მეხსიერება და მისი ფორმები

მეხსიერება, როგორც  სოციუმის განმსაზღვრელი ნიშანი

ადამიანთა სწრაფვა, შექმნან ინდივიდთა ორგანიზებული სისტემა –  სოციუმი, მისი თანდაყოლილი, უმთავრესი თვისებაა და, ჯერ კიდევ უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული, საზოგადოების განვითარების  მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

სოციუმის არსებობისათვის აუცილებელია ორი რესურსი: ფიზიკური და სოციოკულტურული. სოციუმის ფიზიკურ რესურსს ინდივიდები წარმოადგენენ, რომლებიც ორგანიზებული სისტემის შექმნისა და მისი ისტორიულობის ხარჯზე სოციუმის სოციო-კულტურულ რესურსს ქმნიან, ნიშან-თვისებათა იმ ერთობლიობას, რომელიც მოცემულ სოციუმს თვითმყოფადობას, განუმეორებლობას ანიჭებს და რის მიხედვითაც ერთი სოციუმი მეორისაგან განსხვავდება.

სოციუმის ფიზიკური რესურსი ადამიანის ბიოლოგიური არსებობით არის განპირობებული და ბუნებრივი გზით ფიზიკური გამრავლების უწყვეტობის გამო მუდმივ და თვითრეგულირებად რესურსს წარმოადგენს.

რაც შეეხება სოციოკულტურულ რესურსს, მას ცნობიერი ხასიათი გააჩნია და კულტურული  მეხსიერების სახით არსებობს.

კულტურული მეხსიერება წარმოადგენს სოციუმის კულტურულ ხატს, რომელიც შედგება ენობრივი ფენომენების, მათ შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი და ფუნქციური კავშირების, ღირებულებების, წესებისა და ნორმებისაგან. იგი თაობიდან თაობას გადაეცემა და ქმნის ეროვნული ცნობიერების ღერძს.

კულტურული მეხსიერებ არ წარმოადგენს მხოლოდ კოლექტიურ მეხსიერებას. იგი ინდივიდისა და კოლექტივის ურთიერთმიმართების შედეგად იქმნება და ინტერაქციული პროცესის შედეგია.

მეხსიერების სუბიექტი, . ჰალბვაქსის მიხედვით, არის და იქნება ინდივიდი, მაგრამ იგი დამოკიდებულია იმ სოციალურ ჩარჩოზე, რომელიც მის მეხსიერებას ორგანიზებულობას ანიჭებს. ანუ ინდივიდის მეხსიერება შედგება იმ ფაქტებისა და მიმართებებისაგან, რომელიც დღევანდელობის თვალსაზრისით რელევანტურია მოცემული საზოგადოებისათვის და არ შეიცავს წარსულის იმ ფრაგმენტებს, რომელსაც თანამედროვეობაში  შესაბამისობა არ მოეპოვება ან არარელევანტურია აწმყოსთან მიმართებით.

მეხსიერება “ცოცხლობს” და “ინახება” სოციუმის შიგნით კომუნიკაციის (ინტერაქციის) გზით. ის ფაქტები და მიმართებები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების (მაგ., მათი არარელევანტურობის) გამო კომუნიკაციის პროცესში  არ „აქტიურდება“,  დროთა განმავლობაში “მკრთალდება” და “დავიწყებას ეძლევა”. ინდივიდი “იხსენებს” მხოლოდ იმას,  რასაც იგი სოციალური კომუნიკაციის პროცესში მოიხმარს და რომელსაც კოლექტიური მეხსიერების სოციალურ ჩარჩოში მიუჩენს ადგილს. ინდივიდის მიერ ამგვარად “შენახული” მეხსიერება წარმოადგენს აგლომერატს, რომლის ერთობლიობა საზოგადოებრივ მეხსიერებას ქმნის, რომელიც თავის მხრივ რელევანტურობას ანიჭებს აგლომერატებს, ქმნის ჯგუფური მეხსიერების კონგლომერატს ან მის უფრო მაღალ ფორმას, საზოგადოებრივ (მაგ., ეროვნულ) მეხსიერებას.

