ფუნქციური გრამატიკა

ენათმეცნიერება იკვლევს ენობრივ ფაქტებს და ადგენს ენაში მოქმედ კანონზომიერებებს. ტრადიციული ლინგვისტიკისაგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ენობრივი სისტემის შესწავლით იყო დაკავებული, და შესაბამისად ენობრივი ელემენტებისა და ელემენტთა შორის არსებული ურთიერთმიმართებების ფორმალური აღწერით კმაყოფილდებოდა, თანამედროვე ლინგვისტიკა, უპირველეს ყოვლისა, ენობრივი სისტემის ფუნქციონირების მექანიზმს იკვლევს. ფუნქციური გრამატიკა შეისწავლის მოცემული ენის ფარგლებში წარმოქმნილი წინა­და­დებების არა ფორმალურ მხარეს, არამედ იმას, თუ რა განაპირობებს საკომუნიკაციო აქტში წინადადების ფორმალურ არჩევანს, წინადადებაში ინფორმაციის განაწილებას (თემა, რემა, ფოკუსი, ტოპიკი) და კოჰერენტულობის საკითხს დისკურსის ფარგლებში. ფუნქციური გრამატიკისათ­ვის ამოსავალია ფუნქცია, ფორმა კი განიხილება როგორც კონკრეტული მოცემული ფუნქციის მატარებელი ელემენტი.

ფუნქციური გრამატიკის არსი

ენის, როგორც ადამიანის არსებობის კოგნიტური ფორმის, უპირ­ველესი ფუნქცია მისი, როგორც შემეცნებისა და საკომუნიკაციო საშუა­ლებად გამოყენებაა. ინფორმაციის გადაცემის პროცესი, როგორც ერთიანი საკომუნიკაციო აქტი, სინამდვილეში ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცედურისაგან შედგება: speech production მეტყველე­ბის წარმოქმნა (ანუ ინფორმაციის ენობრივი კოდირება) და speech perception მეტყველების პერცეფცია (ანუ კოდირებული ინფორმაციის ენობრივი დეკოდირება). როგორც პირველი, ისე მეორე პროცედურა ენის, როგორც სისტემის ფარგლებში ხორციელდება იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს მეტყველების სინთეზთან, მეორე შემთხვევაში კი – ანალიზთან.

საყოველთაო განმარტებით, „გრამატიკა არის ენათმეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს ენის აგებულებას“. ამ განმარტებაში ენა გაგებულია, როგორც სტრუქტურული მოდელი. გრამატიკის მიზანი ენის სტრუქტურული მოდელის აღწერაა. მოდით, გავყვეთ ამ დებულებას და შევეცადოთ, აღვწეროთ ენის სტრუქტურული მოდელი.

ენა, როგორც ნიშანთა სისტემა, შედგება ქვესისტემებისაგან, რომლებიც თავის მხრივ ელემენტებისაგან არის აგებული. ერთი მხრივ, ელემენტებს შორის და მეორე მხრივ, ქვესისტემებს შორის არსებული მიმართებები ქმნიან ენის, როგორც სისტემის მთლიანობას. ენის შესწავ­ლა მისი ელემენტების, კერძოდ, მნიშვნელობის მქონე უმცირესი ელემენ­ტების შესწავლით იწყება.

