ზმნების კლასიფიკაცია ქართულში

1. კლასიფიკაციის პრინციპი

სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული ზმნის რამდენიმე კლასიფიკაცია არის ცნობილი. არნ. ჩიქობავას კლასიფიკაციის მიხედვით, ქართულ ენაში ზმნები იყოფიან ორ კლასად: დინამიკურ და სტატიკურ ზმნებად. აღნიშნული კლასიფიკაციის მიხედვით არსებითი და გადამწყვეტია ქმედების სახე:

ა) დინამიკურია ზმნათა ის კლასი, რომელიც ქმედების პროცესს გადმოსცემს – მაგალითად, წერს/იწერება, აშენებს/შენდება;

ბ) სტატიკურია  ზმნათა ის კლასი, რომელიც ქმედების, როგორც სტატიკური მდგომარეობის აღმნიშვნელია – მაგალითად,  წერია, დგას, ზის;

იმისდა მიუხედავად, პრედიკაცია ზმნის გარდამავალი ფორმით არის წარმოდგენილი თუ გარდაუვალი, ანუ აქტიური და პასიური კონსტრუქციები, როგორიცაა „ლექსომ სტატია დაწერაvs. „სტატია დაიწერა ლექსოს მიერ“, ამ კლასიფიკაციის მიხედვით დიქოტომიის ერთ კონკრეტულ ქვეკლასს – „დინამიკური“ – განეკუთვნება.  შესაბამისად, აქ გადამწყვეტია „პროცესის“ სემანტიკური გადმოცემა და არა მისი სინტაქსური ან თუნდაც მორფოსინტაქსური რეალიზაციის ფორმები (შდრ.: გარდამავალი „წერს“ და გარდაუვალი „იწერება“).

ა. შანიძის მიხედვით ზმნის კლასიფიკაცია გარდამავლობის ფენომენს უკავშირდება და საფუძვლად ზმნის სინტაქსური კონსტრუქციები – აქტიური vs. პასიური – უდევს, ანუ იმისდა მიხედვით, აქტიურ კონსტრუქციას ქმნის ზმნა სინტაქსურ დონეზე თუ პასიურს, ერთმანეთისაგან განასხვავებენ გარდამავალ (მაგ.: წერს, აწერინებს) და გარდაუვალ ზმნებს (მაგ.: იწერება, ეწერება). ე.ი. ერთი და იგივე პრედიკაცია, მაგალითად „წერა“,, ერთი მხრივ, სინტაქსური რეალიზაციიდან, მეორე მხრივ კი, მორფოსინტაქსური ფორმიდან გამომდინარე, ზმნათა სხვადასხვა კლასს – გარდამავალს ან გარდაუვალს – ქმნის. ზმნათა ეს ორივე კლასი, თავის მხრივ, ფარავს ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაციის (დიქოტომია: დინამიკური vs. სტატიკური) ქვეკლასს „დინამიკური“. რაც შეეხება სტატიკურ ზმნებს, ისინი გარდაუვალ ზმნებთან ერთად ჯგუფდებიან და ქმნიან ქვეკლასს „გარდაუვალი“. კლასიფიკაციის ეს სახე არსებითად სინტაქსური დონის მახასიათებლებს ეფუძნება და პირდაპირი ობიექტის პოვნიერებასთან არის დაკავშირებული: „წერა“ სემანტიკის მქონე წერს“ (ის წერილს) ფორმა კვალიფიცირდება როგორც გარდამავალი ზმნა, მაშინ, როდესაც იგივე „წერა“ სემანტიკის მქონე „იწერება“ (წერილი) ფორმა კვალიფიცირდება როგორც გარდაუვალი ზმნა.

ენობრივი ანალიზის პროცესში კლასიფიკაციის ამ ორივე სახეს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ქვემოთ ჩვენ შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ ზმნათა განსხვავებული კლასიფიკაცია, რომელიც პრედიკაციის ფენომენს ეყრდნობა და ზმნის, როგორც პრედიკაციის გამომხატველი კონცეპტის ლოგიკურ-სემანტიკურ ნიშნებს დაეფუძნება.

