობს მესამე სართულზე.

15

თანამედროვე ლინგვისტურ თეორიებში მორფოსინტაქსური ნიშნების ორ ტიპს განასხვავებენ – ინჰერენტულს და არაინჰერენტულს. თეოდორ ლევანდოვსკის (Theodor Lewandowski) მიხედვით, ინჰერენტულია ნიშანი, რომლის რეალიზაცია სინტაქსური მიმართებების მარეგულირე­ბელი წესებით არის განპირობებული, ხოლო არაინჰერენტულია ნიშანი, რომელთა  რეალიზაციაც განპირობებულია არა მარტო მორფოსინტაქ­სური წესებით, არამედ სიტყვის სემანტიკითა და დისკურსით. შესაბა­მისად, სიტყვები თავად განაპირობებენ მორფემულ არჩევანს. განვიხილაო ეს საკითხი ქართული ენის მაგალითზე.

მორფოსინტაქსური ნიშნები ქართულში

ქართული ენის სახელის მორფოლოგიაში მორფოსინტაქსური ნიშნები ბრუნებისა და რიცხვის კატეგორიას უკავშირდება. ბრუნვის ნიშნები მორფოსინტაქსური წესებით განპირობებული ინჰერენტული ნიშნებია, რიცხვის ნიშნები კი არა. მაგ., მოთხრობით ბრუნვაში სახელის ჩასმა ქართულში არსებითი სახელის ბუნებიდან კი არა, სინტაქსური წესის რეალიზაციის აუცილებლობიდან გამომდინარეობს – გარდამავალი ზმნა ნამყო დროში სუბიექტს მოთხრობით ბრუნვაში მოითხოვს. სუბიექტი მხოლობით რიცხვში იდგება თუ მრავლობითში, ფუნქციური თვალსაზრისით ირელევანტურია. გრამატიკული რიცხვის ნიშანი თავად არსებითი სახელის სემანტიკით ან პრედიკაციით არის განპირობებული – ზმნით გადმოცემულ მოქმედებას ან ერთი სუბიექტი ასრულებს ან სუბიექტთა სიმრავლე (ერთზე მეტი).

გრამატიკული რიცხვის, როგორც ნიშნის, არაინჰერენტულობაზე ისიც მიუთითებს, რომ ზოგიერთი სახელი, თავისი სემანტიკიდან გამომ­დინარე, შეზღუდულია რიცხვის რომელიმე ფორმაში; შესაბამისად,  არ გვაქვს მრავლობითის ფორმა აბსტრაქტული სახელებისათვის, როგორი­ცაა, მაგალითად „წამება“, „გულისხმიერება“ და ა.შ.; ან მხოლობითის ფორმა სიტყვისათვის „არჩევნები“, „არდადეგები“. აქ იგულისხმება ფორმალურ-მორფო­ლოგიური მხარე – სიტყვა შეიცავს მრავლობითი რიცხვის მორფემას –ებ, თუმცა სიტყვა „არჩევნები“ სემანტიკურად, როგორც საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი დამამთავრებელი რგოლი, მხოლობითი რიცხვის გამომხატვე­ლია. იგივე შეიძლება ითქვას სიტყვის „არდადეგები“ შემთხვევაში: მორფოლოგიურ-ფორმალურად იგი მრავლობითის ფორმას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი, სინტაქსურ-სემანტიკურ დონეზე მხოლობითის ფორმაა, მრავლობითობა არ ეწარმოება, ანუ ფორმით მრავლობითს, ხოლო შინაარსით მხოლობით რიცხვს გამოხატავს. ასეთი ფორმები pluralia tantum-ის სახელით არის ცნობილი.

ინჰერენტულობის საკითხი კარგად ჩანს შეთანხმების წესებში. იმ სინტაგმაში, რომელიც მსაზღვრელად რიცხვით სახელს იყენებს, განსხვავდება შეთანხმების წესები იმ წესებისაგან, რომელიც დასტურდება ზედსართავის ან ნაცვალსახელის მსაზღვრელად გამოყენების შემთხვევაში. შდრ.:

