ანოტაციის ტიპები

ლინგვისტური ანოტაციის დროს განარჩევენ ორი ტიპის ანოტაციას: დესკრიფციულს და ანალიტიკურს. დესკრიფციული ანოტაცია ძირითადად ფორმალური ნიშნების მიხედვით ახდენს ენობრივი მონაცემების (სიტყვაფორმების) დახასიათებას, ანალიტიკური ანოტაციის დროს კი ყურადღება ექცევა არაფორმალურ მახასიათებლებსაც. არაფორმალური მახასიათებელი შეიძლება იყოს როგორც მორფოლოგიური ან მორფოსინტაქსური, ისე სემანტიკურ-პრაგმატული დონის მახასიათებელი. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

სიტყვაფორმაში წარმოდგენილი ლინგვისტური ინფორმაციის დესკრიფციულ-ფორმალური აღწერა ქვემოთ მოცემულ წინადადებაში ამგვარად გამოიყურება:

დილით           მერცხლის         ჭიკჭიკმა        გამაღვიძა

NINSTR              NGEN                        NERG                    Vtr-AOR-S3-DO1

იგივე წინადადება შეგვიძლია სხვაგვარადაც აღვწეროთ:

დილით            მერცხლის          ჭიკჭიკმა         გამაღვიძა

[NINSTR                NGEN                  NERG              Vtr-AOR-S3-DO1]

TempADV          NGEN.Sg               NERG.Sg           Vtr-AOR-Caus-S3.Sg-DO1.Sg.

როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, ანოტაციის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ სიტყვის ფუნქციური მხარე. ასეთ შემთხვევაში  სიტყვაფორმა დილით კვალიფიცირდება როგორც ზმნიზედა.

რაც შეეხება მორფოლოგიურ ელემენტთა კვალიფიცირებას, არსებობს ორი მიდგომა:

1. სიტყვაფორმა ანალიზდება ზოგადი რელევანტური ნიშნების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ანოტირების ველში, მაგალითად, ზმნისათვის მივუთითებთ შემდეგ ნიშნებს: გარდამავლობა/ გარდაუვალობა, მწკრივი, პირი და რიცხვი. შესაბამისად, გამაღვიძა ფორმის ანოტაცია ამგვარ სახეს მიიღებს: Vtr-AOR-S3-DO1

2. სიტყვაფორმა ანალიზდება ანალიტიკურად, რელევანტური ნიშნების მიხედვით, და ასახავს ყველა გრამატიკულ ინფორმაციას, იმის განურჩევლად, ფორმალურადაა იგი გადმოცემული თუ არა. ასეთ შემთხვევაში გამაღვიძა ფორმის ანოტაციას ამგვარი სახე ექნება: Vtr-AOR-Caus-S3.Sg-DO1.Sg.

სიტყვაფორმის დესკრიფციული ანოტაციისაგან განსხვავებით ანალიტიკური ანოტაცია წარმოადგენს ფუნქციური ანალიზის შედეგად მიღებული ლინგვისტური ინფორმაციის ანალიტიკურ-ფორმალურ აღწერას:

შდრ.:

            ურითმო            ლექს-ებ-ს      წერ?

A ვარიანტი:                   Adj                               NDAT-Pl           Vtr

B ვარიანტი:                   Adj DAT                      NDAT-Pl            Vtr-S2.Sg-DO3.Sg

როგორც აქ განხილული მაგალითიდან ჩანს, ანოტაციის A ვარიანტი არ გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას სიტყვაფორმებისათვის დამახასიათებელი რელევანტური ნიშნების შესახებ. მაგ., სიტყვაფორმა ურითმო ფორმალურად მიცემითში დგას, თუმცა არ არის მარკირებული მიცემითი ბრუნვის ნიშნით, ისევე როგორც ყველა ხმოვანფუძიანი მსაზღვრელი სახელი სინტაგმის ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას წერ ფორმის შესახებაც: მიუხედავად იმისა, რომ ამ ზმნას მეორე სუბიექტური პირისა და მესამე პირდაპირობიექტური პირის გაგება გააჩნია, ფორმალურ დონეზე არცერთი პირის ნიშანი არ არის წარმოდგენილი ზმნურ ფორმაში. დესკრიფციული ანოტაციის გამოყენება ასეთ შემთხვევებში საგრძნობლად აღარიბებს სიტყვაფორმათა ლინგვისტურ ანოტაციას და არასრულია. სწორედ ამიტომ ამჯობინებს ენათმეცნიერთა დიდი უმრავლესობა ანალიტიკური ანოტაციის გამოყენებას.