2. ზმნათა ლოგიკურ-სემანტიკური კლასიფიკაცია

ქართულ ენაში ზმნის კლასიფიკაციის თვალსაზრისით ჩვენთვის ამოსავალია პრედიკაციის ლოგიკურ-სემანტიკური დონე, შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ კლასიფიკაციას ზმნის ლოგიკურ-სემანტიკურ კლასიფიკაციას ვუწოდებთ.

ზმნათა ლოგიკურ-სემანტიკური კლასიფიკაცია ემყარება ზმნის, როგორც აბსტრაქტული სემანტიკური კონცეპტის იდეას. ნებისმიერი ზმნის აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტი მოიცავს მოქმედების სახეს იმ ლოგიკურ მიმართებებთან ერთად, რომელიც ზმნით გადმოცემული მოქმედების განხორციელებისათვის არის აუცილებელი.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

ა) აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტი პრედიკაციისათვის „წერა“ მოიცავს პრედიკაციას „წერა“ , რომელიც ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე ამ პრედიკაციისათვის დამახასიათებელ ლოგიკურ მიმართებებს ასახავს: ის, ვინც წერს და ის, რაც იწერება.

ბ) აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტი პრედიკაციისათვის „მიცემა“ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე მოიცავს პრედიკაციას „მიცემა“ და ამ პრედიკაციისათვის დამახასიათებელ ლოგიკურ მიმართებებს: ის, ვინც აძლევს, ის რასაც აძლევენ და ის, ვისაც აძლევენ.

გ) აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტი პრედიკაციისათვის „ჯდომა“ კი მოიცავს პრედიკაციას „ჯდომა“ და ამ პრედიკაციისათვის დამახასიათებელ ლოგიკურ მიმართებებს: ის, ვინც ზის და ის, სადაც/რაზეც ზის ან როგორც ზის.

როგორც მაგალითებიდანაც მიხვდით, პრედიკაციისათვის გადამწყვეტია არა იმ ძირითად აქტანტთა რაოდენობა, რომელიც შეიძლება პრედიკაციის გადმომცემი ზმნის შემთხვევაში მორფოსინტაქსურ დონეზე იყოს მოცემული, ანუ ის, თუ რამდენი პირი შეეწყობა ზმნას (მაგ.: წერს ის მას, უწერს ის მას მას, იწერება ის, მეწერება  ის მე, ზის ის და ა.შ.), არამედ იმ მიმართებების ასახვა, რომელიც ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე არსებობს მოცემული პრედიკაციის შემთხვევაში და რომლის გარეშეც ვერ განხორციელდება ზმნით გადმოცემული აბსტრაქტულ-სემანტიკური კონცეპტი – ქმედების ლოგიკურ-სემანტიკური რეალიზაცია.

ამიტომ, ლოგიკურ-სემანტიკური კლასიფიკაციის შემთხვევაში ზნათა ლექსიკონში მოცემული უნდა იყოს არა მხოლოდ მორფოსინტაქსური ნიშნები, იმისდა შესაბამისად, რამდენი აქტანტი შეეწყობა ზმნას მორფოსინტაქსურ დონეზე, არამედ ის ლოგიკურ-სემანტიკური მიმართებები, რომელიც აუცილებელია და საკმარისი იმისათვის, რომ განხორციელდეს მოცემულ კონკრეტულ ენაში ზმნით გადმოცემული პრედიკაცია.

ვიდრე ქართული ზმნის ლექსიკურ-ფუნქციური პროტოტიპული ლექსიკონის სტრუქტურის განხილვაზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ პრედიკაციის ენობრივ დონეზე რეალიზაციის რამდენიმე მაგალითი.

