დოკულინგვისტიკა

მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის დიგიტალური დოკუმენტირება და არქივირება კულტურული მემკვიდრეობის კვლევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. დიგიტალური ჰუმანიტარიის განვითარებამ და ენათა და კულტურათა ელექტრონული დოკუმენტირების საშუალებების გაჩენამ სრულიად ახალი პარადიგმა შექმნა ჰუმანიტარულ მეცნიერებაში.  დოკუმენტირება დღეს უკვე აღარ გაიგება, როგორც მასალის უბრალო ჩაწერა-ფიქსაცია. ამ ცნებამ უფრო ფართო და მრავალწახნაგოვანი შინაარსი შეიძინა – XXI საუკუნის გამოწვევების ფონზე ხელახლა დამუშავდა დოკუმენტირების ძირითადი პრინციპები და მეთოდები, რამაც საფუძველი დაუდო ენებისა და კულტურების დოკუმენტირების თვისობრივად ახალ ეტაპს – დიგიტალურ დოკუმენტირებასა და არქივირებას. შესაბამისად, ჰუმანიტარულ მეცნიერებაში კიდევ ერთი ინტერდისციპლინური მიმართულება შეიქმნა – დიგიტალური დოკუმენტირებისა და არქივირების შემსწავლელი დარგი – დოკულინგვისტიკა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის საზაფხულო სკოლამ „დიგიტალურ ჰუმანიტარია“ თავისი არსებობა 2012 წელს სწორედ ამ თემით – „ენის ელექტრონული დოკუმენტირება“ – დაიწყო და თავისი აქტუალობის გამო 2015 და 2016 წლის საზაფხულო სკოლის პროგრამაში კვლავ განმეორდა. ბათუმის საზაფხულო სკოლაში ენისა და კულტურის  დოკუმენტირების საკითხებზე ლექციებს კითხულობდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მანანა თანდაშვილი (ფრანკფურტი, გერმანია), ნიკოლაუს ჰიმელმანი (კიოლნი, გერმანია), სებასტიან დრუდე (ნეიმეხენი, ჰოლანდია), როზე გომეს კოსტა (ბრაზილია), მონიკა რინდ-პავლოვსკი (ფრანკფურტი, გერმანია), ზაქარია ფურცხვანიძე (ფრანკფურტი, გერმანია), რამაზ ხალვაში (ბათუმი, ბსუ), მარინე ბერიძე (თბილისი, თსუ), ლიანა ლორთქიფანიძე (თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი), ნინო შარაშენიძე (თბილისი, თსუ), მაია ლომია (თბილისი, თსუ), რუსუდან გერსამია (თბილისი, თავისუფალი უნივერსიტეტი), მანუჩარ ლორია (ბათუმი, ბსუ), მამია ფაღავა (ბათუმი, ბსუ), ნურგზარ მგელაძე (ბათუმი, ბსუ), მალხაზ ჩოხარაძე (ბათუმი, ბსუ), ელგუჯა მაკარაძე (ბათუმი, ბსუ).

2015 წელს პროფ. რამაზ ხალვაშთან თანამშრომლობით შემუშავდა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა მაინორი პროგრამა  „დიგიტალური ჰუმანიტარია“. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მოდულისათვის „ენის ელექტრონული დოკუმენტირება“ 2015-2016 წლებში დამუშავდა ქართულენოვანი საუნივერსიტეტო კურსი ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და მომზადდა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო  „ენის ელექტრონული დოკუმენტირება – შესავალი დოკულინგვისტიკაში“ (იხ. სახელმძღვანელოს PDF ვერსია).

დოკულინგვისტიკა სრულიად ახალი დარგია, შესაბამისად, საკითხების დამუშავებისას ძირითადად გამოყენებულია უცხოენოვანი ლიტერატურა,  რის გამოც  თემების განხილვისა და მსჯელობის დროს მოგვიწია სამეცნიერო ტერმინების გაქართულება. ავტორი მადლიერებით მიიღებს სამეცნიერო ტერმინების რევიზიასთან დაკავშირებულ ყველა კონსტრუქციულ შენიშვნასა და რჩევას.