ქართული ენის ისტორიული კორპუსი

1. ქართული ენის ელექტრონული რესურსების შექმნის ისტორია

ქართული ენისათვის პირველი ელექტრონული რესურსების შექმნა და ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების მასშტაბური გაციფრება დაკავშირებულია გერმანელი ქართველოლოგის პროფ. იოსტ გიპერტის (Jost Gippert) სახელთან. ინდოევროპული ენების ისტორიული კორპუსის TITUS (Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien) შემქმნელი გერმანელი მეცნიერი ქართველური ენებით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაინტერესდა და სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ქართული ხელნაწერების ბეჭდური გამოცემების პირველი ციფრული ვერსიის შექმნა ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიებით კვლევის მიზნით. ამ პერიოდში იოსტ გიპერტი ახორციელებს ძველი ქართული ენის ძეგლების გაციფრებას და იწყებს ქართული ენის ისტორიული კორპუსისათვის საფუძვლის მომზადებას.

26

ძველი ქართული ენის პირველი ციფრული კორპუსი მოიცავდა ძველ ქართულ ბიბლიურ ტექსტებს, აპოკრიფებსა და კომენტარებს, აგიოგრაფიულ და ჰომილეტიკურ ტექსტებს, როგორიცაა ძველი აღთქმის ოშკისა და იერუსალიმის რედაქცია, ფსალმუნნი (A რედაქცია), პარიზის ლექციონარი, ახალი აღთქმის აპოკრიფები და სხვ. ასევე, ძველი ქართული ლიტერატურის ისეთ ძეგლებს, როგორიცაა:

• „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი“,

• „მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ“,

• „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისი მოწამისა ქრისტესა ჰაბოჲსი“,

• „მოქცევაჲ ქართლისაჲ“,

• „ცხოვრებაჲ და წამებაჲ წმიდისა მოწამისა კოსტანტინისი ქართველისაჲ“,

• „წამებაჲ ყრმათა წმიდათაჲ რიცხვით ცხრათაჲ“,

• „ცხოვრებაჲ წმიდისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისაჲ“ (A და B რედაქციები),

• „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ მამისა ჩუენისაჲ დავით გარესჯელისაჲ“,

• „მოქალაქობაჲ და წამებაჲ წმიდისა აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისაჲ“ (A და B რედაქციები),

• „ცხოვრებაჲ და მოქალაქობაჲ და ღუაწლი წმიდისა და ღირსისა დედისა ჩუენისა ნინოჲსი“

• და მრავალი სხვა;

ძველი ქართული ენის პირველი ციფრული კორპუსი ასევე შევიდა ნათარგმნი აგიოგრაფიული ძეგლები, ჰომილეტიკური და ეგზეგეტიკური ტექსტები S-1141 და Ath-8 (57) ხელნაწერებიდან და სხვ.

ძველი ქართული ენის კორპუსის შექმნაში პირველ ეტაპზე მონაწილეობას იღებდნენ ქართველი მეცნიერები: ვახტანგ იმნაიშვილი, ზურაბ სარჯველაძე, ლამარა ჯაქაია, დარეჯან თვალთვაძე, მანანა მაჩხანელი, ელგუჯა გიუნაშვილი, ანა ხარანაული, სოფიო სარჯველაძე.

27

იოსტ გიპერტის მიერ მომზადებული ძველი ქართული ენის კორპუსი, რომელშიც 100-მდე ტექსტი გაერთიანდა, აღჭურვილია მეტამონაცემებითა და მოქნილი საძიებო სისტემით.

28 

29

30

TITUS-ის ქართული რესურსები ვერიფიცირებადია: ტექსტის გაციფრებულ ვერსიას თან ახლავს ტექსტის წყაროს – ორიგინალი დოკუმენტის ფოტორესურსი, რაც ინტერდისციპლინური მოხმარების რესურსად აქცევს მას და საშუალებას აძლევს TITUS-ის ქართული რესურსების მომხმარებელს, თავად ორიგინალში გადაამოწმოს მასალის სისწორე.