მეხსიერების ფორმები

მეხსიერება, მიუხედავად მისი აბსტრაქტული ბუნებისა, კონკრეტულ ფაქტებს შეიცავს, მაგრამ ვიდრე ფაქტი ან მოვლენა საზოგადოებრივი მეხსიერების ნაწილად იქცევა, მან კონკრეტული ფორმა უნდა მიიღოს: ერთი მხრივ, იგი უნდა არსებობდეს სივრცესა და დროში, მეორე მხრივ კი მას უნდა ჰყავდეს მატარებელი კონკრეტული სოციუმის სახით.

საგნები და მოვლენები სოციალურად მარკირებულ ოდენობებს წარმოადგენენ  – მნიშვნელობა, ღირებულება და სიმბოლური დანიშნულება ანიჭებს მათ  სოციალური ფაქტორის სტატუსს.  თუ ადამიანთა ჯგუფს კონსოლიდაციის სურვილი ამოძრავებს, ანუ სოციუმს პრეტენზია გააჩნია „მთლიანობაზე“ და იდენტიფიკაცია ესაჭიროება, მაშინ მეხსიერების აქტუალიზაციას სწორედ საგნებისა და მოვლენების საშუალებით ახდენს. . ჰალბვაქსი მათ “მეხსიერების ფიგურებს” უწოდებს. მეხსიერების ფიგურები იმავდროულად არიან მოდელები, მისაბაძი მაგალითები და ერთგვარ სასწავლო ფუნქციას ასრულებენ. მათში აისახება საერთო ჯგუფური ქცევა. ისინი ასახავენ არა მხოლოდ წარსულს, არამედ განსაზღვრავენ სოციუმის არსებობის ფორმას და თვისებებს. სოციალური ჯგუფი, რომელიც საერთო სოციალური მეხსიერების მქონე საზოგადოებად ყალიბდება,  თავის წარსულს ინახავს და ახდენს თვითიდენტიფიკაციას ისტორიის (განვლილი დროის) ფონზე და მომავლის პერსპექტივაში.

. ასმანი მეხსიერების ოთხ ფორმას განასხვავებს ერთმანეთისაგან: 1. ინდივიდუალური მეხსიერება, 2. სოციალური მეხსიერება, 3. კოლექტიური მეხსიერება და 4. კულტურული მეხსიერება.

1. ინდივიდუალური მეხსიერება

ინდივიდუალური მეხსიერება არის ის, რაც ადამიანს პიროვნებად აქცევს – ადამიანის პიროვნული ბიოგრაფია განსაზღვრავს მისი, როგორც ინდივიდის იდენტობას. ინდივიდუალურ მეხსიერებას, . ასმანის მიხედვით, ოთხი ნიშანი ახასიათებს:

  1. ინდივიდუალური მეხსიერება არის ფაქტებისა და მოვლენების ინდივიდუალური აღქმა; იგი ინდივიდის პერსპექტივიდან აღქმული სურათია და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მისი შეცვლა, ჩანაცვლება ან ერთი ინდივიდიდან მეორეზე გადატანა;
  2. ინდივიდუალური მეხსიერება არ არის იზოლირებული. ინდივიდუალური მეხსიერება სხვა ინდივიდთა მეხსიერებასთან არის დაკავშირებული და მასთან ერთად ქმნის სოციალურ და კოლექტიურ მეხსიერებას;
  3. მეხსიერებაში შენახული ფაქტები და მოვლენები ფრაგმენტულია. ისინი მხოლოდ პერფორმანსში იძენენ ფორმასა და სტრუქტურას, მაშინ, როდესაც ინდივიდს თავისი მოგონებები ენობრივ ფორმატში გადააქვს;
  4. მეხსიერებაში შენახული ფაქტები და მოვლენები მეხსიერების არასტაბილურ და არამდგრად კომპონენტებს წარმოადგენენ. ისინი შეიძლება „გაფერმკრთალდნენ“ და საერთოდაც გაქრნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ღირებულებებისა და ნორმების ამსახველ ფაქტებსა და მოვლენებს.

