იდენტობა, იდენტიფიკაცია და იდენტიფიკაციის სახეები

იდენტიფიკაციის შესახებ მსჯელობის დაწყებამდე ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებული ტერმინი: იდენტობა, იდენტიფიკაცია და თვითიდენტიფიკაცია.

იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა. შ.).

იდენტიფიკაცია არის აღმნიშვნელი თავად იმ პროცესისა, რომელიც იდენტობის განსაზღვრას ან კვლევას ისახავს მიზნად.

თვითიდენტიფიკაცია კი საკუთარი პიროვნების თვითშეცნობის პროცესია და ინდივიდის სოციალიზაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის შედეგად ყალიბდება.

ამგვარად, იდენტობა, იდენტიფიკაცია და  თვითიდენტიფიკაცია ინდივიდის პროფილია განსხვავებული პერსპექტივიდან დანახული: იდენტობა არის ფაქტობრივად არსებული რეალობა, იდენტიფიკაცია – პროცესი, რომლის შედეგადაც ხორციელდება ამ რეალობის ობიექტური ასახვა, თვითიდენტიფიკაცია კი იგივე პროცესი, ოღონდ სუბიექტურად ასახული.

ცნება იდენტიფიკაცია გულისხმობს სისტემურად მოცემულ რელევანტურ ნიშანთა ერთობლიობის პოვნა-დადგენას ინდივიდთა ან ინდივიდთა ჯგუფის მიმართ. სამეცნიერო ლიტერატურაში  იდენტიფიკაციის ორ სახეს განასხვავებენ: ინდივიდუალურ და ჯგუფურ (სოციალურ) იდენტიფიკაციას. იდენტიფიკაციის ამ ორ სახეს (მე-იდენტიფიკაცია vs. ჩვენ-იდენტიფიკაცია) ქვემოთ საგანგებოდ განვიხილავთ.

ყოველი ინდივიდი/ინდივიდთა ჯგუფი განსაზღვრავს საკუთარ რაობას რეფლექსივიზაციის გზით ანუ ახდენს თვითიდენტიფიკაციას. ეს უდავოდ სუბიექტურ იდენტიფიკაცია, რამდენადაც ინდივიდი/ინდივიდთა ჯგუფი თავად ირჩევს და რელევანტურობას ანიჭებს იმ ნიშნებს, რომელსაც თავად მიიჩნევს სპეციფიკურად. მას შეიძლება ვუწოდოთ “იდენტიფიკაცია შიგნიდან”. სუბიექტური იდენტიფიკაციისაგან განსხვავებით, ობიექტურად განპირობებული იდენტიფიკაციის შემთხვევაში სპეციალისტთა მიერ ხდება იმ სპეციფიკურ ნიშან-თვისებათა დაძებნა და მათ შორის არსებული მიმართებების დადგენა, რომელიც რელევანტურად მიიჩნევა და რომელსაც მეცნიერული ღირებულება გააჩნია. მას “ობიექტური იდენტიფიკაცია” ეწოდება.

იდენტიფიკაციის სუბიექტი

ი. ასმანის მიხედვით, იდენტიფიკაციას ორი სუბიექტი აქვს: მე-სუბიექტი და ჩვენ-სუბიექტი. პირველი გამოიყენება ინდივიდუალური იდენტიფიკაციის დროს, მეორე კი – ჯგუფური იდენტიფიკაციისას. იდენტიფიკაციის ეს ორი სახე მის კვანტიტატიურ ასპექტს ქმნის. იდენტიფიკაციის კვალიტატიური ფორმებია: ფიზიკურ-ფსიქიკური იდენტიფიკაცია, ეთნიკური იდენტიფიკაცია, სოციალურ-კულტურული იდენტიფიკაცია, სექსუალური იდენტიფიკაცია… იდენტიფიკაცია თავისთავად არ არის მოცემული ინდივიდთან ან ინდივიდთა ჯგუფთან მიმართებით. როგორც . მიდი აღნიშნავს,  გონი და იდენტობა საზოგადოებრივი ინტერაქციის პროცესში ყალიბდება ენის მეშვეობით.