1. პრედიკაცია წერა vs. პრედიკაცია მიწერა

პრედიკაცია  „წერა“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების შემსრულებელთან და მოქმედების ობიექტთან, რომლებსაც სინტაქსურ დონეზე შეესაბამება ქვემდებარე  და პირდაპირი დამატება. განვიხილოთ ასეთი მაგალითი: „მე ლექსებს არ ვწერ, ლექსი თვითონ მწერს“. პრედიკაცია „წერა“ ერთ შემთხვევაში გადმოცემულია კონკრეტული ზმნური ფორმით „ვწერ“ (აწმყოს მწკრივი, რომელსაც მორფოსინტაქსურ დონეზე შეეწყობა პირველი სუბიექტური პირი და მესამე პირდაპირობიექტური პირი), მეორე შემთხვევაში კი ზმნური ფორმით „მწერს“(აწმყოს მწკრივი, რომელსაც მორფოსინტაქსურ დონეზე შეეწყობა მესამე სუბიექტური პირი და პირველი პირდაპირობიექტური პირი). ამასთან, ორივე შემთხვევაში მოქმედების შემსრულებელი მორფოსინტაქსურ დონეზე გაფორმებულია სახელობითი ბრუნვით, ხოლო მოქმედების ობიექტი – მიცემითი ბრუნვით.

 15

ახლა განვიხილოთ პრედიკაცია „მიწერა“. იგი განსხვავდება პრედიკაციისაგან „წერა“ და მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების შემსრულებელთან, მოქმედების ობიექტთან და მოქმედების ადრესატთან, რომლებსაც სინტაქსურ დონეზე შეესაბამება ქვემდებარე, პირდაპირი დამატება და ირიბი დამატება.

საილუსტრაციოდ განვიხილოთ ასეთი მაგალითი:

მარიამმა მისწერა ლექსოს წერილი, ლექსოსთვის მე არაფერი მიმიწერია“.

პრედიკაცია „მიწერა“ ერთ შემთხვევაში გადმოცემულია კონკრეტული ზმნური ფორმით „მისწერა“ (ნამყოს მწკრივი, რომელსაც მორფოსინტაქსურ დონეზე შეეწყობა მესამე სუბიექტური პირი, მესამე პირდაპირობიექტური პირი და მესამე ირიბობიექტური პირი), მეორე შემთხვევაში კი ზმნური ფორმით „მიმიწერია“ (პირველი თურმეობითი, რომელსაც მორფოსინტაქსურ დონეზე, ინვერსიიდან გამომდინარე, შეეწყობა ლოგიკური სუბიექტური პირველ პირში, ლოგიკური პირდაპირობიექტური პირი მესამე პირში და თანდებულიანი უბრალო დამატება, რომელიც ირიბობიექტური პირის ეკვივალენტია თურმეობითში). ამასთან, პირველ შემთხვევაში მოქმედების შემსრულებელი (ანუ სუბიექტი) მორფოსინტაქსურ დონეზე გაფორმებულია მოთხრობითი ბრუნვით, მოქმედების ობიექტი (ანუ პირდაპირი ობიექტი) – სახელობითი ბრუნვით, მოქმედების ადრესატი (ანუ ირიბი ობიექტი) – მიცემითი ბრუნვით. „მიმიწერია“  ფორმის შემთხვევაში კი მოქმედების შემსრულებელი (ანუ ლოგიკური სუბიექტი) მორფოსინტაქსურ დონეზე გაფორმებულია მიცემითი ბრუნვით, მოქმედების ობიექტი (ანუ ლოგიკური პირდაპირი ობიექტი) – სახელობითი ბრუნვით,  მოქმედების ადრესატი (ანუ უბრალო დამატება) კი  -თვის თანდებულიან ნათესაობითით.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მოქმედების შემსრულებელი სემანტიკურ დონეზე აქტიურ სუბიექტს, ანუ აგენსს (A) წარმოადგენს, მოქმედების ობიექტი – პაციენსს (P), ხოლო მოქმედების ადრესატი – რეციპიენსს (R), მაშინ სტრუქტურულ დონეზე აქ განხილული პრედიკაციები შეგვიძლია ასე გადავწეროთ:

15

2. პრედიკაცია გაცემა პრედიკაცია გადაცემა

პრედიკაცია  „გაცემა“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების შემსრულებელთან და მოქმედების ობიექტთან, პრედიკაცია  „გადაცემა“ კი მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების შემსრულებელთან, მოქმედების ობიექტთან და მოქმედების ადრესატთან.

განვიხილოთ ასეთი მაგალითები:

ა) „ხარისხის სამსახურმა სულ 2000 სერტიფიკატი გასცა გასულ წელს“ 

ბ)„პრეზიდენტმა ოლიმპიადაში გამარჯვებულებს სიგელები გადასცა“.