15

ანუ სინტაგმა ორი სახლი, განსხვავებით სინტაგმებისაგან ლამაზი სახლები და ეს სახლები, მრავლობითობის გამომხატველია ისე, რომ მორფოლოგიურად არც მსაზღვრელი დგას მრავლობითში და არც საზღვრული. მრავლობითობის გრამატიკული კატეგორია ლექსიკურად, მსაზღვრელი სიტყვის – რიცხვითი სახელი ორი –  მეშვეობით სემანტი­კურ დონეზე რეალიზდება და ასახვას პოულობს შეთანხმების მორფოსინ­ტაქ­სურ წესებში. ანუ, რაოდენობრიობის ლექსიკურად გადმოცემის შემთხვევაში საზღვრულის მრავლობითობის მარკირება აღარ არის აუცილებელი. ქართულ ენაში მრავლობითობის გამოხატვის თვალსაზრი­სით მოქმედებს სინტაქსური შეთანხმების სპეციფიკური წესი: ზოგადი მრავლობითობის გამოხატვის დროს საზღვრული (ანუ სინტაგმის ბირთვი) მრავლობითობას გრამატიკულად გამოხატავს – მაგ.: ლამაზი სახლი vs. ლამაზი სახლები, კონკრეტული მრავლობითობის დროს კი მრავლო­ბი­თობა არა გრამატიკულად, არამედ ლექსიკურად – სინტაგმის მსაზღვრე­ლის ანუ რიცხვითი სახელის მეშვეობით გადმოიცემა, შდრ.: ერთი სახლი vs. ორი სახლი .

ის გარემოება კი, რომ ზედსართავი სახელისა და ჩვენებითი ნაცვალსახელის მსაზღვრელად გამოყენების შემთხვევაში შეთანხმება რიცხვში არ ხდება (მრავლობითობის ნიშანს არცერთი მსაზღვრელი არ გვიჩვენებს), იმით არის განპირობებული, რომ მათ, სემანტიკიდან გამომ­დინარე, მრავლობითობის გრამატიკული კატეგორია საერთოდ არ გააჩ­ნიათ: ლამაზი გამოხატავს თვისებას, ეს კი – დეიქსისს. ამიტომაც ეთანხმებიან ამ ტიპის მსაზღვრელები საზღვრულს ბრუნვაში, მაგრამ არა რიცხვში. ამდენად, რიცხვის გრამატიკული კატეგორია ქართულში არაინჰერენტულ მორფოსინტაქსურ ნიშანს წარმოადგენს.

მორფოსინტაქსურ ნიშნებში მორფემული ინვენტარი კი არ იგუ­ლისხმება, არამედ მორფოლოგიურ მახასიათებელთა კონა, რომელიც მოცემული ენის მორფოსინტაქსური სტრუქტურით არის განპირობებული. ფაბიან ჰეკი (Fabian Heck) უფრო შორს მიდის და კატეგორიულია თავის დასკვნებში:

„სინტაქსის უმცირეს ელემენტებს წარმოადგენენ არა სიტყვები, არამედ მორფოსინტაქსური ნიშნები (features), და ლექსიკური ელემენტები შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ამ ნიშანთა ერთობლიობა.“

ანუ, წინადადების ერთ-ერთ უმცირეს ელემენტს წარმოადგენს მორფოსინ­ტაქსურ ნიშანთა ერთობლიობა „სუბიექტი“ ან „ობიექტი“, რომელიც ზმნის მორფოსინტაქსური ნიშნებიდან გამომდინარე, ბრუნვასა და რიცხვში ფორმდება სავალდებული (ინჰერენტული ან არაინჰერენტული) მორფოსინტაქსური ნიშნებით. ანუ მიმართება სუბიექტიპრედიკატიობიექტი (S-P-O relationship) აღწერს სუბიექტის, პრედიკატისა და ობიექტის, როგორც წინადადების წევრების ურთიერთშეთანხმების აბსტ­რაქ­ტულ მოდელს და არა  კონკრეტულ მორფემათა რეალიზაციის წესებს. თვალსაჩინოებისათვის ავიღოთ ზმნა ყოლა და შევეცადოთ დავად­გინოთ S-P-O მიმართების მოდელი ამ ზმნისთვის.

მაგ.:

15

ჩავანაცვლოთ ზმნა ყოლა ზმნით ქონა:

15
ასეთ შემთხვევაში ზმნის სემანტიკა დამატებით დაუშვებს არასე­ლექტირებულ სუბიექტს ნებისმიერი სემანტიკური ნიშნით [LEX: N] და გამორიცხავს ობიექტს სემანტიკური ნიშნით [LEX: +HUM, +ANIM], ანუ არსებით სახელს სემანტიკური ნიშნით [+სულიერი]. .

ახლა გამოვიყენოთ სუბსტიტუციის წესი და წინადადებაში შევცვალოთ პრედიკატი:  ქონა ზმნა ჩავანაცვლოთ აშენება ზმნით:

15

ამ შემთხვევაში ზმნა, სემანტიკიდან გამომდინარე, სელექციას მოახდენს ორივე არგუმენტთან – როგორც სუბიექტთან, ისე ობიექტთან – მიმართებაში: სუბიექტს შეარჩევს სემანტიკური ნიშნის მიხედვით „სუ­ლიერი“, ხოლო ობიექტს – სემანტიკური ნიშნის მიხედვით “არასულიერი”. ოღონდ, სუბიექტის შემთხვევაში სემანტიკური ნიშნით [+ANIM] დამატებით მოხდება სელექცია შინაურ და გარეულ ცხოველებთან მიმართებაში: ჩიტი იშენებს ბუდეს მაგრამ ქათამი ვერ იშენებს საქათმეს, ხოლო ობიექტის შემთხვევაში დამატებით გათვალისწინებული იქნება სემანტი­კური ნიშანი „აშენებადი“.

