დოკულინგვისტიკის შექმნის ისტორია

დოკულინგვისტიკა, როგორც ენისა და კულტურის დიგიტალური დოკუმენტირების შემსწავლელი მეცნიერება, 21-ე საუკუნეში ჰუმანიტარულ  მეცნიერებაში ინტერდისციპლინური დარგების მომრავლებისა და დიგიტალური რესურსების ელექტრონული დამუშავების სწრაფი განვითარების  შედეგად შეიქმნა, თუმცა დოკულინგვისტიკის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და ენებისა და კულტურების გაქრობის საშიშროებას უკავშირდება.

გასული საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების 200 წლისთავისათვის მიმდინარეობდა მზადება, სამეცნიერო წრეებში დაისვა საკითხი: რა მოუტანა ევროპელთა კოლონიური პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილმა მულტიეთნიკურმა კონგლომერატმა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა – ამერიკის კონტინენტის ადგილობრივ მოსახლეობას შედეგად?

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მეცნიერების ერთსულოვნება ერთ საკითხში ცხადად გამოიკვეთა: ბოლო 200 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა ინდიგენური მოსახლეობის რიცხვი, გაქრა მრავალი ენა და მასთან ერთად კულტურაც ისე, რომ ზოგიერთის შესახებ მწირი ცნობებიც კი არ დარჩენილა. ამ სავალალო შეფასებამ საგონებელში ჩააგდო თანამედროვე მეცნიერება და დღის წესრიგში დააყენა ენებისა და კულტურების მულტიდისციპლინული დოკუმენტირებისა და ანალიზის საჭიროება. კვლევის მთავარ მიზნად იქცა იმის დადგენა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ინდიგენური უმცირესობის ენები (და არა მარტო უმცირესობის), ემუქრებათ თუ არა მათ გაქრობის საფრთხე და როგორ განვახორციელოთ ამ ენებისა და კულტურების დოკუმენტირება, მათი არქივირებისა და შესაძლო რევიტალიზაციის მიზნით.

პირველი სამეცნიერო სემინარი თემაზე „საფრთხეში მყოფი ენები“ 1993 წელს ჩატარდა გერმანიაში. საკითხის მრავალმხრივმა და ღრმა ანალიზმა ენათა დოკუმენტირების სრულიად ახალი პერსპექტივები წარმოაჩინა.  მეცნიერების განვითარების ფონდის Volkswagen Stiftung ინიციატივით შეიქმნა მდგრადი განვითარების სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა DOBES (Dokumantation der Bedroten Sprachen), რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე საფრთხეში მყოფი ენების სელექციურ შერჩევას, დოკუმენტირებას და არქივირებას  შესაძლო რევიტალიზაციის მიზნით.

საფრთხეში მყოფი ენებისა და კულტურების დოკუმენტირების პროგრამა DOBES (Dokumantation der Bedroten Sprachen) 1999-2011 წლებში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში სულ 67 სამეცნიერო პროექტი განხორციელდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე, რომელთა კვლევის შედეგად დამუშავდა დიგიტალური დოკუმენტირებისა და არქივირების დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტი.

13

პროგრამის ფარგლებში დამუშავდა ენებისა და კულტურების დოკუმენტირების ახალი სტრატეგია, შემუშავდა ძირითადი პრინციპები და მეთოდოლოგია და რაც მთავარია, შეიქმნა დიგიტალური რესურსების დამუშავებისა და არქივირების ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. პროგრამის ფარგლებში მოპოვებული რესურსების არქივირებისათვის ნეიმეხენის მაქს პლანკის ინსტიტუტში შეიქმნა ენათა არქივი TLA (The Language Archive), სადაც თავმოყრილია DOBES-ის ფარგლებში მოპოვებული მასალები.

ენათა და კულტურათა დიგიტალური დოკუმენტირებისა და არქივირების თეორიული საფუძვლებისა და მეთოდოლოგიის დამუშავებამ, ერთი მხრივ, და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების განვითარებამ, მეორე მხრივ, ხელი შეუწყო დიგიტალური ჰუმანიტარიის ფარგლებში ახალი დისციპლინის – დოკულინგვისტიკის დაბადებას. მეცნიერების ამ ახლად განვითარებულ დარგს დღეისათვის საკუთარი თეორიული ბაზისი (დიგიტალური დოკუმენტირებისა და არქივირების ძირითადი პრინციპები და მეთოდები) და საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს – რესურსების მოპოვების (მასალის ჩაწერის), აღრიცხვის (რეგისტრაციის), ტექნიკური დამუშავების (დიგიტალიზაციის), შენახვის (არქივირების) და შემდგომი მოვლის (დაცვის) მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური საშუალებები.