ტრადიციული გრამატიკის მიხედვით, ენის უმცირეს ელემენტს,  უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს სიტყვათგანმასხვავებელი ანუ დისტინქტური ფუნქციის მატარებელი უმცირესი ერთეული – ფონემა, რომლის  ფიზიკურ თვისებებს იკვლევს გრამატიკის სპეციალური ნაწილი – ფონეტიკა, ფუნქციურ მხარეს კი – ფონოლოგია.  ფონემების კომბინაცია ქმნის სიტყვებს, რომლებიც ორ ძირითად კლასად იყოფა: ფორმაუცვლელ და ფორმაცვალებად სიტყვებად. ქართული ენისათვის ფორმაცვალებადი სიტყვების კლასში ერთიანდებიან მეტყველების შემდეგი ნაწილები: არსებითი სახელი, ნაცვალსახელი, რიცხვითი სახელი, ზედსართავი სახელი, მიმღეობა, ზმნა; ფორმაუცვლელი სიტყვების კლასში კი ერთიან­დე­ბიან: თანდებული, ზედსართავი, ნაწილაკი, კავშირი, შორისდებული. ფორმაცვალებადი სიტყვების ფლექსიას (ფორმობლივ ცვლილებას ანუ ბრუნებას და უღლებას) შეისწავლის გრამატიკის საგანგებო ნაწილი მორფოლოგია.

სიტყვები ერთმანეთს უკავშირდებიან საგანგებო წესების მეშვეობით. ეს წესები ყოველი კონკრეტული ენის შემთხვევაში მოცემული ენის გრამატიკული სტრუქტურით არის განპირობებული. თუ ერთმანეთს შევადარებთ, მაგალითად, ნომინატიური (პირობითად, ენა A) და ერგატიული (პირობითად, ენა B) წყობის ენებს SVO -მიმართებების თვალ­საზრისით, ენაში მოქმედი კონგრუენციის (ანუ ურთიერთგანპირობებული შეთანხმების წესების) თანახმად გვექნება ორგვარი სურათი:

  1. ენა A-ში: SNOM Vtransitive O ACC
  2. ენა B-ში: SERG Vtransitive O ABS

სიტყვები ერთმანეთს უკავშირდებიან გარკვეული წესების მიხედ­ვით და გადმოსცემენ აზრს, რომელიც შეიძლება დასრულებული სახით (ანუ წინადადების ფორმით) იყოს გადმოცემული ან დაუსრულებელი ფორმა ჰქონდეს (ანუ სიტყვის ან ფრაზის სახით იყოს მოცემული).

მაგ.:

ნომინალური ფრაზა: „ეს მრავალსართულიანი ნაგებობა“,

ადვერბიალური ფრაზა: ყველაზე უფრო სწრაფად“,

მიმღეობური ფრაზა: „მეოცე საუკუნეში აშენებული“.

ზმნური ფრაზა: ექსპლუატაციაში შევიდა“.

ფრაზების დაკავშირებით იქმნება წინადადება. წინადადებაში სიტყვების ან ფრაზების დაკავშირების ფორმალურ  წესებს შეისწავლის სინტაქსი.

ზემოთ მოყვანილი ფრაზებისაგან შეგვიძლია ავაგოთ წინადადება:

„მეოცე საუკუნეში აშენებული ეს მრავალსართულიანი ნაგებობა ყველაზე უფრო სწრაფად შევიდა ექსპლუატაციაში“.

წინადადება შეიძლება ერთ სიტყვას, ან სახელურ ფრაზას მოიცავდეს, შემასმენლის გარეშე:

მაგ.:

კითხვა: „ეს მრავალსართულიანი ნაგებობა მეცხრამეტე საუკუნე­შია აშენებული?“

პასუხი: არა, მეოცე საუკუნეში.“

შდრ.:

პასუხი: დიახ“ / „ნამდვილად“.

წინადადებაში სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირება ნებისმიერო­ბის პრინციპს გამორიცხავს. ორი სიტყვა შეიძლება ერთმანეთს უკავშირ­დებოდეს ფორმალური თვალსაზრისით სწორად, მაგრამ სემანტიკური თავსებადობის თვალსაზრისით ამ სიტყვების კომბინაცია მიუღებელი იყოს – არ იყოს „სწორი“.

ავიღოთ რამდენიმე სიტყვა, მაგ.: კატა, ხორთუმი, საცოდავი, ჭიხვინი, კნავილი და შევეცადოთ მათ დაკავშირებას ქართულ ენაში მოქმედი სინტაქსური წესების გათვალისწინებით: ხორთუმი კნავის, საცო­დავი ხორთუმი კნავის, კატა ჭიხვინებს, ხორთუმი საცოდავად ჭიხვინებს, კატა საცოდავად კნავის, საცოდავი კატა კნავის.

ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი სიტყვიდან მხოლოდ სამი სიტყვის კომბინაცია მოგვცემს ისეთ წინადადებას, რომელიც ლოგიკურად გამართულ აზრს გადმოსცემს: კატა საცოდავად კნავის ან საცოდავი კატა კნავის.

სიტყვათა კომბინაცია „კატა ჭიხვინებს“ თითქოს გრამატიკულად გამართული ფრაზაა, მაგრამ მიუღებელი, ვინაიდან სემანტიკური თვალ­საზ­რისით არავალიდურია: სიტყვა „კატა“-ს სემანტიკა გამორიცხავს პრედიკაციას სემანტიკით „ჭიხვინებს“, მაგრამ დასაშვებია პრედიკაცია სემანტიკით კნავის. პრედიკაცია „ჭიხვინებს ვერ გავრცელდება ისეთ არსებაზე, როგორიცაა კატა. მოქმედების ეს სახე კომბინირებადია გარკვეულ არსებით სახელთან და ეს არსებითი სახელი არის ცხენი. ამიტომაა, რომ ვამბობთ: „ეს ადამიანი ცხენივით ჭიხვინებს და არა „ეს ადამიანი ჭიხვინებს“, თუმცა მისი მეტაფორული გამოყენება არ არის გამორიცხული ასეთ წინადადებაში „რას ჭიხვინებ“ მნიშვნელობით „რა ცხენივით იცინი“.

მოდით, ჩავანაცვლოთ სიტყვა „კატა“ სიტყვით „ცხენი“ – მივიღებთ წინადადებას „ცხენი ჭიხვინებს“. სიტყვა „ხორთუმის“ ჩართვა ამ წინადადებაში მხოლოდ მოქმედებითი ბრუნვის ფორმით არის შესაძ­ლებელი – „ცხენი ხორთუმით ჭიხვინებს“, რაც გრამატიკულად გამართუ­ლი წინადადებაა, მაგრამ აზრობრივად მიუღებელი. აქ ორი ლოგიკური შეუსაბამობაა: ცხენს ხორთუმი არ გააჩნია! და რომც გააჩნდეს, ხორთუმით ვერ იჭიხვინებს!

სიტყვათა სემანტიკური თავსებადობა სემანტიკურ ნიშანთა კომბინაციის შესაძლებლობებით არის განპირობებული. მაგ., ზმნას to have (ინგ.) / haben (გერმ.) ქართულში ორი ლექსიკური ეკვივალენტი გააჩნია: ყოლა და ქონა. ეს ორი ლექსიკური ერთეული სუბიექტსა და ობიექტს შორის არსებული ლოგიკური მიმართებების თვალსაზრისით ერთმანეთი­საგან არ განსხვავდება: ორივე მათგანი გამოხატავს კუთვნი­ლების სემანტიკას (ანუ სუბიექტის მიერ ობიექტის ფლობას). ერთმანე­თისაგან ისინი მხოლოდ სემანტიკური კომპონენტების თვალსაზრისით განსხვავდებიან:  ყოლა ზმნა გამოხატავს სემანტიკას „ფლობა/ფლობს“ და ორივე აქტანტის (როგორც  სუბიექტს, ისე ობიექტს) შემთხვევაში მოითხოვს სახელს სემანტიკური ნიშნით [+სულიერი][1]; ქონა ზმნა კი გამოხატავს სემანტიკას „აქვს/გააჩნია“ და მართალია, სელექციას არ ახდენს სუბიექტის შემთხვევაში, მაგრამ ობიექტის შემთხვევაში მოით­ხოვს სახელს სემანტიკური ნიშნით [-სულიერი]. მაგ.: ძაღლს რწყილები ჰყავს vs. ძაღლს კბილები აქვს. ზოგიერთი არსებითი სახელის შემთხვევაში, როგორიცაა მაგ., მანქანა, ეს წესი არ მოქმედებს: მანქანა მყავს და არა მანქანა მაქვს. ქართულისათვის ასეთ შემთხვევაში რელევანტურია დამატებითი სემანტიკური ნიშანი „გადაადგილებადი“ [+MOVE]  

