კითხვის დასმის მეთოდი

წინადადება შედგება უშუალო შემადგენლებისაგან კონსტი­ტუენ­ტებისაგან. წინადადებაში კონსტიტუენტების გამოსავლენად ეფექტურად გამოიყენება კითხვის დასმის მეთოდი.

განვიხილოთ ასეთი წინადადება:

(1) „ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ“.

მოცემულ წინადადებაში ზმნით გადმოცემული მოქმედება მიმდი­ნარეობს კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დროში და მას ჰყავს კონკრეტული შემსრულებელი. შესაბამისად, შეგვიძლია დავსვათ კითხვა: ვინ?, რა?, სად?, როდის?, როგორ? და კითხვის დასმის მეთოდის გამოყენებით გამოვავლინოთ წინადადების სინტაქსური კონსტიტუენტები. ამასთან, პირველივე კითხვის დასასმელად გამოვიყენოთ წინადადების პრედიკატი ეძინა.

წინადადების სუბიექტის გამოსავლენად დაისმის კითხვა: ვინ? ან ვის?

კითხვა: ვის ეძინა?

პასუხი: შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს.

ადგილის გარემოების გამოსავლენად დაისმის კითხვა: სად?

კითხვა: სად ეძინათ?

პასუხი: ასწლოვანი მუხის ქვეშ.

დროის გარემოების გამოსავლენად დაისმის კითხვა: როდის?

კითხვა: როდის ეძინათ?

პასუხი: ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს.

და ბოლოს, პრედიკატის გამოსავლენად დაისმის კითხვა: რას შვრება? რას იზამს? რა ქნა? რა უქნია? და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, კითხვაში მონაწილეობას იღებს მოქმედების შემსრულებელი, ანუ სუბიექტი:

კითხვა: რას შვრებოდნენ მკალავები?

პასუხი: უდარდელად ეძინათ.

მიღებული შედეგის მიხედვით აქ განხილულ წინადადებაში ოთხი ფრაზა – სიტყვათა ოთხი ჯაჭვი ანუ სინტაქსური კონსტიტუენტი გამოიკვეთა:

  1. სუბიექტის აღმნიშვნელი: შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს
  2. დროის გარემოების აღმნიშვნელი: ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს
  3. ადგილის გარემოების აღმნიშვნელი: ასწლოვანი მუხის ქვეშ
  4. ზმნური ფრაზა: უდარდელად ეძინათ.

ცალკეული კონსტიტუენტის შემადგენელი ელემენტების გამოსავლენად, თავად კონსტიტუენტების თითოეულ ელემენტს დაესმის კითხვა.

განვიხილოთ პირველი კონსტიტუენტი – ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს. იგი სახე­ლური ფრაზაა, რომელიც შედგება საზღვრულისა და მსაზღვრელისაგან. მსაზღვრელის გამოსავლენად შეგვიძლია დავსვათ კითხვა რომელ დღეს? პასუხად მივიღებთ: ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს.

მეორე კონსტიტუენტიც სახელური ფრაზაა: ვის? შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს. კითხვა დაესმის მსაზღვრელსაც: რომელ მკალავებს? პასუხი: შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს.

მესამე კონსტიტუენტიც სახელურ ფრაზას წარმოადგენს და დაესმის კითხვა: სად? პასუხი: ასწლოვანი მუხის ქვეშ. კითხვა დაესმის მსაზღვრელსაც: რომელი მუხის ქვეშ?  პასუხი: ასწლოვანი მუხის ქვეშ.

მეოთხე კონსტიტუენტი კი ზმნური ფრაზაა, რომლის ერთ-ერთ კონსტიტუენტს – ზმნიზედას – დაესმის კითხვა როგორ? კითხვა: როგორ ეძინათ? პასუხი: უდარდელად.

ნათქვამიდან გამომდინარე, კითხვის დასმის მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სინტაქსური კონსტიტუენტების გამოსავლენად, ისე თავად კონსტიტუენტების თითოეული ელემენტის გამოსავლენადაც.