დიგიტალური ქართველოლოგია

დიგიტალური ქართველოლოგია დიგიტალური ჰუმანიტარიის პარადიგმის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს და ყველა იმ ნიშნებით ხასიათდება, რომელიც ამ უკანასკნელს გააჩნია. თუ ცნებას „ჰუმანიტარია“ დავავიწროვებთ და დავიყვანთ ცნებამდე „ქართველოლოგია“, მაშინ ცნება „დიგიტალური ქართველოლოგია“ შეიძლება განვმარტოთ, როგორც „გაციფრებული ქართველოლოგია“, ანუ ენათმეცნიერების ერთი კონკრეტული უბანი, რომელიც კვლევის პროცესში იყენებს გაციფრებული რესურსებისაგან შემდგარ დიდ მონაცემთა ბაზებს, მონაცემთა სისტემური დამუშავების საგანგებო პროგრამულ საშუალებებს და ქმნის დარგთაშორისი კვლევის ინოვაციურ მეთოდებს.

თუ თქვენ შეეცდებით სამეცნიერო ლიტერატურაში ან საინტერნეტო სივრცეში მოძებნოთ ამ ცნების – დიგიტალური ქართველოლოგია – განმარტება, ამაოდ გაირჯებით და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მეცნიერების ეს დარგი ჯერ კიდევ არ არსებობს, და შესაბამისად არ არსებობს მისი დეფინიციაც, არამედ იმიტომაც, რომ ამ შესიტყვებაში – დიგიტალური ქართველოლოგია – პრობლემას ქმნის თავად ტერმინი „ქართველოლოგია“. ეს ტერმინი სამეცნიერო ლიტერატურაში ორ ცნებას მიემართება და, შესაბამისად, ორი მნიშვნელობით გამოიყენება: ტერმინი „ქართველოლოგია“ ფართო მნიშვნელობით განიმარტება, როგორც „ქართველთმცოდნეობა“ და მოიცავს ქართული კულტურის ისტორიისა და ენის შემსწავლელ ყველა ჰუმანიტარულ დარგს: ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ეთნოგრაფიას, ნუმიზმატიკას, ისტორიას, ეკონომიკას, სამართალმცოდნეობას, ეპიგრაფიკას, პალეოგრაფიას, წყაროთმცოდნეობას. თუმცა, სამეცნიერო ლიტერატურაში უფრო გავრცელებულია  „ქართველოლოგიის“ ვიწრო გაგებით გამოყენება: იგი ლინგვისტური ცნებაა და აღნიშნავს ქართველური ენების – ქართულის, ზანურისა და სვანურის – შემსწავლელ მეცნიერებას. ამჯერად ჩვენ მხოლოდ ამ უკანასკნელით შემოვიფარგლებით და წინამდებარე პორტალზე „ქართველოლოგიის“ ლინგვისტური ასპექტების განხილვით დავკმაყოფილდებით.

დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარების პროგრამა

დიგიტალური ქართველოლოგია, როგორც ლინგვისტური დისციპლინა,  21-ე საუკუნის პირმშოა და იგი ჩვენს თვალწინ იბადება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველურ ენებთან მიმართებაში უკვე რამდენიმე ათწლეულია იქმნება ელექტრონული რესურსები, პრინციპულად უნდა ითქვას, რომ დიგიტალური ქართველოლოგია ჯერ მხოლოდ კონცეპტუალიზაციის პროცესში იმყოფება.

დიგიტალური ქართველოლოგიის, როგორც დიგიტალური ჰუმანიტარიის ფარგლებში აღმოცენებული ერთ-ერთი მიმართულების შესაქმნელად სამი აუცილებელი კომპონენტია საჭირო: ტექნოლოგიური საფუძველი, ინტელექტუალური რესურსები და სახელმწიფო მხარდაჭერა.

1. ტექნოლოგიური საფუძვლის – ქართველური big data – შექმნა გულისხმობს:

• სხვადასხვა სახისა და ტიპის ტექსტური კორპუსების შექმნას ქართველური ენებისათვის;

• ელექტრონული განმარტებითი ლექსიკონების შექმნას ქართველური ენებისათვის და მათ იმპლემენტაციას big data-ში;

• ტექსტის ავტომატური ანალიზისა (მორფოსინტაქსური ანალიზი, ტექსტის ავტომატური ამოცნობა) და სინთეზის პროგრამულ უზრუნველყოფას ქართველური ენებისათვის.

2. ინტელექტუალური საფუძვლის შექმნაში იგულისხმება:

• დიგიტალურ ჰუმანიტარიაში ადამიანური რესურსების მოზიდვა და ახალი კადრების აღზრდა;

• დიგიტალური ბიბლიოთეკის შექმნა ქართველოლოგიაში;

• დარგობრივი ტერმინოლოგიის გაქართულება დიგიტალურ ჰუმანიტარიაში.

3. სახელმწიფოებრივ მხარდაჭერაში იგულისხმება დიგიტალური ჰუმანიტარიის მიზნობრივი განვითარება საქართველოში, კერძოდ:

• დიგიტალურ ჰუმანიტარიაში სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა უმაღლეს სასწავლებლებში;

• დიგიტალური ქართველოლოგიის ფარგლებში მიღებული მეცნიერული შედეგების ტექნოლოგიზების უზრუნველყოფა.

დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებისათვის რელევანტური დღეისათვის არსებული რესურსები

დიგიტალური ქართველოლოგიის განვითარებისათვის აუცილებელი კომპონენტებიდან (ტექნოლოგიური საფუძველი, ინტელექტუალური რესურსები და სახელმწიფო მხარდაჭერა) დღეისათვის მხოლოდ პირველი (ტექნოლოგიური საფუძვლები) და მეორე (ინტელექტუალური საფუძვლის შექმნა) არსებობს, ისიც ნაწილობრივ. აქ ჩვენ მოკლედ ჩამოვთვლით ჩვენი და ჩვენი კოლეგების მიერ შექმნილ იმ რესურსებსა და აქტივობებს, რომლებიც საქართველოში დიგიტალური ქართველოლოგიის შექმნასა და შემდგომ განვითარებას უდაოდ შეუწყობს ხელს:

ა) დიგიტალური კორპუსები:

  1.  TITUS – Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien  (ავტორი: იოსტ გიპერტი)
  2. ARMAZI – Fundamentals of an Electronic Documentation of Caucasian Languages and Cultures: Alternative Resources, Materials, Applications and Zipped Information  (ავტორები: იოსტ გიპერტი, მანანა თანდაშვილი)
  3. ECLinG – Endangered Caucasian Languages in Georgia  (ავტორები: იოსტ გიპერტი, მანანა თანდაშვილი)
  4. SSGG – The sociolinguistic situation of present-day Georgia  (ავტორები: იოსტ გიპერტი, მანანა თანდაშვილი)
  5. GEKKO – Corpuscle  (ავტორი: პაულ მოირერი)
  6. GNC – The Georgian National Corpus  (ავტორები: იოსტ გიპერტი, მანანა თანდაშვილი, პაულ მოირერი)
  7. GDC – ქართული დიალექტური კორპუსი  (ავტორი: მარინე ბერიძე)

ბ) სასწავლო რესურსები: 

  1. მანანა თანდაშვილი / ზაქარია ფურცხვანიძე, კორპუსლინგვისტური პარადიგმა ენათმეცნიერებაში, თბილისი, გამომცემლობა ინტელექტი, 2014.
  2. მანანა თანდაშვილი / ზაქარია ფურცხვანიძე, კორპუსლინგვისტიკის გლოსარიუმი, ფრანკფურტი/თბილისი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.
  3. მანანა თანდაშვილი, ენის ელექტრონული დოკუმენტირება, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ბათუმი, 2016.

გ) სეზონური სკოლები დიგიტალურ ჰუმანიტარიაში: 

2012 წელი: ბათუმის საზაფხულო სკოლა I: „დიგიტალური ჰუმანიტარია – ენის ელექტრონული დოკუმენტირება“ (ხელმძღვანელები: მანანა თანდაშვილი, რამაზ ხალვაში)
2013 წელი: ბათუმის საზაფხულო სკოლა II: „დიგიტალური ჰუმანიტარია – კორპუსლინგვისტიკის საფუძვლები“ (ხელმძღვანელები: მანანა თანდაშვილი, რამაზ ხალვაში)
2014 წელი: ბაკურიანის ზამთრის სკოლა: „დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და 21-ე საუკუნის გამოწვევები“ (ხელმძღვანელები: მანანა თანდაშვილი, დარეჯან თვალთვაძე)
2014 წელი: ბათუმის საზაფხულო სკოლა III: „დიგიტალური ჰუმანიტარია და ქართველოლოგია“ (ხელმძღვანელები: მანანა თანდაშვილი, რამაზ ხალვაში)
2015 წელი: ვორკშოფი: „კორპუსის აგების მეთოდოლოგიური საფუძვლები“ (ხელმძღვანელები: იოსტ გიპერტი, მანანა თანდაშვილი)
2015 წელი: ბათუმის საზაფხულო სკოლა IV: „დიგიტალური ჰუმანიტარია და ენათა დოკუმენტირება“ (ხელმძღვანელები: მანანა თანდაშვილი, რამაზ ხალვაში)
2016 წელი: თბილისის ზამთრის სკოლა: „თემატური კორპუსები“ (ხელმძღვანელები: მანანა თანდაშვილი, დარეჯან თვალთვაძე)
2016 წელი: ბათუმის საზაფხულო სკოლა V: „დიგიტალური ჰუმანიტარია – ენათა და კულტურათა ელექტრონული დოკუმენტირება“ (ხელმძღვანელები: მანანა თანდაშვილი, რამაზ ხალვაში)

 აღნიშნულ სეზონურ სკოლებში, რომელშიც 240-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, გამოყენებული იყო სწავლების ინოვაციური მეთოდები: ფრანკფურტის გოეთეს სახ. უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმა OLAT (Online Learning And Training)  და ელექტრონული ლექციები eLecture .

ელექტრონული ლექციების ნაწილი გამოქვეყნებულია ფრანკფურტის უნივერსიტეტის სასწავლო პორტალზე StudiumDigitale და ღია რესურსს წარმოადგენს საკითხით დაინტერესებული პირებისათვის:

1. ბაკურიანის ზამთრის სკოლა 2014 ,

2. ბათუმის საზაფხულო სკოლა 2014 ,

3. თბილისის ზამთრის სკოლა 2016 .

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი რესურსებისა, არსებობს სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფების მიერ შექმნილი ელექტრონული ბაზები და ტექნოლოგიური პროდუქტები, რომელიც ასევე ღია რესურსებს წარმოადგენენ (ენის მოდელირების ასოციაციადიდი ინგლისურ-ქართული ელექტრონული ონლაინ ლექსიკონი და სხვა).