ძველი ქართული ენის კორპუსი განთავსდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის TITUS-ის (Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien) პლატფორმაზე და მის ორგანულ ნაწილად იქცა. საგულისხმოა, რომ TITUS-ის ქართულ რესურსებს დღემდე არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. შემდგომი სამეცნიერო პროექტების ფარგლებში შექმნილი რესურსები, როგორიცაა ARMAZI (Fundamentals of an Electronic Documentation of Caucasian Languages and Cultures – Alternative Resources, Materials, Applications and Zipped Information) და GNC (Georgian National Corpus), აღნიშნული პროექტების ელექტრონული პლატფორმების გარდა პარალულურად  TITUS-ის (Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien) პლატფორმაზეც განთავსდა და დღემდე მოიხმარება მკვლევართა მიერ, როგორც საერთაშორისო მიმოქცევის პროდუქტი..

2. ქართული ენის ისტორიული კორპუსის შექმნის ისტორია

ქართული ენის ისტორიული კორპუსისათვის ელექტრონული რესურსების მიზნობრივი შექმნა 1995 წლიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ხორციელდებოდა:

I ეტაპი:

1995-99 წლებში იოსტ გიპერტი ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობით იწყებს ქართული ენის ისტორიული კორპუსის გაფართოებას და ძველი და საშუალი ქართულის ელექტრონული რესურსების მომზადებას და მათ განთავსებას TITUS-ის (Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien) პლატფორმაზე. ამ პერიოდში გიპერტთან აქტიურად თანამშრომლობს ქართველ მეცნიერთა მთელი პლეადა: ვ. იმნაიშვილი, ზ. სარჯველაძე, ლ. ქაჯაია, დ. თვალთვაძე, ა. ხარანაული, ვ. წამალაშვილი, მ. ბაბუხადია, ლ. ბასილაია, ნ. დობორჯგინიძე, თ კარსანიძე, მ. მაჩხანელი, ნ. შარაშენიძე, თ. ცოფურაშვილი, ნ. შუღლაძე, თ. ცქიტიშვილი, ს. სარჯველაძე, ქ. გოჩიტაშვილი, ნ. დათუკიშვილი, ნ. ლოლაძე, ა. მეფისაშვილი და სხვ.

II ეტაპი:

1999-2012 წლებში იწყება სრულიად ახალი ეტაპი ქართული ენის ელექტრონული რესურსების შექმნის ისტორიაში. იოსტ გიპერტი და მანანა თანდაშვილი ქართველ მეცნიერებთან თანამშრომლობას ფოლკსვაგენის ფონდის  (Volkswagen Stiftung) მხარდაჭერით საერთაშორისო პროექტების ფარგლებში აგრძელებენ.

31

ქართული ენის კორპუსის შექმნის მეორე ეტაპზე კორპუსის შექმნაში არა მხოლოდ ცალკეული ქართველი მეცნიერები, არამედ ქართული კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუციებიც არიან ჩართული. 1999 წლიდან 2012 წლამდე 8 ჯგუფური საერთაშორისო სამეცნიერო პროექტი და 7 ქართველი მეცნიერის ინდივიდუალური პროექტი განხორციელდა იოსტ გიპერტისა და მანანა თანდაშვილის ხელმძღვანელობით, რომლის საერთო ღირებულება 1, 5 მილიონ ევროს შეადგენს:

• არმაზი – კავკასიური ენები და კულტურები – 1999-2002

• საფრთხეში მყოფი კავკასიური ენები საქართველოში – 2002-2005

• კავკასიოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში“, 12-14 დეკემბერი, 2003 წ. ფრანკფურტი

• კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტები – 2004-2006

• სოციოლინგვისტური სიტუაცია თანამედროვე საქართველოში – 2005-2007

• მათესა და მარკოზის სახარების ხელნაწერთა კრიტიკული გამოცემა – 2006-2009

• ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები – 2009-2012

• ფოლკსვაგენის ფონდის პროგრამის „ევროპასა და აზიას შორის – შუა აზია და კავკასია მეცნიერების ფოკუსში“ შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია, 18-21 მაისი 2010 წ., თბილისი

აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას იღებდა 200-ზე მეტი ქართველი მეცნიერი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კვლევითი და სასწავლო დაწესებულებებიდან. მათ შორის იყვნენ მზ. შანიძე, თ. გამყრელიძე, ზ. ალექსიძე, ზ. სარჯველაძე, ვ. იმნაიშვილი, დ. მელიქიშვილი, თ. უთურგაიძე, ი. ჩანტლაძე, გ. გოგოლაშვილი, დ. თვალთვაძე, ა. ხარანაული, ქ. დათუკიშვილი, ნ. ჭუმბურიძე, ნ. ლოლაძე, მ. ბაბუხადია, ნ. დობორჯგინიძე, მ. მაჩხანელი, ნ. შარაშენიძე, კ. გაბუნია, ჭ. ქირია, ლ. ეზუგბაია, რ. ქურდაძე, მ. მანჯგალაძე, მ. საღლიანი, რ. იოსელიანი, ქ. მარგიანი, ე. გიუნაშვილი, მ. მაჩხანელი, ტ. სიხარულიძე, რ. აბაშია, ლ. ქაროსანიძე, თ. ლომთაძე, დ. ჩიტუნაშვილი, თ. აბაშიძე, ხ. თოდუა, ბ. თოფურია, ვ. კვანტრიშვილი, გ. ალექსიძე, გ. შაბაშვილი, ლ. ციხელაშვილი, ნ. დანელია და სხვ.

ქართული ენის კორპუსის შექმნის მეორე ეტაპზე კორპუსი საგრძნობლად განივრცო გაციფრებული რესურსებით, ძველი და საშუალი ქართულის ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლებით, როგორიცაა

• გრაცის ხანმეტი ლექციონარი (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი, ზ.სარჯველაძე),

• ხანმეტი პალიმფსესტი A89 / A844 (ლ. ქაჯაია, ი. გიპერტი),

• ვენის ხანმეტი პალიმფსესტი (ი. გიპერტი, ზ. სარჯველაძე, ლ. ქაჯაია),

• სახარების ადიშის რედაქცია (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი, ზ. სარჯველაძე, ს. სარჯველაძე, დ. თვალთვაძე),

• მცხეთის ბიბლია (ი. გიპერტი, ა. ხარანაული, ქ. დათუკიშვილი, ნ. ლოლაძე, ს. სარჯველაძე, დ. თვალთვაძე, ნ. ჭუმბურიძე),

• პავლენი (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი, ს. სარჯველაძე, დ. თვალთვაძე),

• საქმენი მოციქულთანი (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი),

• კათოლიკეთა ეპისტოლენი (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი),

• იოანეს გამოცხადება (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი),

• ქებათა ქება – G რედაქცია (ზ. სარჯველაძე),

• პერიკოპები ძველი და ახალი აღთქმიდან (ი. გიპერტი, ს. სარჯველაძე, დ. თვალთვაძე),

• შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი),

• ვისრამიანი (ი. გიპერტი, თ. აბაშიძე, ხ. თოდუა),

• არჩილიანი (მეფე არჩილის სხვა პოეტური ტექსტები) (პ. ოლივიერი, ი. გიპერტი, ა. მეფისაშვილი),

• ჩახრუხაძე, თამარიანი (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი),

• შავთელი, აბდულმესიანი (ი. გიპერტი, ვ. იმნაიშვილი),

• მოსე ხონელი, ამირანდარეჯანიანი (ი. გიპერტი, ნ. ჭუმბურიძე) და სხვ.

ქართული ენის კორპუსის შექმნაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუციები საქართველოს ყველა რეგიონიდან, მათ შორის სამეცნიერო აკადემიები, უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები და მუზეუმები:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრა,

2. თსუ სამეცნიერო ლაბორატორია „ორიონი“,

3. თსუ სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრა,

4. არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი,

5. სულხან-საბას პედაგოგიური უნივერსიტეტი,

6. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი),

7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,

8. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

9. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

10. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია,

11. შოთა რუსთაველის სახელმწიფო კომისია,

12. გელათის მეცნიერებათა აკადემია,

13. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,

14. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი,

15. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,

16. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა,

17. საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

1984-2012 წლებში იოსტ გიპერტი და მანანა თანდაშვილი ხელმძღვანელობით, ერთი მხრივ, და ქართველი მეცნიერების აქტიური მონაწილეობით, მეორე მხრივ, თავი მოეყარა ქართული ენის ისტორიული არსებობის განმავლობაში შექმნილ უზარმაზარ კორპუსს – უძველესი წარწერებიდან მოყოლებული ბესიკის ჩათვლით, რომელიც V-XVIII საუკუნეების ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანეს ძეგლებს მოიცავს, მათ შორის უცხოეთის ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებსა და მონასტრებში დაცულ პალიმფსესტურ ხელნაწერებს. სწორედ ეს ელექტრონული რესურსები დაედო საფუძვლად (სხვა ღია რესურსებთან ერთად) ქართული ენის ეროვნულ კორპუსს.