სუბსტიტუციის მეთოდი

სუბსტიტუცია „ჩანაცვლებას“ ნიშნავს და ლინგვისტურ ოპერაციას წარმოადგენს. ეს მეთოდი გულისხმობს ენობრივი ელემენტის სხვა, ლექსიკური ან ფუნქციური თვალსაზრისით მსგავსი ელემენტით ჩანაცვლებას. თუ ჩანაცვლების შედეგად მიღებული შედეგი ვალიდურ ვარიანტს მოგვცემს (ანუ სწორ ვარიანტს როგორც გრამატიკული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით), მაშინ საწყისი ელემენტის მორფოსინ­ტაქსური (ან გრამატიკული) ფუნქცია დამტკიცებულად ჩაითვლება. თვალ­საჩინოებისთვის განვიხილოთ ეს მეთოდი მათემატიკური ოპერაციის მაგა­ლითზე.

ავიღოთ ასეთი განტოლება: 8+5=13. ჩავანაცვლოთ ციფრი 8 ორი ციფრით, რომელთა ჯამიც იძლევა 8-ს, მაგ.: (2+6)+5=13. როგორც ვხედავთ, შედეგი არ შეცვლილა. ორივე შემთხვევაში შესაკრებთა ჯამი უდრის 13-ს. შდრ.: 8+5=13 და (2+6)+5=13.

ლინგვისტიკაში ამ მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტუ­რია ფუნქციური ელემენტების შემთხვევაში. მაგ., განვიხილოთ ამ თვალსაზრისით ზემოთ მოყვანილი წინადადება:

(1)სალომემ, როგორც ჩანს, პარკში წაიყვანა ექვსი წლის გიგა ბაბუის ნაჩუქარი ველოსიპედით

ამ წინადადებიდან ავიღოთ ერთი სინტაგმა – „როგორც ჩანს“ – და შევეცადოთ ჩავანაცვლოთ იგი ისეთი სიტყვით ან სიტყვათა ჯგუფით, რომ წინადადების შინაარსი და ლოგიკური მიმართებანი წინადადების შიგნით არ დაირღვეს. მივიღებთ მაგ., ასეთ წინადადებას:

(1ა)სალომემ, ეტყობა, პარკში წაიყვანა ექვსი წლის გიგა ბაბუის ნაჩუქარი ველოსიპედით

როგორც ვხედავთ, ამ ჩანაცვლების შედეგად წინადადების შინა­არ­სი არ შეცვლილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ელემენტები – ერთი მხრივ, „როგორც ჩანს“ და მეორე მხრივ, „ეტყობა“ (ანუ „როგორც სიტუაციას ეტყობა) – ერთმანეთის ეკვივალენტი ფუნქციური ელემენტებია. ორივე შემთხვევაში ისინი გამოხატავენ მთქმელის ვარაუდს ზმნით გადმოცემული მოქმედების შესახებ.

ენათმეცნიერებაში ერთმანეთისაგან განასხვავებენ სუბსტიტუციის ორ სახეს: ლექსიკურ სუბსტიტუციას და გრამატიკულ სუბსტიტუციას. საილუსტრაციოდ განვიხილოთ ასეთი წინადადება:

(2) ზვიადი დღეს სამსახურში უნდა წასულიყო.

უნდა ფორმას, ცალკე აღებულს, შეიძლება ორი განსხვავებული  კვალიფიკაცია მიეცეს – იგი კვალიფიცირდება:

ა) როგორც ზმნა, კერძოდ ნდომა საწყისისგან ნაწარმოები ფორმა აწმყოს მესამე პირში

ან

ბ) როგორც ფუნქციური ელემენტი, კერძოდ, როგორც მოდალური სიტყვა უნდა, რომელიც ფორმაუცვლელია და არ ეთანხმება წინადადების სხვა წევრებს რომელიმე  გრამატიკული კატეგორიის მიხედვით.

იმის დასადგენად, წინადადების სრულფასოვან წევრს (ამ შემთხ­ვევაში ზმნას ანუ პრედიკატს) წარმოადგენს იგი თუ არა, გამოვიყენოთ ლექსიკური სუბსტიტუციის მეთოდი, კერძოდ, ნდომა საწყისისგან ნაწარმოები ფორმის მაგივრად ჩავსვათ მისი სემანტიკური ეკვივალენტი – სურვილი საწყისისაგან ნაწარმოები აწმყოს ფორმა „სურს“:

(2ა)ზვიადი დღეს სამსახურში სურს წასულიყო.