ინდივიდუალური მეხსიერება კონკრეტულ სოციალურ გარემოში და კონკრეტულ დროში არსებობს. მისი ხანგრძლივობა შეადგენს 80-100 წელს, პიროვნული მოგონებების ურთიერთგაცვლის გზით ინარჩუნებს არსებობას და სამიდან ხუთ თაობამდე ვრცელდება. როგორც კი წყდება პიროვნული მოგონებების გაცვლის პროცესი, ეს მოგონებები დავიწყებას ეძლევა.

2. სოციალური მეხსიერება

ინდივიდი, როგორც სოციუმის ნაწილი, სოციუმის მეხსიერების მატარებელია. სოციუმის მეხსიერებას ქმნის ის ისტორიული მოვლენები და ფაქტები, რომლებიც სოციუმის, როგორც ინდივიდების ერთობლიობის, ფორმირების პროცესზე ახდენს გავლენას. ამიტომაა, რომ თაობათა ცვლასთან ერთად  მკვეთრად იცვლება მეხსიერების პროფილი. მაგ., საქართველოში 90-იანი წლებიდან საბჭოური მეხსიერების პარალელურად გაჩნდა პოსტსაბჭოური, 9 აპრილის ტრაგედიითა და ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიპეტიებით დეტერმინირებული მეხსიერება, რომელიც ახალი თაობის სოციალური მეხსიერების სახით ჩამოყალიბდა და რომელიც ინდივიდუალურ მეხსიერებას, უამრავი ადამიანის პირად განცდებსა და მოგონებებს ეყრდნობა.

სოციალური მეხსიერების „ჩანაცვლების“ დროს იცვლება  ღირებულებები და ნორმები. თაობათა ცვლასთან ერთად ტრანსფორმირდება სოციალური მეხსიერებაც. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მეხსიერება დროის ღერძზე უცვლელად ინახება, იგი კოლექტიური მეხსიერების კომპონენტად იწყებს ჩამოყალიბებას.

 

3. კოლექტიური მეხსიერება

 კოლექტიური მეხსიერება არსებითად განსხვავდება ინდივიდუალური მეხსიერებისაგან: ინდივიდისაგან განსხვავებით კოლექტივს არა აქვს საკუთარი მეხსიერება, როგორც ბიოლოგიურ არსებას. ის ამ „მეხსიერებას“ ქმნის სიმბოლოების მეშვეობით. ასეთ სიმბოლოებს წარმოადგენს სოციალური თანაცხოვრების ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ზეპირმეტყველება, მორალური ხატი, წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, ისტორიული და რიტუალური  მნიშვნელობის გეოგრაფიული ადგილები და მონუმენტები.

კოლექტიური მეხსიერების შექმნა ინდივიდუალური  მეხსიერების სოციალიზაციის გზით მიიღწევა. ინდივიდუალური მეხსიერების (მრიცხველის) მათემატიკური შეკრება იფილტრება და დაიყვანება მეხსიერების საერთო „მნიშვნელზე“, რომელიც კოლექტიური მეხსიერების სახით განაგრძობს არსებობას. ინდივიდუალური მეხსიერების მატარებელი არის თავად ინდივიდი, კოლექტიური მეხსიერების მატარებელი კი კოლექტივია. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივი ინდივიდთა კრებულს, ერთგვარ მათემატიკურ ჯამს წარმოადგენს, კოლექტიურ მეხსიერებასა და ინდივიდუალურ მეხსიერებათა მათემატიკურ ჯამს შორის ტოლობის დასმა დაუშვებელია – კოლექტიური მეხსიერება ინდივიდუალური მეხსიერებების არაინდივიდუალური კომპონენტების ნაკრებია. კოლექტიური მეხსიერება არ მოიცავს სპონტანურ მომენტებს. იგი საგანგებოდ შექმნილი და სიმბოლური კონსტრუქტია – იგი ნებელობით ხასიათდება და ამდენად, სასურველი მეხსიერებაა.