აქ განხილულ მაგალითებში ნოტაცია {[Case: ERG], [NUM: Sg]} წარმოადგენს ნიშნების კრებულს, რომელიც ქმნის წინადადებაში წინა­დადების წევრების შესაძლო რეალიზების ფორმალურ ყალიბს, რომელიც შეიძლება შეივსოს ლექსიკონში მოცემული ნებისმიერი სიტყვით, რომე­ლიც სემანტიკური პარამეტრების მიხედვით აკმაყოფილებს მოთხოვნას [LEX: +HUM] და შეუძლია მორფოსინტაქსური  ნიშნების { [Case: ERG], [NUM: Sg]} შესაბამისად რეალიზება.

ტერმინი მორფოსინტაქსური ნიშნები (features) ფუნქციური გრამატიკის ფარგლებში გამოიყენება როგორც ვიწრო, ისე ფართო გაგე­ბით. ვიწრო გაგებით იგი შესაბამისობაშია მოცემულ ენაში მოქმედ მორფო­სინტაქსურ წესებთან, ფართო გაგებით კი იგი მიემართება სემან­ტიკას და არაიშვიათად დისკურსსაც.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რიცხვის მორფოსინტაქსური ნიშანი ზოგადად არაინჰერენტულ ნიშანთა რიცხვს მიეკუთვნება. მოდით კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ამ საკითხს და განვიხილოთ იგი ქარ­თულში მრავლობითი რიცხვის ორგვარი მარკირების ფონზე.

ქართულში რიცხვის კატეგორიის მორფოლოგიური გამოხატვის ორი საშუალება არსებობს, ე.წ. ებიანი მრავლობითი და ნართანიანი მრავლობითი. შდრ.: ქალი vs.. ქალ-ებ-ი / ქალ-ნ-ი. როდესაც არსებითი სახელი მსაზღვრელის ფუნქციით დაერთვის საზღვრულს, ენას შეუძლია გააკეთოს არჩევანი ებიან და ნართანიან მრავლობითს შორის:

შდრ.: ქალთა ასოციაცია, მწერალთა კავშირი, მშობელთა კრება ვს. ქალების პროტესტი, მწერლების მოთხოვნა, მშობლების სურვილი.

                როგორ რეგულირდება ენაში ეს დიქოტომია და რა განაპირობებს არჩევანს?

ნართანიანი მრავლობითის არჩევას ქართულში სემანტიკური ფაქ­ტორი უნდა განაპირობებდეს, კერძოდ, საზღვრულის სემანტიკური ნიშა­ნია სტაბილური კრებითობა: ქალთა ასოციაცია ანუ ქალების სტაბი­ლური გაერთიანება ასოციაციაში, მწერალთა კავშირი  ანუ მწერალთა სტაბილური (ნებაყოფლობითი ან არჩევითი) გაერთიანება კავშირში, მშობელთა კრება ანუ მშობლების სტაბილური გაერთიანება სასკოლო შეკრებებზე მონაწი­ლეობის მისაღებად. ამ სინტაგმებში მსაზღვრელი საზღვრულის ზოგად ტიპს განსაზღვრავს და არა კუთვნილებით მიმართებას. შესაბამისად, უპასუხებს კითხვაზე: რომელი ასოციაცია? რომელი კავშირი? რა კრება? და არა ვისი ასოციაცია? ვისი კავშირი? ვისი კრება?

ისეთ სინტაგმებში კი, როგორიცაა ქალების პროტესტი, მწერ­ლების მოთხოვნა, მშობლების სურვილი, ებიან მრავლობითში დასმული მსაზღვრელი უბრალოდ სიმრავლეს აღნიშნავს და არა სტაბილურ კრებითობას – ქალების, როგორც გარკვეული რაოდენობის პროტესტი, მწერლების, როგორც მწერალთა გარკვეული რაოდენობის მოთხოვნა, მშობლების, როგორც მშობელთა გარკვეული რაოდენობის სურვილი.

როგორც განხილული მაგალითებიდან ჩანს, დისტრიბუციის წესს ამ შემთხვევაში – ებიან მრავლობითს აირჩევს მსაზღვრელი თუ ნარ­თანიანს,  საზღვრულის სემანტიკა განაპირობებს და რიცხვის, როგორც არაინჰერენტული მორფოსინტაქსური ნიშნის კვალიფიკაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.