სუბსტიტუციის შედეგად მივიღებთ არაგრამატიკულ წინადადებას, ვინაიდან:

1) სურს ფორმა ვერ ინარჩუნებს სინტაქსურ ბმულობას წინადადების სუბიექტთან ზვიადი და

2) სურს ფორმას მოსდევს ზმნური ფორმა „წასულიყო“, რაც ქართული სინტაქსისათვის დაუშვებელია: ერთი და იმავე სინტაქსური ფუნქციით აღჭურვილი ელემენტები ა) ან მძიმით გამოიყოფა ერთმანეთისაგან ან ბ) კავშირის მეშვეობით უკავშირდებიან (/უპირისპირდებიან) ერთმანეთს. მოცემულ წინადადებაში ორი ზმნური ფორმის თანმიმდევრობა – სურს წასულიყო (V-V)  – ვერცერთ პირობას ვერ აკმაყოფილებს. დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქ არ ვგულისხმობთ ბივერბალურ კონსტრუქციებს, რომელშიც კავშირებითის ფორმა დასტურდება, მაგ.: შეგეძლოთ წასულიყავით, უნდოდა გაეკეთებინა.

ახლა შევეცადოთ გრამატიკულად გავმართოთ (2ა) წინადადება. უპირ­ველეს ყოვლისა, აღვადგინოთ პრედიკატის სინტაქსური ბმულობა წინადადების სუბი­ექტ­თან. ამ ბმულობის განსახორციელებლად საჭიროა ეს უკანასკნელი მიცემით ბრუნვაში ჩავსვათ. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ წინადადებას:

(2ბ)ზვიადს დღეს სამსახურში სურს წასულიყო.

როგორც ვხედავთ, არც ეს სინტაქსური კომპრომისი გვაძლევს შედეგს: წინადადება არაგრამატიკულია (გრამატიკულად მისი გამართვის შემთხვევაში მივიღებთ ასეთ წინადადებას: ზვიადს დღეს სამსახურში სურს წასვლა”). გარდა ამისა, სურს ფორმის გამოყენება უნდა ფორმის მაგივრად არსებითად ცვლის წინადადების შინაარსს. ახალი წინადადების მიხედვით მივიღებთ ასეთ შინაარსს: „ზვიადს სურვილი აქვს, რომ სამსახურში წავიდეს“, რაც თავდაპირველი წინადადების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს – საწყისი წინადადების შინაარსის მიხედვით: „ზვიადი ვალდებული (ან იძულებული) იყო, რომ სამსახურში წასულიყო“.

მოდით, კიდევ ერთხელ ვცადოთ სუბსტიტუციის მეთოდის გამო­ყენება, ამჯერად უფრო კომპლექსური ხასიათის. თუკი უნდა ფორმას განვიხილავთ როგორც ზმნას, მაშინ შევეცადოთ ეს ზმნა (და შესაბა­მისად მთლიანი წინადადება) გადავიყვანოთ სხვა პირში (ყველა აუცილე­ბელი მორფოსინტაქსური ტრანსფორმაციის გათვალისწინებით). კერძოდ, ჩავანაცვლოთ უნდა ფორმა ზმნის პირიანი ფორმით პირველ პირში მინდა. შესაბამისად, უნდა შევცვალოთ წინადადების სუბიექტის პირი – მესამე პირი (ზვიადი) უნდა ჩავანაცვლოთ პირველი პირის ნაცვალსახელით – მე და ზმნური ფორმა წასულიყო (S3) ჩავანაცვლოთ შესაბამისი ზმნური ფორმით პირველ პირში – წავსულიყავი (S1).

სუბსტიტუციის შედეგად წინადადება ასეთ ფორმას მიიღებს: მე დღეს სამსახურში მინდა წავსულიყავი. არც ამ შემთხვევაში მივიღებთ გრამატიკულად სწორ წინადადებას, როგორც ფორმალური, ისე შინაარ­სობ­რივი თვალსაზრისით: სუბსტიტუციის შედეგად დაირღვა სამი არსე­ბითი მოთხოვნა:

