ბიოგრაფია

პროფ._მანანა_თანდაშვილი

მანანა თანდაშვილი (დ. 22 მაისი, 1960, თბილისი) — გერმანიაში მცხოვრები ქართველი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, კავკასიოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), ქართველი ჰუმბოლტიანელი (1999), ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი (2002 წლიდან), საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში (2009), მრავალი სამეცნიერო და კულტურული საზოგადოების შექმნის ინიციატორი და ხელმძღვანელი (ფრანკფურტის ლინგვისტური წრე, ბათუმის საზაფხულო სკოლა, ქართული კულტურის ფორუმი, ფრანკფურტის საკვირაო სკოლა, ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი), თბილისის საპატიო მოქალაქე (2011). დაამთავრა თბილისის 156-ე საშუალო სკოლა. 1978-1983 წელში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე კავკასიოლოგიის განხრით. 1989 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში ქართველური ენების სპეციალობით. დოქტორანტურა დაამთავრა 1993 წელს პროფესორ თედო უთურგაიძის ხელმძღვანელობით და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კახურის მორფონოლოგიური ანალიზი“. 1993 წელს მუშაობა დაიწყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, 1995 წელს დაინიშნა კომპიუტერული ლინგვისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. 1999 წელს დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემაზე „კომპიუტერული მოდელირების ძირითადი პრინციპები (ქართული და უდიური ენების მაგალითზე)“. 1999 წელს გახდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდიატი ენათმეცნიერების დარგში და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანელ კავკასიოლოგებთან ვოლფგანგ შულცესა და იოსტ გიპერტთან ერთად უდიური სახარების ელექტრონული ვერსიის შექმნაზე და ტექსტის გრამატიკის საკითხებზე. 2002 წლიდან არის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის მუდმივი შტატის პროფესორი. გერმანიაში მოღვაწეობის პარალელურად აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოში. განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს მას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ბათუმისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დააარსა ბათუმის საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში. აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო ფონდებთან (ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდი, ფოლკსვაგენის ფონდი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და არის საერთაშორისო ექსპერტი კავკასიოლოგიის დარგში.

ქართულ-გერმანული სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის სფეროში გაწეული ღვაწლისათვის 2011 წელს აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.