ინდივიდის თვითიდენტიფიკაცია რელევანტურ ნიშანთა დადგენის გზით ხორციელდება, რომლის დროსაც სუბიექტი ობიექტურ ნიშანთა კონსტატაციას ახდენს საკუთარ თავთან მიმართებით. ამდენად, ობიექტურ ნიშანთა სისტემა სუბიექტივირებულ ობიექტურ ნიშანთა ერთობლიობად   განიხილება. . მიდი, აქედან გამომდინარე, ინდივიდის მე-ს ორ ნაწილად ყოფს: იმპულსური მე (I), ანუ მესუბიექტი და რეფლექტური მე (ME) ანუ მეობიექტი.

კულტურული მეხსიერება და პირადი გამოცდილება მოგონებების სახით  დახარისხებული და შენახულია მე-ობიექტში (ME-ში), ქმნის თვითიდენტიფიკაციის მხოლოდ ერთ ნაწილს და ობიექტივირებული სახით განიხილება  მე-სუბიექტის (I-ის) მიერ, რომელიც როგორც სუბიექტი, განიხილავს მე-ობიექტს (ME-ს), ანუ ობიექტივირებულ ნიშანთა ერთობლიობას, განავრცობს მას და მასთან ერთად ქმნის ინდივიდუალურ, მთლიან მე-ს, ანუ ინდივიდს. ასეთი დაყოფა არსებითი მნიშვნელობისაა მე-იდენტიფიკაციისა და ჩვენ-იდენტიფიკაციის პროცესში, ვინაიდან  მეობიექტი (ME) იმეორებს ჩვენ-იდენტობის მატარებელი ჯგუფის ზოგად ნიშნებს, ანუ თავს ამ ჯგუფის წევრად აიგივებს, მე-სუბიექტი (I)  კი პირიქით, რეაგირებს რა ჯგუფის მიერ დადგენილ სოციალურ ნორმებზე, თავისუფლებითა და ინიციატივით (შემოქმედებითი იმპულსით) ხასიათდება.

ზოგადად, მე-იდენტობა მარკირებულია ჩვენ-იდენტობით და მისი რელევანტური ნიშნების მატარებელია; მეორე მხრივ, ჩვენ-იდენტობა ნაკრებია მე-იდენტობის და მისი შემოქმედებითი იმპულსების ხარჯზე ვითარდება.

ე. ერიქსონი მე-იდენტობას განსაზღვრავს როგორც “პიროვნული მოწიფულობის მიღწევას”, იმ გამოცდილებას, რომელსაც ინდივიდი ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ საკუთარი გამოცდილებით იღებს, რითაც ზრდასრული ადამიანის მოვალეობების შესასრულებლად ემზადება. აქედან გამომდინარე, ე. ერიქსონი მეიდენტობას განიხილავს, როგორც “მე სოციალურ ფუნქციას”, რომლის დროსაც პიროვნება, ერთი მხრივ ცდილობს ინტეგრირება მოახდინოს განვითარების კონკრეტული (ზრდასრულობის) ეტაპისათვის დამახასიათებელ ფსიქოსექსუალურ და ფსიქოსოციალურ  ასპექტში, მეორე მხრივ კი, ცდილობს ახლად შეცნობილი მე-იდენტობის ელემენტების  დაკავშირებას უკვე არსებულ, წინარე მე-იდენტობასთან. ამ დროს, არსებითად, ადგილი აქვს ინდივიდის მიერ საკუთარი თავის პოვნას სოციალურ ასპექტში, ანუ საკუთარი ადგილის პოვნას ჩვენ-იდენტობაში სოციალურ დონეზე.