  1. წინადადება იქცა არაგრამატიკულ კონსტრუქტადსწორი იქნებოდა: „მე დღეს სამსახურში მინდა წასვლა“;
  2. შინაარსობრივად შეიცვალა წინადადებით გადმოცემული აზრი; საწყისი წინადადება „ზვიადი დღეს სამსახურში უნდა წასულიყო“ გამოხატავს სუბიექტის ვალდებულებას, ტრანს­ფორ­მირებული წინადადება კი – სურვილს
  3. დაირღვა წინადადების შემადგენელ ელემენტებსსუბიექტსა და მოქმედების ადგილს (ადგილის გარემოებას შორისშორის არსებული ლოგიკური მიმართებები: ნაცვლად მიმართებისა – მე (S) მივდივარ (P) სამსახურში ჩემი ვალდებულებიდან გამომდინარე, მივიღეთ მიმართება – მე (LS) მინდა (P) სამსახურში წასვლა (LO),  რაც შესაბამისად აისახა წინადადებაში  მოცემულ მოდა­ლო­ბის კატეგორიაზე.     

გრამატიკულად გამართული წინადადება იმავე ლოგიკური მიმარ­თებებით იქნებოდა:

(3) მე დღეს სამსახურში უნდა წავსულიყავი.

შდრ.:

(3ა) ზვიადი დღეს სამსახურში უნდა წასულიყო”.

აქ აღწერილი ტესტის შედეგიდან გამომდინარე, უნდა ფორმა კვალიფიცირდება არა როგორც ლექსიკური ელემენტი – ზმნის უღლე­ბადი ფორმა, არამედ როგორც ფორმაუცვლელი, ფუნქციური ელემენტი – მოდალური სიტყვა.

ახლა განვიხილოთ გრამატიკული სუბსტიტუციის შემთხვევა. ავიღოთ ზმნიზედები სწრაფად და მალე, რომლებიც, სინონიმთა ლექსი­კონის მიხედვით, თავისუფლად ჩანაცვლებადი სინონიმური ერთეულებია და გადავამოწმოთ ეს დებულება სუბსტიტუციის გამოყენების გზით. ვინაიდან ამ შემთხვევაში ფუნქციური ხასიათის ეკვივალენტებთან გვაქვს საქმე, გამოვიყენოთ კორპუსული კვლევის მეთოდი და გადავამოწმოთ მათი ფუნქციური ეკვივალენტობის სისწორე ქართული ენის რეფერენ­ციულ კორპუსში.

ტოკენი მალე 43 600-ჯერ დასტურდება კორპუსში, ტოკენი სწრაფად კი – 13 863-ჯერ. ორივე ტოკენის კოლოკაციების კვლევამ გვიჩვენა, რომ ფუნქციური სემანტიკის თვალსაზრისით მალე და სწრაფად არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან:  მალე-ს კოლოკანტებად დასტურება ზმნები დაიწყება (325), დასრულდება (270), მოხდება (239), გაირკვევა (229), გამოჩნდება (215), მოვა (189), ხოლო სწრაფად ტოკენის შემთხვევაში კი ყველაზე ხშირად ხმარებადი კოლოკანტებია ვითარდება (177), იზრდება (117), იცვლება (98), ხდება (94), განვითარდა (75), გავრცელდა (75), გარბის (51), მიმდინარეობს (51).

კონტექსტურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ზმნიზედა სწრაფად უმეტესად დასტურდება ისეთ ზმნებთან, რომლებიც პროცესს ან პროცესის შედეგს აღნიშნავს. გადამკვეთი კოლოკაციების შემთხვევაში კი (ანუ როდესაც ერთი და იგივე ზმნასთან დასტურდება ორივე ტოკენი), გამოიკვეთა ერთი სემანტიკური სხვაობა: მალე ფუნქციური სემანტიკის თვალსაზრისით დროის გარკვეულ მონაკვეთს მიემართება, სწრაფად კი – ზმნით გადმოცემული მოქმედების ინტენსივობას/დაჩქარებას გადმოსცემს.

შდრ.:

(4) დაზიანებული უჯრედები მალე აღდგა.

(5) დაზიანებული უჯრედები სწრაფად აღდგა.  

პირველ წინადადებაში იგულისხმება, რომ დაზიანებული უჯრე­დები გარკვეული დროის შემდეგ (შეიძლება იმაზე უფრო მოკლე ხანში, ვიდრე მოსალოდნელი იყო) აღდგა, მეორე მაგალითში კი საუბარია აღდგენის დაჩქარებულ პროცესზე (დაზიანებული უჯრედები უფრო ჩქარი ტემპით აღდგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო).