სიტყვაფორმათა ანალიტიკური ანოტირების დროს მაინც იჩენს თავს მთელი რიგი პრობლემები. ქვემოთ შემოგთავაზებთ მათი გადაჭრის გზებს.

მართალია, ანალიტიკური ანოტაციის შემთხვევაში სიტყვაფორმაში წარმოდგენილია ლინგვისტური ინფორმაციის დესკრიფციულ-ფორმალური აღწერა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არც ეს პრინციპი არის იდეალური: არ ასახავს მორფემათა თანმიმდევრულობას და შესაბამისად, იკარგება სიტყვაფორმის სტრუქტურული სურათი. განსაკუთრებით ეს ეხება იმ გრამატიკულ ელემენტებს, რომლებიც ნულოვანი მორფემით არიან სიტყვაფორმაში წარმოდგენილი.

მაგ., სიტყვაფორმა დაეწერება შეგვიძლია ორგვარად ჩავწეროთ:

VPass-FUR:S3.Sg-IO3.Sg          ან        VPass-FUT:Pv-[ IO3.Sg]-Pass-R-ThM-S3.Sg

ანოტირების მეორე ვარიანტი გაცილებით ზუსტად ასახავს ზმნური ფორმის სტრუქტურას მოცემულ ენაში და მორფემათა რანგობრივ თავისებურებას ანუ გრამატიკული ინფორმაციის გარდა სიტყვაფორმებში მორფემათა განაწილების სურათსაც გვაძლევს. ამიტომ, ქართული ენისათვის ჩვენ ვამჯობინებთ სიტყვაფორმის ფუნქციური ანალიზის შედეგად მიღებული ლინგვისტური ინფორმაციის ამგვარ კომპლექსურ აღწერას.

გარდა ამისა, ანოტირების დროს ერთმანეთისაგან განვასხვავებთ მარტივ და კუმულატიურ ნიშნებს, ანუ იმ მორფემებს, რომლებიც ორ ან მეტ გრამატიკულ კატეგორიას ასახავენ, როგორც მაგალითად მესამე სუბიექტური პირის ნიშნები მრავლობითში: ეს, –ენ, –ნენ, –ან ან პირველი ობიექტური პირის ნიშანს მრავლობითში -გვ.

მაგ.:

წერილ-ებ-ს       შე-ი-ნახ-ავ-ს

NDAT-Pl                     Vtr-Pv-[DO3]- {SV}-R-ThM-S3.Sg

შდრ.

                                 შე-ი-ნახ-ავ-ენ

                        Vtr-Pv-[DO3]-SV-R-ThM-S3Pl

როგორც ამ მაგალითიდან ჩანს, კომპლექსური ანოტაციის შემთხვევაში გაცილებით ზუსტი და ამომწურავია ის ლინგვისტური ინფორმაცია, რომელიც ანოტირების მოცემულ ველში არის ვიზუალიზებული.

იმ შემთხვევაში, როდესაც სიტყვაფორმაში წარმოდგენილია მორფემა, რომელიც ფუნქციური თვალსაზრისით არ შეესაბამება მის ფორმალურ გამოხატულებას, ვიყენებთ ფიგურულ ფრჩხილებს: {SV}. ნოტაციის ეს ფორმა იმაზე მიუთითებს, რომ მორფემა დესემანტიზებულია.

მაგ.:       ი-პოვ-ი-ს

               Vtr-FUT:[DO3]-{SV}-R-TAM-S3.Sg

მოცემულ შემთხვევაში სუბიექტური ქცევის ნიშანს –– დაკარგული აქვს სემანტიკური ფუნქცია – ზმნა საარვისო ქცევის სემანტიკას გამოხატავს (შდრ. აწმყოს ფორმა: პოულობს).