სიტყვათა სემანტიკური თავსებადობის საკითხებს, სიტყვათა სემან­ტიკური კომპონენტების გათვალისწინებით, იკვლევს გრამატიკის ნაწილი – სემანტიკა.

დასრულებული აზრის გადმოცემა ისე, რომ ლოგიკური შესაბა­მისობა დაცული იყოს, რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.

წინადადება, როგორც წესი, შეიცავს რამდენიმე სახის ინფორმა­ციას, რომლებიც ერთმანეთთან ლოგიკურ მიმართებაში იმყოფებიან. განვიხილოთ ასეთი წინადადება:

(1) გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს გულამოსკვნილი ტიროდა კესო საპირველმაისოდ მორთული სკოლის ეზოში.

ამ წინადადებაში რამდენიმე საკვანძო ინფორმაცია არის მოცემუ­ლი, რომელიც მოქმედებას, მოქმედების შემსრულებელს, მოქმედების დროსა და  ადგილს აღწერს:

  • მოქმედება: რას შვრებოდა?
    • გულასმოსკვნილი ტიროდა
  • მოქმედების შემსრულებელი: ვინ?
    • კესო
  • მოქმედების დრო: როდის?
    • გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს
  • მოქმედების ადგილი: სად?
    • საპირველმაისოდ მორთული სკოლის ეზოში

ეს წინადადება, იმ სახით, რა სახითაც ზემოთ არის მოცემული, მოგვითხრობს, უფრო ზუსტად, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოქმედება, რომელიც ამ წინადადებაში არის აღწერილი, გაზაფხულის იმ (რომელიღაც კონკრეტულ) დღეს მოხდა.

მოდით, გადავაადგილოთ წინადადებაში ინფორმაციები სხვადა­სხვა თანმიმდევრობით:

ინფორმაციული ჯაჭვი 1: სად? რას შვრებოდა? ვინ? როდის?

(1ა) საპირველმაისოდ მორთული სკოლის ეზოში გულასმოსკვნილი ტიროდა კესო გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს.

ინფორმაციული ჯაჭვი 2: რას შვრებოდა? ვინ? სად? როდის?

(1ბ) გულამოსკვნილი ტიროდა კესო საპირველმაისოდ მორთული სკოლის ეზოში გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს.

ინფორმაციული ჯაჭვი 3: ვინ? რას შვრებოდა? სად? როდის?

(1გ) კესო გულასმოსკვნილი ტიროდა საპირველმაისოდ მორთული სკოლის ეზოში გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს.

მიუხედავად იმისა, რომ სამივე წინადადება (1ა, 1ბ, 1გ) ერთი და იმავე ფრაზებისაგან შედგება – [გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს],  [გულამოსკვნილი ტიროდა], [კესო], [საპირველმაისოდ მორთული სკოლის ეზოში] – თითოეული აქ მოყვანილი წინადადება განსხვავებულ აქცენ­ტებს სვამს ინფორმაციულობის თვალსაზრისით: ერთში ფოკუსირებულია მოქმედების ადგილი, მეორეში  –  თავად მოქმედება, მესამეში კი – მოქმედი.  

წინადადებაში ინფორმაციული სტრუქტურის ორგანიზაციის სა­კითხს იკვლევს გრამატიკის ნაწილი – პრაგმატიკა.