იდენტობის კვალიტატიური ფორმები

იდენტობას ინდივიდი რამდენიმე რელევანტური ნიშნის მიხედვით ახდენს, რომელთაგან სამი ნიშანი არსებითია: ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური. ეს სწორედ ის სამკუთხედია, რომელიც ყოველი ინდივიდის/ინდივიდთა ჯგუფის იდენტობის ქვაკუთხედს ქმნის.

ზოგადად მიღებულია თეზა, რომ სამივე ნიშანი ურთიერთიმპლიკაციას წარმოადგენს: ეთნიკური ნიშანი ცალსახად განსაზღვრავს ენობრივ ნიშანს და რელიგიურ განკუთვნებას და პირიქით, ანუ თუ ინდივიდი ეთნიკური ნიშნის მიხედვით ხასიათდება, როგორც ქართველი, მაშინ იმპლიკაციის წესით მისი მშობლიური ენა უნდა იყოს ქართული და პირიქით, ქართულად მეტყველი ინდივიდი იმპლიკაციის წესით ეთნიკურად ქართველია. ამ თეზის მიხედვით ეთნიკური ნიშანი არა მარტო ენას მიემართება, არამედ რელიგიასაც: ეთნიკურად ქართველი ქრისტიანული აღმსარებლობისაა, თუმცა პირუკუ იმპლიკაცია რელიგიასა და ეთნიკურ ნიშანს შორის გამონაკლისების გარდა არ დასტურდება: მუსულმანი შეიძლება იყოს არაბი, ირანელი, ეგვიპტელი, მაროკოელი, ინდუსი და ა.შ. ამიტომ, ეს თეზა კრიტიკულ განხილვას და გადახედვას საჭიროებს.

ობიექტური vs. სუბიექტური იდენტიფიკაცია

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ყოველი ინდივიდი/ინდივიდთა ჯგუფი საკუთარ რაობას რეფლექსივიზაციის გზით განსაზღვრავს, ანუ ახდენს თვითიდენტიფიკაციას (შდრ. Hans-Peter Frey და Karl Haußer). აქ არსებითად  საქმე გვაქვს სუბიექტურ იდენტიფიკაციასთან, რამდენადაც ინდივიდი/ინდივიდთა ჯგუფი თავად ირჩევს  და რელევანტურობას ანიჭებს იმ ნიშნებს, რომელსაც თავად მიიჩნევს სპეციფიკურად. სუბიექტური იდენტიფიკაციის დროს ხდება ინდივიდის/ინდივიდთა მიერ ნიშან-თვისებათა გაფილტვრა, მათი სპეციფიცირება და იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე, ინდივიდის/ინდივიდთა ჯგუფის იდენტიფიკაცია აშკარად გამოკვეთილი სუბიექტურობით ხასიათდება, რის გამოც  მას სუბიექტური იდენტიფიკაციის კვალიფიკაცია მიეცა –“იდენტიფიკაციას შიგნიდან” ანუ თვითიდენტიფიკაცია.

თვითიდენტიფიკაცია (ან თვითგანსაზღვრა) ნებელობითი ხასიათისაა, იგი ადამიანის ეგოცენტრული ბუნებიდან გამომდი-ნარეობს და მისი, როგორც სოციუმის წევრის მოთხოვნილებას ასახავს, საკუთარი ადგილი განსაზღვროს სოციუმის შიგნით. თვითიდენტიფიკაცია ნიშანთა ერთობლიობას ემყარება. ქვემოთ ჩამოვთვლით თვითგანსაზღვრისათვის რელევანტურ ნიშნებს:

  1. ეთნიკური ნიშანი > ეთნიკური თვითიდენტიფიკაცია, ანუ რომელ ეთნიკურ ჯგუფს მიაკუთვნებს ინდივიდი საკუთარ თავს;
  2. ენობრივი ნიშანი > ენობრივი თვითიდენტიფიკაცია, ანუ, რომელ ენობრივ ჯგუფს მიაკუთვნებს ინდივიდი საკუთარ თავს (რომელ ენას მიიჩნევს მშობლიურ ენად/დედაენად);
  3. რელიგიური ნიშანი > რელიგიური თვითიდენტიფიკაცია, ანუ რომელ რელიგიურ ჯგუფს მიაკუთვნებს ინდივიდი საკუთარ თავს (რომელ რელიგიურ აღმსარებლობას აღიარებს);
  4. ფსიქოლოგიური ნიშანი > ფსიქოლოგიური თვითიდენ-ტიფიკაცია, ანუ რომელ ფსიქოლოგიურ ტიპს მიაკუთვნებს ინდივიდი საკუთარ თავს. აღნიშნული ნიშანი ხშირად ქვეცნობიერ დონეზე არსებობს და გარეგნულ გამოხატულებას ინდივიდის ისეთი თვისებების რეალიზაციის შედეგად პოულობს, როგორიცაა ინდივიდუალურ-პიროვნული ხასიათი და ნებისყოფა;
  5. სოციალური ნიშანი > სოციალური თვითიდენტიფიკაცია, ანუ რომელ სოციალურ ფენას მიაკუთვნებს ინდივიდი საკუთარ თავს;
  6. სექსუალური ნიშანი > სექსუალური თვითიდენტიფიკაცია / ორიენტაცია, ანუ რომელ სექსუალურ ჯგუფს მია-კუთვნებს ინდივიდი საკუთარ თავს;
  7. პროფესიული სპეციალიზაციის ნიშანი > პროფესიული თვითიდენტიფიკაცია, ანუ რომელ პროფესიულ ჯგუფს მიაკუთვნებს ინდივიდი საკუთარ თავს.

აქ შეიძლებოდა ამ სიის იმ ნიშან-თვისებებით კიდევ უფრო განვრცობა, რომელიც რელევანტურად მიგვაჩნია თვითიდენტი-ფიკაციის თვალსაზრისით, მაგრამ ძირითადი და არსებითი ნიშნები უკვე ჩამოვთვალეთ და საკითხის მეცნიერული განხილვისათვის მეთოდოლოგიური თვალსაზრისით სრულიად საკმარისად მიგვაჩნია. ჩამოთვლილი ნიშნებიდან პირველი სამი – ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური თვითიდენტიფიკაცია ქმნის ინდივიდის თვითშემეცნების ბაზის-საფუძველს, რომელზედაც მომდევნო ოთხი ნიშანი არის დაშენებული – ფსიქოლოგიური, სოციალური, სექსუალური და პროფესიული თვითიდენტიფიკაცია. ეს ოთხი  უკანასკნელი ნიშანი ინდივიდის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ტიპს განსაზღვრავს და ბაზისურ ნიშნებთან ერთად ქმნის ინდივიდუალობას – აგლომერატების სწორედ  ეს  ერთობლიობა ქმნის ინდივიდუალურ  კონგლომერატს – პიროვნებას. ინდივიდი, როგორც სოციუმის  კვანტიტატიური ელემენტი, ინდივიდუალურ კვალიტატიურობას სწორედ ამ ნიშნების მიხედვით იძენს.

საგულისხმოა, რომ ფსიქოლოგიური ნიშანი – ფსიქოლოგიური ტიპი – გარკვეულწილად განსაზღვრავს დანარჩენ სამ ნიშანს: კონკრეტული სოციალური წრისადმი ინდივიდის სოციალურ მიკუთვნებადობას, რაც თავის მხრივ უმეტესწილად ინდივიდის  პროფესიული საქმიანობით განისაზღვრება.  აქ არ იგულისხმება აუცილებლად აქტუალური სამუშაო ადგილი: პედაგოგიური ან სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი თავს მაინც შესაბამის სოციალურ წრეს მიაკუთვნებს მაშინაც კი, როდესაც იგი ამ თანამდებობაზე არ ან აღარ მუშაობს (მაგ. პენსიონერია ან სამუშაო ადგილი შეიცვალა).