კოლექტიური მეხსიერების განსახიერებას წარმოადგენს  ეროვნული მეხსიერება და რადგან შესაძლებელია კოლექტიური მეხსიერებისათვის კონტროლის გაწევა, ეროვნული მეხსიერების  მართვაც შეიძლება საზოგადოების შეგნებული გადაწყვეტილების შედეგად. ეროვნული მეხსიერებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიტიური ფაქტები და მოვლენები, როგორებიცაა საომარი წარმატებები, აღმშენებლობითი პროცესები (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა), ისტორიული მონუმენტები და ა.შ. თუმცა, ნეგატიური ფაქტები და მოვლენებიც შეიძლება გახდეს ეროვნული მეხსიერების მაიდენტიფიცირებელი, თუ იგი ერში უსამართლობის კოლექტიურ განცდას უკავშირდება: მაგ., აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრება. საბჭოთა არმიის მიერ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განხორცილებული აქცია, როგორც ქართველი ერის მასობრივი დამცირებისა და დემორალიზაციის აქტი, დღეისათვის სოციალური მეხსიერების კომპონენტია, რომელიც ეროვნული მეხსიერების კომპონენტად იქცევა, თუ მას ქართველი ერი შეინახავს დროში, როგორც მეხსიერების ფიგურას.

საგულისხმოა, რომ სამარცხვინო ისტორიული მოვლენაც შეიძლება იქცეს ეროვნული მეხსიერების ნაწილად. მეორე მსოფლიო ომში ებრაელების მიმართ ჩადენილი დანაშაულის შეგნებული გააზრება გერმანელი ერის იდენტობის ნაწილად იქცა, როგორც უარყოფითი გამოცდილება და პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე. ამის ნათელი მაგალითია ის სიტყვები, რომელიც გერმანიის პრეზიდენტმა ჰორსტ კოლერმა წარმოთქვა 2005 წლის 2 თებერვალს: „პასუხისმგებლობა შოას (ებრაელთა მასობრივი ჟლეტა) გამო გერმანელი ერის იდენტობის ნაწილად იქცა. იმ თაობამ, რომელიც ომის შემდეგ დაიბადა, შესანიშნავად იცის, რომ გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის მმართველობის წლები გერმანიის ისტორიის ნაწილია. მართალია, მათ არ ჩაუდენიათ ეს დანაშაული, მაგრამ შესანიშნავად იციან, რომ ვალდებული არიან თავადაც შეინახონ  და თაობებსაც გადასცენ მოგონება ამ პერიოდის შესახებ და უკეთესი მომავალი შექმნან.“

დროის ღერძზე ახალი ფაქტების გამოჩენას შეუძლია გარკვეული კორექტივები შეიტანოს სოციუმის თვითიდენტიფიკაციის პროცესში. გერმანელების დამოკიდებულება უახლეს ისტორიასთან ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

 

რესურსები:

Maurice Halbwachs, Das Gedächtnis und seine socialen Bedingungen, Frankfurt a/M, Suhrkampf, 1985; Kap. 4 „Die lokalisierung der Erinnerungen“

Aleida Assmann, Vier Formen von Gedächtnis – Von individuellen zu kulturellen Konstruktionen der Vergangenheit, Wirtschaft & Wissenschaft 9 (2001) H. 4, S. 34 – 45

http://www.bundespraesident.de/-,2.622155/Ansprache-von-Bundespraesident. htm#top