პრედიკაცია გაცემა პირველ წინადადებაში გადმოცემულია კონკრეტული ზმნური ფორმით „გასცა“ (ნამყოს  მწკრივი, რომელსაც მორფოსინტაქსურ დონეზე შეეწყობა მესამე სუბიექტური პირი და მესამე პირდაპირობიექტური პირი).

პრედიკაცია „გადაცემა“ კი გადმოცემულია ზმნური ფორმით „გადასცა“(ნამყოს მწკრივი, რომელსაც მოეფოსინტაქსურ დონეზე შეეწყობა მესამე სუბიექტური პირი,  მესამე  პირდაპირობიექტური პირი და მესამე ირიბობიექტური პირი მრავლობით რიცხვში). ამასთან, ორივე შემთხვევაში მოქმედების შემსრულებელი (ანუ აგენსი) გაფორმებულია მოთხრობითი ბრუნვით, ხოლო მოქმედების ობიექტი (ანუ პაციენსი) – სახელობითი ბრუნვით. პრედიკაცია „გადაცემა დამატებით მოიცავს მიმართებას მოქმედების ადრესატთან (ანუ რეციპიენსთან), რომელიც მორფოსინტაქსურ დონეზე მიცემითი ბრუნვის ფორმით არის რეალიზებული.

სტრუქტურულ დონეზე აქ განხილული პრედიკაციები შეგვიძლია ასე გადავწეროთ:

15

3. პრედიკაცია ფიქრი

პრედიკაცია  „ფიქრი“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების შემსრულებელთან და მოქმედების ობიექტთან, რომლებსაც სინტაქსურ დონეზე შეესაბამება ქვემდებარე და უბრალო დამატება:

ელისაბედი წარსულზე ფიქრობდა“.

პრედიკაცია „ფიქრი“  მოცემულ შემთხვევაში გადმოცემულია კონკრეტული ზმნური ფორმით „ფიქრობდა“ (ნამყო უწყვეტელი), რომელსაც მორფოსინტაქსურ დონეზე მხოლოდ ერთი აქტანტი, კერძოდ სუბიექტი (მესამე სუბიექტური პირის ფორმით) შეეწყობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პრედიკაცია „ფიქრი“ერთპირიან ზმნას წარმოადგენს (ის, ვინც „ფიქრობს“), ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე მოიცავს კიდევ ერთ აუცილებელ ლოგიკურ მიმართებას – მიმართებას პრედიკაციის ობიექტთან (ანუ ის, რაზეც „ფიქრობენ“). ეს უკანასკნელი აუცილებელია აღნიშნული პრედიკაციისათვის, ვინაიდან პრედიკაცია „ფიქრი“  შეუძლებელია ამ „ფიქრის ობიექტის“  გარეშე.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზმნა ერთპირიანია და მორფოსინტაქსურ დონეზე მას მხოლოდ სუბიექტი შეეწყობა, ამ მოქმედების შემსრულებელს უნდა მიეცეს კვალიფიკაცია „აგენსი“, ვინაიდან მეორე სერიის მწკრივებში იგი მოთხრობითი ბრუნვის ფორმით იქნება წარმოდგენილი; შესაბამისად, მოქმედების ობიექტს მიეცემა კვალიფიკაცია „პაციენსი“, მიუხედავად იმისა, რომ იგი მორფოსინტაქსურ დონეზე ზმნაში არ არის გაფორმებული და მხოლოდ სინტაქსურ დონეზეა წარმოდგენილი წინადადებაში, როგორც უბრალო დამატება – -ზე თანდებულიანი მიცემითის ფორმით.

მოდით, -ზე თანდებულიანი პაციენსის კიდევ ერთი შემთხვევა განვიხილოთ, ამჯერად კითხვითი წინადადების მაგალითზე.

პრეზიდენტი პირადად რას ფიქრობს ევროკავშირის დადგენილებაზე?