ფუნქციურ-სემანტიკური თვალსაზრისით განსხვავება მალე და სწრაფად ელემენტებს შორის ცხადად ჩანს მომდევნო წინადადებების შედარებისას.

შდრ.:

(6) ხელისუფლებამ არჩევნები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დანიშნოს.

(7) ხელისუფლებამ რაც შეიძლება მალე უნდა გამოაცხადოს არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი.

პირველი წინადადების ინტერპრეტაცია ამგვარი იქნება: ხელისუფ­ლებამ უნდა დააჩქაროს არჩევნების დანიშვნის პროცესი. მეორე წინადადების ინტერპრეტაცია კი ასეთი: ხელისუფლებამ რაც შეიძლება მოკლე დროში (ვიდრე ეს განსაზღვრული იყო) უნდა აცნობოს საზოგადოებას არჩევნების ჩატარების თარიღის შესახებ.

ზმნიზედა სწრაფად რომ სემანტიკურად პროცესის დაჩქარების მნიშვ­ნელობას ატარებს, კარგად ჩანს მომდევნო მაგალითის ტრანსფორ­მირებულ ვერსიაში:

შდრ.:

(8) დაზარალებულები ხელისუფლებისგან საქმის სწრაფად გამოძიებას მოითხოვენ >

   > დაზარალებულები ხელისუფლებისგან მოითხოვენ გამოძიების პროცედურის დაჩქარებას.

საგულისხმოა, რომ დაუშვებელია სუბსტიტუცია ისეთ შემთხვე­ვაში, როდესაც ზმნიზედა მალე მოდიფიცირებულია:

შდრ.:

(9) სულ მალე ეკრანზე ვიხილავთ რეჟისორის ახალ ფილმს…   (ანუ რა­ღაც დროის შემდეგ, რომელიც არც თუ ისე შორსაა)

(9ა) !!! სულ სწრაფად ეკრანზე ვიხილავთ რეჟისორის ახალ ფილმს…

სუბსტიტუციას ვერ განვახორციელებთ მომდევნო მაგალითშიც:

(10) ურბანიზაციის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და მალე შეუქცევად სახეს მიიღებს.

ამ წინადადებაში არც ერთი ზმნიზედა არ ჩანაცვლდება მეორეთი:

(10ა) !!! ურბანიზაციის პროცესი მალე მიმდინარეობს და სწრაფად შეუქცევად სახეს მიიღებს.

იგივე შეიძლება ითქვას შემდეგი მაგალითის შემთხვევაშიც:

(11) აუცილებელია, რომ ეს პროცესი სწრაფად წარიმართოს და მალე დასრულდეს.

(11ა) !!! აუცილებელია, რომ ეს პროცესი მალე წარიმართოს და სწრაფად დასრულდეს.

განხილული მაგალითები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ  ზმნიზედები მალე და სწრაფად ერთმანეთის ფუნქციურ ეკვივალენტებს არ წარმოადგენენ, ვინაიდან მანიპულაციის შედეგად ირღვევა სინტაგ­მატური მიმართებები:

  • პარადიგმატულ დონეზე სუბსტიტუციის გამოყენების შემთხვევაში საწყის წინადადადებაში ჩატარებული მანიპულაციის (სუბსტიტუციის) შედეგად მიღებული წინადადება აღარ არის სწორი რო­გორც ფორმალური (გრამატიკულად ვალიდური), ისე შინაარ­სობრივი თვალსაზრისით:

შდრ.:

  1. სულ მალე ეკრანზე ვიხილავთ რეჟისორის ახალ ფილმს…
  2. !!! სულ სწრაფად ეკრანზე ვიხილავთ რეჟისორის ახალ ფილმს…

ან

  • ტესტის შედეგად მიღებული წინადადება გრამატიკულად ვალიდურია, მაგრამ შინაარსობრივად განსხვავდება საწყისი წინადადებისაგან:
    1. დაზიანებული უჯრედები მალე აღდგა.
    2. დაზიანებული უჯრედები სწრაფად აღდგა.

სუბსტიტუციის ტესტი განსაკუთრებით ეფექტურია ფუნქციური ელემენტების შემთხვევაში. კოლოკაციების კორპუსული კვლევა კი გვეხ­მარება ვიპოვოთ ფუნქციურ-სემანტიკური განსხვავებები სინონიმური ერთეულების შეპირისპირებისას.