ჩვენ აქ ძალიან გამარტივებული სახით წარმოვადგინეთ ტრადი­ციული გრამატიკის არსი: გამოიკვლიოს ენა ენობრივი სტრუქტურის სხვადასხვა – ფონეტიკურ-ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ, სინტაქსურ, სემანტიკურ და პრაგმატულ – დონეზე.

ქვემოთ ჩვენ შევეცდებით ენის, როგორც ერთიანი სისტემის შე­მად­გენელი ელემენტები კომპლექსურად, ენის ყველა ქვესისტემის კვეთა­ზე განვიხილოთ ლექსიკურ-ფუნქციური გრამატიკის ფარგლებში.

წინასწარი დასკვნის სახით ხუთ პოსტულატს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც თვალსაჩინოდ წარმოაჩენს ტრადიციულ და ფუნქციურ გრამატიკებს შორის არსებულ განსხვავებას.

  1. ტრადიციული გრამატიკის მიზანია ნორმატიულიენის სისტემის შექმნა, ფუნქციური გრამატიკის მი­ზანი კი – მოცემული ენის ფუნქციონირების მექანიზმის გამოვ­ლენა.
  2. ტრადიციული გრამატიკა იკვლევს ენის სისტემას და ადგენს წესებს, სწორად როგორ ვი­მეტყველოთ ან ვწეროთ, ფუნქციური გრამატიკა კი იკვლევს ენის ფუნქციონირების მექანიზმს. ფუნქციური გრამატიკის ფარგლებში გრამატიკა განიხილება როგორც ფუნქციონალური სისტემა, რომელიც შედგება ელემენტების, მიმართებებისა და ოპერატორებისაგან.
  3. ფუნქციური გრამატიკა იყენებს ლინგვისტური ანალიზის საკუთარ მეთოდებს. ამასთან, ტრადიციული გრამატიკისაგან განსხვავებით ფუნქციური გრამატიკა არ ცდილობს ელემენტთა სისტემატიზაციას და ფორმაცვალების პარადიგმების აღწერას ენაში. ფუნქციური გრამატიკა ენას იკვლევს სისტემის ფუნქციონირების მექანიზმის აღწერის მიზნით.
  4. ფუნქციური გრამატიკა ენის აღსაწერად იყენებს არა იმ ცნებებს, რომლებიც ტრადიციულ გრამატიკებში არის მოცემული, არამედ ცნებათა ახალ, ლინგვისტური თეორიების განვითარების შედეგად წარმოშობილ, საკუთარ სისტემას გვთავა­ზობს. ამასთან ფუნქციური გრამატიკის ცნებათა სისტემა, მართა­ლია, ნაწილობრივ ფარავს ტრადიციულ ლინგვისტიკაში ცნობილ ზოგიერთ ცნებას, მაგრამ არსებითად მაინც სხვა მნიშვნელობით გამოიყენება.
  5. ფუნქციური გრამატიკის კურსის გავლა მოითხოვს ტრადიციული გრამატიკის საფუძვლიან ცოდნას. რომელიმე ენის ფუნქციური გრამატიკის საკითხებზე მუშაობა ნიშნავს, ერთი მხრივ, ამ ენის სისტემის ტრადიციულ დონეზე ცოდნას, მეორე მხრივ, თანამედროვე ლინგვის­ტურ პრობლემატიკაში საფუძვლიან გარკვევას.

არსებითი განსხვავება ტრადიციულ გრამატიკასა და ფუნქციურ გრამატიკას შორის შეგვიძლია შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

  1. ტრადიციული გრამატიკა იკვლევს ენის, როგორც სისტემის სტრუქტურას;
  2. ფუნქციური გრამატიკა კი იკვლევს ენის, როგორც სისტემის ფუნქციონირებს მექანიზმს.

შესაბამისად:

  1. ტრადიციული გრამატიკის მიზანია ნორმატიულ ენს სისტემის აღწერა
  2. ფუნქციური გრამატიკის მიზანი კი ცემული ენის ფუნქციონირების მექანიზმის გამოვლენა.