ამ მაგალითში პრედიკაცია „ფიქრი“ გადმოცემულია ზმნური ფორმით „ფიქრობს“, რომელსაც ლოგიკურ-სემანტიკურ დონეზე შეეწყობა მოქმედების შემსრულებელი (აგენსი) და მოქმედების ობიექტი (პაციენსი), რომელიც -ზე თანდებულიანი მიცემითით არის წარმოდგენილი წინადადებაში. საგულისხმო ამ პრედიკაციის შემთხვევაში ის არის, რომ კითხვითი ნაცვალსახელი რა?, რომელიც მიცემით ბრუნვაში დგას, მორფოსინტაქსურ დონეზე პაციენსის მისამართით დასმულ კითხვას წარმოადგენს და შესაბამისად, გამორიცხავს პაციენსის არსებობას წინადადებაში.

წართქმითი წინადადება: მარიამი წერს წერილს.

კითხვითი წინადადება: რას წერს მარიამი?

პასუხი: წერილს.

შდრ.:

წართქმითი წინადადება: პრეზიდენტი ფიქრობს ევროკავშირის დადგენილებაზე.

კითხვითი წინადადება: რაზე ფიქრობს პრეზიდენტი?

პასუხი: ევროკავშირის დადგენილებაზე.

მაგრამ, წინამდებარე წინადადება შეიცავს არა მარტო მორფოსინტაქსურ პაციენსს (გადმოცემულს კითხვითი სიტყვით: რა?), არამედ ლოგიკურ პაციენსსაც (გადმოცემულს -ზე თანდებულიანი მიცემითით: რაზე?).

წინადადებაში „პრეზიდენტი პირადად რას ფიქრობს ევროკავშირის დადგენილებაზე?“  სრულიად სხვა შინაარსი დევს: არა ის, რომ პრეზიდენტი ფიქრობს ევროკავშირის დადგენილებაზე, არამედ ის, რომ პრეზიდენტი რაღაცას ფიქრობს ევროკავშირის დადგენილებაზე, ანუ გააჩნია თავისი პოზიცია ევროკავშირის დადგენილებასთან დაკავშირებით. კითხვაც სწორედ ამას ეხება და წინადადებაც სწორედ ამ კონოტაციით უნდა „გადმოვწეროთ“: „როგორია პრეზიდენტის პოზიცია ევროკავშირის დადგენილებასთან დაკავშირებით?“ / „რა აზრისაა პრეზიდენტი ევროკავშირის დადგენილებასთან დაკავშირები?“.

იგივე შინაარსი შეიძლება ამგვარადაც გაფორმდეს: „რას ფიქრობს პრეზიდენტი ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?“. შესაბამისად, ლოგიკური პაციენსი, გარდა -ზე თანდებულიანი მიცემითისა, -თან თანდებული + დაკავშირებით კონსტრუქციითაც შეიძლება გადმოიცეს.

ახლა განვიხილოთ ასეთი წინადადება: „ელისაბედი ფიქრობდა, რომ ყველამ უღალატა“. ამ წინადადებაში პრედიკაცია „ფიქრი“ მორფოსინტაქსურ დონეზე გადმოცემულია ზმნური ფორმით  „ფიქრობდა“ (ნამყო უწყვეტელი) და მოიცავს ლოგიკურ მიმართებას მოქმედების შემსრულებელთან (რომელიც სახელობითი ბრუნვის ფორმით არის წარმოდგენილი, როგორც აგენსი) და მოქმედების ობიექტთან (რომელიც დამატებით დამოკიდებული წინადადების სახით არის წარმოდგენილი სინტაქსურ დონეზე). საგულისხმოა, რომ პრედიკაცია „ფიქრი“ წინადადებაში „ელისაბედი წარსულზე ფიქრობდა“ და პრედიკაცია „ფიქრი“ წინადადებაში „ელისაბედი ფიქრობდა, რომ ყველამ უღალატა“ არა მხოლოდ ლოგიკური მიმართებების თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისაგან, არამედ სემანტიკურადაც: პირველ შემთხვევაში საუბარია პრედიკაციაზე, რომელიც შეიძლება ასე აღვწეროთ: რაღაცაზე ფიქრი, როგორც ადამიანის კოგნიტური უნარი, ხოლო მეორე შემთხვევაში საუბარია პრედიკაციაზე, რომელიც გულისხმობს პიროვნების დამოკიდებულებას გარკვეული ფაქტის ან მოვლენისადმი და რომელიც ამგვარად შეგვიძლია „გადავწეროთ“:

