ქართული ენის ეროვნული კორპუსის მნიშვნელობა

1. ქართული ენის ეროვნული კორპუსის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა

ქართული ენის ეროვნული კორპუსის უპირველეს პრიორიტეტად სახელმწიფოებრივი გამოყენების თვალსაზრისით სახელმწიფო ენის იურიდიული დაცვა და სწორი ენობრივი პოლიტიკის გატარება მიგვაჩნია, რაც შემდეგში გამოიხატება:

• ქართული ენის ნორმალიზაცია და სტანდარტიზაცია. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ეროვნული კორპუსის მნიშვნელობა სახელმწიფო ენის ნორმების დამდგენი კომისიისათვის, გნებავთ ენის პალატისათვის ან სხვა სახის სახელმწიფო უწყებისათვის ენობრივი ნორმების სტანდარტიზაციის მიზნით;

• ქართული ენის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. აქ იგულისხმება როგორც ტექნიკური (სპელჩეკერისა და პარსერის დახვეწა ქართული ენისათვის), ისე იურიდიული ასპექტი, როგორიცაა, მაგ., ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლება ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის არაქართველი მოსახლეობისთვისაც.

აქვე გვსურს, ხაზი გავუსვათ ერთ გარემოებასაც, რომელიც განსაკუთრებით დიასპორების სამინისტროსთვის შეიძლება იყოს საინტერესო: ეს გახლავთ  ენობრივი პოლიტიკის სახელმწიფო ინტერესების გატარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ქართული ენის გავრცელების ვირტუალური გეოგრაფიის გაფართოება – მისი ხელმისაწვდომობა როგორც ისტორიული დიასპორებისათვის (ირანში, აზერბაიჯანსა და თურქეთში), აგრეთვე თანამედროვე დიასპორული ჯგუფებისათვის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

ენის ეროვნული კორპუსის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საილუსტრაციოდ მოვიტანთ ერთ მაგალითს გერმანული გამოცდილებიდან: ეს გახლავთ უახლესი ნასესხობებისა და ახალი კომპოზიტების ნორმალიზაციისა და სტანდარტიზაციის საკითხი გერმანულ სივრცეში.

უკვე ათწლეულზე მეტია (2000 წლიდან), რაც მანჰაიმის გერმანული ენის ინსტიტუტში IDS (Institut für deutsche Sprache) ფუნქციონირებს გერმანული ენის “სიტყვის საგუშაგო” –  Die Wortwarte, რომლის იდეის ავტორი და განმახორციელებელი გახლავთ ლოთარ ლემნიცერი (Lothar Lemnitzer). პროექტს აფინანსებს  ბერლინ-ბრანდერბურგის მეცნიერებათა აკადემია.


33

„სიტყვის საგუშაგოს“ მიერ  ყოველდღიურად მიმდინარეობს გერმანული გაზეთების Spiegel, ZEIT, Handelsblatt,  Financial Times Deutschland, Süddeutsche Zeitung, Tagesspiegel, Rheinische Post და სხვა ონლაინ-რესურსების ელექტრონული ვერსიების „შემოწმება“ – მთელი იმ დღის მასალა პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად  მიემართება გერმანულ 4 მილიარდსიტყვიან რეფერენციალურ კორპუსს (Deutsches Referenzkorpus) კორპუსს, ხდება ავტომატური ამოფილტვრა იმ დღეს პირველად გამოყენებული და „კორპუსისათვის უცნობი“ სიტყვებისა, რომლებიც ნორმალიზაციისათვის გადაეგზავნება ლინგვისტთა სპეციალურ ჯგუფს. აღნიშნული ჯგუფი განიხილავს სიტყვის დაწერილობის სისწორეს და ადგენს/განმარტავს მის მნიშვნელობას.  სიტყვის მოხმარების მიზანშეწონილების შემთხვევაში, ხდება მისი სტანდარტიზაცია – ახალი სიტყვა თავის ადგილს პოულობს კორპუსში – ხდება შესაბამისი კონტექსტის კორპუსში იმპელემენტირება. ასე, ყოველდღიურად იზრდება გერმანული ეროვნული კორპუსი ლინგვისტთა მეთვალყურეობის  ქვეშ.

ენისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების შესანიშნავი ნიმუშია თავად ლოთარ ლემნიცერის სიტყვები: „არსებობს ამინდის ბიურო (Wetterwarte), რომელიც აკვირდება ჰაერის მასების მოძრაობას და პროგნოზირებს ამინდს. არსებობს ობსერვატორია (Sternwarte), რომელიც აკვირდება ციური სხეულების შექმნას, მოძრაობასა და გაქრობას. ჩვენ შევქმენით „სიტყვის სადარაჯო“ (Wortwarte, აქ სიტყვათა თამაშია. შდრ.  Sternwarte და Sternwarte), რათა დავაკვირდეთ სიტყვების შექმნას, გერმანული ლექსიკის განვითარებას და ვამცნოთ საზოგადოებას მათი არსებობის შესახებ. ჩვენ დამკვირვებლები ვართ, ენის დამკვირვებლები…. ჩვენი დაკვირვების ინტერპრეტაცია კი მათთვის მიგვინდია, ვისაც ეს ევალება“.

ცნობისათვის:  გერმანიაში ყოველწლიურად ცხადდება კონკურსი „წლის სიტყვის“ გამოსავლენად, რომელიც წლის განმავლობაში ხმარებულ ყველაზე არაადეკვატურ სიტყვას გამოავლენს, რის გამოც ეს აქცია ნეგატიური კონოტაციისაა.

უდიდესია ეროვნული კორპუსის მნიშვნელობა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციის თვალსაზრისით. დღეს შეუძლებელია სწავლების თანამედროვე მეთოდების შემოტანა და დანერგვა როგორც საშუალო, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში ელექტრონული რესურსების გარეშე, განსაკუთრებით – ელექტრონული სწავლების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უკვე  იკიდებს  ფეხს სწავლების ეს ფორმა, აუცილებლად და გადაუდებლად მიგვაჩნია eLearning-ის გაქართულება – ქართული ენის ადაპტაცია ელექტრონული სწავლების პლატფორმებისათვის.

თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საგანგებოდ გვინდა შევეხოთ ქართული ენის ეროვნული კორპუსის მეცნიერული გამოყენების ასპექტს, განსაკუთრებით კი ეროვნული კორპუსის მნიშვნელობას დიგიტალური ლექსიკოლოგიის განვითარების თვალსაზრისით.

2. ქართული ენის ეროვნული კორპუსის მეცნიერული გამოყენების სფეროები

ეროვნული კორპუსის არსებობა ერთ-ერთი წინაპირობაა საქართველოში ემპირიული ცნობიერების განვითარებისათვის, როგორც საზოგადოების, ისე სამეცნიერო საზოგადოების ფარგლებში. განსაკუთრებით ეფექტური იგი მეცნიერული კვლევის პროცესში, როგორც მეთოდოლოგიური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

• მეთოდოლოგიური:

• ქართველოლოგიისათვის კვლევის ფართო ემპირიული საფუძვლის შექმნა;

• კორპუსზე ორიენტირებული კვლევების დანერგვა სასწავლო და კვლევით პროცესში.

• პრაქტიკული:

• ქართული ენის ისტორიის, სტრუქტურისა და განვითარების ტენდენციების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება;

• ლექსიკოგრაფიის ახალ, თვისობრივად განსხვავებულ საფეხურზე აყვანა – ტექსტიდან ლექსიკონების ელექტრონული ექსტრაჰირება.

ეს უკანასკნელი საშუალებას მოგვცემს სახელმწიფო ენისათვის უმნიშვნელოვანესი დარგი – ლექსიკოგრაფია  სრულიად ახალ, თვისებრივად განსხვავებულ საფეხურზე ავიყვანოთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ, უპირველეს ყოვლისა, შემდეგი ლექსიკონების შექმნის შესაძლებლობას:

• განმარტებითი ონლაინ-ლექსიკონი

• ორთოგრაფიული ონლაინ-ლექსიკონი

• სინონიმთა ონლაინ-ლექსიკონი

• ორენოვანი და მეტენოვანი ონლაინ-ლექსიკონები

• დარგობრივი / ტერმინოლოგიური ლექსიკონები

აქვე გვსურს საგანგებოდ აღვნიშნოთ, რომ ქართული ენის ის ონლეინ/ლექსიკონები, რომლებიც ინტერნეტშია ჩადებული (მაგ., განმარტებითი ლექსიკონი, ორთოგრაფიული ლექსიკონი, სინონიმთა ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი და ა.შ.) ბეჭდური ლექსიკონების გაციფრებული ვერსიებია და ვერ აკმაყოფილებენ ელექტრონული ლექსიკონისათვის არსებულ თანამედროვე სტანდარტებს – არ ეყრდნობიან დიდ ემპირიულ მონაცემებს და კორპუსულ კვლევებს.