რაც შეეხება სექსუალურ იდენტიფიკაციას, ინდივიდის მიერ ამ ნიშნის მიხედვით თვითშემეცნება,  ობიექტური ანუ ფიზიოლო-გიური მახასიათებლების მიუხედავად, ინდივიდის ფსიქოლოგიურ  მე-სთან არის დაკავშირებული. თუმცა სექსუალური ორიენტაცია (მაგ. ჰერეტო-, ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი) ხშირად მკვეთრ გავლენას ახდენს ინდივიდის სოციალურ სტატუსზე და ჩვენ-იდენტობის შემთხვევაში პრობლემის სოციალიზაციის გამო არ ხდება ამგვარი მე-იდენტობის მატარებელი ინდივიდის ავტომატური გაერთიანება სოციუმში, როგორც კვანტიტატიური ელემენტი. თვისობრიობის ნიშნით აღჭურვილი მე-იდენტობის მატარებელი ინდივიდი სოციუმისათვის მიუღებელი სექსუალური ორიენტაციის გამო განსაკუთრებულ სიტუაციაში იმყოფება: მისი ამ კონკრეტული ნიშნის სოციუმზე გავრცელების შიში აძნელებს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ინდივიდის ინტეგრაციას ჩვენ-იდენტობის მატარებელ სოციუმში.

ამგვარი პრობლემები შეიძლება სხვა ნიშნებთან მიმარ-თებითაც გაჩნდეს. საქართველოს მაგალითის მიხედვით ეს რელიგიურად განსხვავებული ქართველის შემთხვევაში ხდება  თვალსაჩინო: გამუსლიმანებული ქართველის მე-იდენტობა, ამ ინდივიდის რელიგიური თვისობრიობიდან გამომდინარე,  ართულებს მის ინტეგრაციას ჩვენ-იდენტობის მატარებელ სოციუმში. საგულისხმოა, რომ საქართველოში ასეთი ინდივიდი მიეკუთვნება რელიგიურ უმცირესობას, მაშინ როდესაც იგი ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენელია. ეს შემთხვევა შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც “გახლეჩილი იდენტობა”.

იდენტიფიკაციის მეორე სახე, ე.წ. “იდენტიფიკაცია გარედან”, ობიექტურ იდენტიფიკაციას წარმოადგენს. ობიექტური იდენტიფიკაციის დროს, თვითიდენტიფიკაციისაგან განსხვავებით, სპეციალისტთა მიერ ხდება იმ სპეციფიკურ ნიშან-თვისებათა დაძებნა და მათ შორის არსებული მიმართებების დადგენა, რომელიც რელევანტურად მიიჩნევა და რომელსაც კლასიფიკაციის თვალსაზრისით მეცნიერული ღირებულება აქვს. ობიექტური იდენტიფიკაციის შემთხვევაში საქმე გვაქვს ობიექტის (ე.ი. ინდივიდის/ინდივიდთა ჯგუფის) ნიშან-თვისებათა მეცნიერულ აღწერასთან, რომელიც სწორი მეთოდოლოგიური საშუალებების გამოყენების გამო უმეტესად განსხვავდება სუბიექტური იდენტიფიკაციისაგან: ობიექტური იდენტიფიკაცია ობიექტურად არსებულ ნიშან-თვისებებს ეყრდნობა, სისტემურობით ხასიათდება და გაცილებით ზუსტად და ადეკვატურად ახასიათებს ინდივიდს/ინდივიდთა ჯგუფს. ობიექტური იდენტიფიკაციის უპირატესობა მეცნიერულ მეთოდოლოგიურობაში  მდგომარეობს.

რესურსები:

Hans-Peter Frey (Hg.): Identität. Entwicklungen psychologischer und soziologischer Forschung. Enke, Stuttgart, 1987;

Karl Haußer, Identitätspsychologie, Springer-Verlag Berlin Heildeberg, 1995.)

George Herbert Mead, Geist, Identität und Gesellschaft, Suhrkampf, 1998, 177.

Erik H. Erikson, Identity and the Life Cycle. New York: International Universities Press, 1959.