ა) ელისაბედი დარწმუნებული იყო, რომ ყველამ უღალატა;

ბ) ელისაბედს მიაჩნდა, რომ ყველამ უღალატა;

გ) ელისაბედს ეგონა, რომ ყველამ უღალატა

იგივე კონსტრუქცია გვექნება სინტაქსურ დონეზე შემდეგ წინადადებაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელში მოქმედების ობიექტი მორფოსინტაქსურ დონეზეა წარმოდგენილი ზმნაში და სინტაქსურადაც დასტურდება წინადადებაში:

მე სრულიადაც არ ვფიქრობ იმას, რომ გერმანიის ნაკრები ინგლისისას სჯობს“.

ამ წინადადებაში ზმნა „ვფიქრობ“ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ზმნით „მიმაჩნია“:

მე სრულიადაც არ მიმაჩნია,  რომ გერმანიის ნაკრები ინგლისისას სჯობს

კიდევ ერთი წინადადება განვიხილოთ: „ქართველ ხალხს სჯეროდა მის მიერ არჩეული ხელისუფლების. სექტემბერში ამგვარად გამოკითხულთა  76 პროცენტი ფიქრობდა.

ამ წინადადებაში პრედიკაცია „ფიქრი“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებას როგორც მოქმედების შემსრულებელთან („გამოკითხულთა 76 პროცენტი“), ისე მოქმედების სახესთან („ამგვარად“), რომელიც დისკურსში წინა წინადადებაში მოცემულ პრედიკაციას მიემართება: „ქართველ ხალხს სჯეროდა მის მიერ არჩეული ხელისუფლების.“  პრედიკაცია „ფიქრი“ აქ სემანტიკურად ჩაენაცვლება პრედიკაციას, რომელიც გადმოიცემა ზმნური ფორმით „სწამდა“, „სჯეროდა“, „იმედი ჰქონდა“.

როგორც აქ წარმოდგენილი მაგალითებიდან ჩანს, ერთი შეხედვით ერთი და იგივე პრედიკაცია შესაძლოა განსხვავებულ ლოგიკურ მიმართებებს გვიჩვენებდეს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ხშირად ზმნური ფორმებით გადმოცემული პრედიკაციები სინამდვილეში პრედიკაციის განსხვავებულ სახეებს გვიჩვენებს, რაზედაც სუბსტიტუციის მეთოდის გამოყენებაც მიგვანიშნებს: ლექსიკური ჩანაცვლების შემთხვევაში უფრო „გამჭვირვალე“ ხდება ზმნით გადმოცემული სემანტიკა.

სტრუქტურულ დონეზე აქ განხილული პრედიკაციები შეგვიძლია ასე გადავწეროთ:

15

4. პრედიკაცია ცხოვრება

პრედიკაცია  „ცხოვრება“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების შემსრულებელთან და მოქმედების (ლოკალურ ან ვითარებით) გარემოსთან,  რომლებსაც სინტაქსურ დონეზე შეესაბამება სუბიექტი და ადგილის გარემოება/ვითარებისგარემოება: „გიორგი ბათუმში ცხოვრობდა“ / „გიორგი უზრუნველად ცხოვრობდა“. პრედიკაცია „ცხოვრება“  მოცემულ შემთხვევაში გადმოცემულია კონკრეტული ზმნური ფორმით „ცხოვრობდა“ (ნამყო უწყვეტელი), რომელსაც სუბიექტი მესამე სუბიექტური პირის ფორმით შეეწყობა, მაგრამ მოიცავს ლოგიკურ მიმართებას არა მხოლოდ მოქმედების შემსრულებელთან, ანუ იმასთან, ვინც „ცხოვრობს“, არამედ იმასთანაც, სადაც „ცხოვრობენ“ ან როგორც „ცხოვრობენ“. პრედიკაცია „ცხოვრება“ აუცილებლობით მოითხოვს სპეციფიკაციას, იგი შეუძლებელია ამ უკანასკნელის გარეშე.  სად-სპეციფიკაცია აზუსტებს პრედიკაციის ადგილს, ხოლო როგორ-სპეციფიკაცია – პრედიკაციის რაგვარობას. ამასთან, ზმნასთან შეწყობილი სუბიექტი სახელობითში დგას, ხოლო უბრალო დამატება  ა) -ში ან -ზე თანდებულიან მიცემითში (მაგ.: სოლოლაკში, საბურთალოზე) ან გადმოცემულია ვითარების გარემოებით (ვითარების  ზმნიზედით – მაგ.: „კარგად“,ვითარებით ბრუნვაში დასმული სახელით – „კაცივით“ ან ნათესაობითში დასმული სახელით – „ღირსებით, ღირსეული ცხოვრებით“).

