კორპუსლინგვისტიკის არსი

კორპუსლინგვისტიკა ჰუმანიტარული მეცნიერების ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულებაა, რომელიც მეცნიერების ორი დარგის, ჰუმანიტარიისა და ინფორმატიკის მიჯნაზე წარმოიშვა და იმდენად სწრაფად განვითარდა თეორიული ლინგვისტიკისა და ინფორმატიკის განვითარების პარალელურად, რომ ინტერდისციპლინულ სამეცნიერო დარგად ჩამოყალიბდა. სამეცნიერო წრეებში ხშირად კამათობენ იმის შესახებ, არის თუ არა კორპუსლინგვისტიკა დამოუკიდებელი დისციპლინა და თუ არის, მაშინ რითი განსხვავდება იგი ტრადიციული ლინგვისტიკისაგან.

კამათის საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, ის გარემოება იძლევა, რომ კორპუსლინგვისტიკა არ არის საერთაშორისო კლასიფიკაციაში (DDC, UDC) ასახული, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა – ლინგვისტიკას საკუთარი კოდი გააჩნია, და ინფორმატიკას – საკუთარი: ლინგვისტიკა DDC-ში შეტანილია კოდით 4[00], UDC-ში კი ლიტერატურასთან ერთად იყოფს კოდს 8. რაც შეეხება ინფორმატიკას,  DDC-შიც და UDC-შიც მისი კოდია 004.

DDC

სამყარო, როგორც ობიექტურად მოცემული რეალობა, მეცნიერული კვლევის ძირითად საგანს წარმოადგენს და მრავალწახნაგოვანი და კომპლექსური ფენომენია. ამიტომ მეცნიერების ერთი დარგის ფარგლებში ხშირად შეუძლებელია ამა თუ იმ მოვლენის მეცნიერულად არგუმენტირებული, ასევე მრავალწახნაგოვანი და კომპლექსური აღწერა – საჭიროა ერთდროულად ორი (ან რამდენიმე) სამეცნიერო დარგის კომპეტენციის მოხმობა, რათა ბოლომდე ჩავწვდეთ საკვლევი ობიექტის (მეტა)ფიზიკურ ბუნებასა და მისი ფუნქციონირების მექანიზმს. მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევარი და განსაკუთრებით 21-ე საუკუნის დასაწყისი მკვეთრად გამოირჩევა მეცნიერებაში ინტერდისციპლინური დარგების მოზღვავებით. ისეთი ინტერდისციპლინური დარგები, როგორიცაა ბიოფიზიკა, რომელიც ცოცხალი სისტემების ფუნქციონირების ფიზიკურ მექანიზმს შეისწავლის, ან ბიოქიმია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს სწავლობს, მეცნიერების გუშინდელი დღეა. დღეს თანამედროვე მეცნიერება გაცილებით უფრო კომპლექსურად შეისწავლის სამყაროს და იკვლევს ფაქტებისა და მოვლენების არა მხოლოდ ესენციალურ მხარეს ან მახასიათებელ ნიშნებს, არამედ მათი ფუნქციონირებისა და გარესამყაროზე ურთიერთგავლენის კანონზომიერებებს.

უახლესი ტექნოლოგიების განვითარებამ,  ერთი მხრივ, და ტექნოლოგიზაციის პროცესში თეორიული კვლევების სულ უფრო მეტად გამოყენების აუცილებლობამ, მეორე მხრივ, არა მხოლოდ ინტერდისციპლინური (ორი დარგის მიჯნაზე აღმოცენებული), არამედ მულტიდისციპლინური, ზოგჯერ კი ტრანსდისციპლინური კვლევების განვითარება მოიტანა თან.

ETH
პრობლემის განსაზღვრა და სტრუქტურირება, ტრანსდისციპლინური დარგების თავისებურება ცალკეული სამეცნიერო დარგებისაგან განსხვავებით, ძირითადად მდგომარეობს სამეცნიერო დისციპლინის შიდა სტრუქტურირების გაგებაში: სამეცნიერო დარგებისათვის გადამწყვეტია კვლევის პროცესი, მაშინ როდესაც ტრანსდისციპლინური კვლევის შემთხვევაში კვლევის პროცესი სამი საფეხურისაგან შედგება:

1. პრობლემის განსაზღვრა და სტრუქტურირება;

2. პრობლემის დამუშავება;

3. პრობლემის ტრანსდისციპლინური ინტეგრაცია.

ამგვარი მიდგომა, ანუ ტრანსდისციპლინური კვლევების დანერგვა,  შედარებით ახალი ეტაპია მეცნიერებაში და ჯერჯერობით ძირითადად სამეცნიერო პროექტების ფარგლებში ხორციელდება. ტრანსდისციპლინური კვლევების მთავარი დამახასიათებელი ნიშნებია:

1. მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის მკვეთრი საზღვრების წაშლა;

2. რამდენიმე დარგის სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობა საგანგებო, ე.წ. მოდერირებული დიალოგის ფორმატში;

3. კვლევის მონიტორინგი – კვლევის ეფიციენტურობის დადგენა.

ინტერდისციპლინური და ტრანსდისციპლინური კვლევები მეცნიერული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზეა ორიენტირებული და, შესაბამისად, მეცნიერების განვითარებაში უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს.

ტრანსდისციპლინური კვლევის ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ  ETH-ის ფარგლებში შექმნილი კვლევითი ლაბორატორია Collegium Helveticum.

trans

ლირიკული გადახვევა: ციურიხის ტექნიკურ-საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის (ETH) შენობა აგებულია ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, დრეზდენის ცნობილი ოპერის შენობის ავტორის, გოტფრიდ ზემპერის (Gottfried Semper) მიერ.

 zürich uni

ციურიხის ტექნიკური უნივერსიტეტი

dresden oper

დრეზდენის ოპერა