სტრუქტურულ დონეზე პრედიკაცია „ცხოვრება“ შეგვიძლია ასე გადავწეროთ:

15

პრედიკაცია „ცხოვრება“ შეიძლება განივრცოს როდის-სპეციფიკაციით. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ასეთ წინადადებას: „გიორგი ორი წელი ცხოვრობდა ბათუმში“ ან „გიორგი ორი წელი ცხოვრობდა უზრუნველად“ . საგულისხმოა, რომ როდის-სპეციფიკაცია აუცილებლად სად-სპეციფიკაციასთან ან როგორ-სპეციფიკაციასთან კომბინაციაში შეიძლება რეალიზდეს. დაუშვებელია ასეთი წინადადება: „გიორგი ორი წელი ცხოვრობდა“  სად- ან როდის-სპეციფიკაციის გარეშე. ამიტომ როდის-სპეციფიკაცია არ მიეკუთვნება აუცილებელ და საკმარის მიმართებათა რიცხვს, სპეციფიკაციათა იერარქიულ სისტემაში შედარებით დაბალ საფეხურზე  განთავსდება და მისი გამოყენება წინადადებაში ფაკულტატიურია.

5. პრედიკაცია ჯდომა

პრედიკაცია  „ჯდომა“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების შემსრულებელთან და მოქმედების (ლოკალურ ან ვითარებით) გარემოსთან, რომლებსაც სინტაქსურ დონეზე შეესაბამება ქვემდებარე და ადგილის გარემოება/ვითარების გარემოება: „გიორგი სკამზე იჯდა“ / „გიორგი მოხერხებულად იჯდა“. პრედიკაცია „ჯდომა“  მოცემულ შემთხვევაში გადმოცემულია კონკრეტული ზმნური ფორმით „იჯდა“ (ნამყო უწყვეტელი), რომელსაც მორფოსინტაქსურ დონეზე სუბიექტი მესამე სუბიექტური პირის ფორმით შეეწყობა), მაგრამ მოიცავს ლოგიკურ მიმართებას არა მხოლოდ მოქმედების შემსრულებელთან, ანუ იმასთან, ვინც „იჯდა“, არამედ   იმასთანაც, სადაც „იჯდა“ ან როგორც „იჯდა“. პრედიკაცია „ჯდომა“  აუცილებლობით მოითხოვს სად– ან როგორ-სპეციფიკაციას. ამ სპეციფიკაციის გარეშე შეუძლებელია მისი არსებობა.  სად-სპეციფიკაცია აზუსტებს პრედიკაციის ადგილს, ხოლო როგორ-სპეციფიკაცია – პრედიკაციის რაგვარობას. ამასთან, ზმნასთან შეწყობილი სუბიექტი დგას სახელობით ბრუნვაში, ხოლო ვითარების გარემოება – ა) -ზე თანდებულიან მიცემითში („სკამზე“) ან -ში თანდებულიან მიცემითში (მაგ.: „მანქანაში“), ბ) ვითარებით ბრუნვაში დასმული სახელი („კაცურად“).

სტრუქტურულ დონეზე პრედიკაცია „ჯდომა“ შეგვიძლია ასე გადავწეროთ:

15

6. პრედიკაცია მუშაობა

პრედიკაცია  „მუშაობა“ მოიცავს ლოგიკურ მიმართებებს მოქმედების შემსრულებელთან და მოქმედების (ლოკალურ ან ვითარებით) გარემოსთან, რომლებსაც სინტაქსურ დონეზე შეესაბამება ქვემდებარე და ადგილის/ვითარების გარემოება: „ლელა უნივერსიტეტში მუშაობს“ / „ლელა ბევრს მუშაობს“ / „ლელა ექიმად მუშაობს“. პრედიკაცია „მუშაობა“  მოცემულ შემთხვევაში გადმოცემულია კონკრეტული ზმნური ფორმით „მუშაობს“ (აწმყოს მწკრივი), რომელსაც სუბიექტი მესამე სუბიექტური პირის ფორმით შეეწყობა), მაგრამ მოიცავს ლოგიკურ მიმართებას არა მხოლოდ მოქმედების შემსრულებელთან, ანუ იმასთან, ვინც „მუშაობას“, არამედ   იმასთანაც, სადაც „მუშაობენ“ ან როგორც „მუშაობენ“. პრედიკაცია „მუშაობა“  აუცილებლობით მოითხოვს სპეციფიკაციას, იგი შეუძლებელია ამ უკანასკნელის გარეშე:

ა)  სად-სპეციფიკაცია აზუსტებს პრედიკაციის ადგილს და გადმოიცემა – 1) -ზე თანდებულიანი მიცემითით (მაგ.: წიგნის ბაზრობაზე) ან  2) -ში თანდებულიანი მიცემითით (მაგ.: უნივერსიტეტში) ან ადგილის გარემოებით (მაგ.: აქ)

ბ) როგორ-სპეციფიკაცია აზუსტებს პრედიკაციის რაგვარობას და გადმოიცემა ვითარების გარემოებით (მაგ.:ბევრს);

გ) რად-სპეციფიკაცია აზუსტებს პროფესიულ საქმიანობას და გადმოიცემა არსებითი სახელით ვითარებით ბრუნვაში (მაგ.: „ექიმად“).

სტრუქტურულ დონეზე პრედიკაცია „მუშაობა“ შეგვიძლია ასე გადავწეროთ:

15

კლასიფიკაციის აქ წარმოდგენილი სახე, როგორც ვხედავთ, კომპლექსური ხასიათისაა და გარდა იმ  მიმართებების აღწერისა, რომელიც ზემოთ წარმოვადგინეთ, აუცილებლობით მოითხოვს იმის გათვალისწინებასაც, თუ როგორ რეალიზდება ეს მიმართებები სინტაქსურ და მორფოსინტაქსურ დონეზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ პრედიკაციისათვის დამახასიათებელი მიმართებები აბსტრაქტულ-სემანტიკურ დონეზე ნებისმიერი ენისათვის ერთი და იგივეა, განსხვავება ჩნდება ამ მიმართებათა სინტაქსურ და მორფოსინტაქსურ დონეზე რეალიზაციის დროს. მაგალითად, პრედიკაცია „სიყვარული“, რომელიც ლოგიკურ სემანტიკურ დონეზე მოიცავს მიმართებებს განმცდელთან და განცდის ობიექტთან (ანუ ის, ვისაც უყვარს და ის, ვინც უყვარს), სხვადასხვა ენაში განსხვავებული სინტაქსურიი კონსტრუქციებით გადმოიცემა:

ა) გერმანულში გარდამავალი ზმნის კონსტრუქცია დასტურდება, ანუ პრედიკაციის გადმომცემ ზმნას მორფოსინტაქსურ დონეზე უკავშირდება აგენსი სახელობით ბრუნვაში და პაციენსი აკუზატიურ ბრუნვაში:

Die Mutter (A:NOM) liebt ihre Kinder (P:ACC)

ბ) ქართულში პრედიკაცია „სიყვარული“ დატიურ კონსტრუქციას გვიჩვენებს, ანუ პრედიკაციის გადმომცემ ზმნას მორფოსინტაქსურ დონეზე უკავშირდება აგენსი მიცემით ბრუნვაში და პაციენსი სახელობით ბრუნვაში:

დედას (A:DAT) უყვარს შვილები (P:NOM)

მომდევნო თავში ჩვენ განვიხილავთ პრედიკაციის ლოგიკური მიმართებების სინტაქსური რეალიზაციის შემთხვევებს ქართულ ენაში, რათა მოვახდინოთ ზმნათა კლასიფიკაცია მორფოსინტაქსური ნიშნების მიხედვით, ანუ ქვემოთ აღვწერთ იმ სინტაქსურად განპირობებულ შეთანხმების წესებს, რომლის რეალიზება ქართული  ზმნის შემთხვევაში აუცილებელია.