ოპერაციონალიზაცია

ვიდრე მეთოდურ ნაწილს დავასრულებ­დეთ, კიდევ ერთ საკითხს გვინდა შევეხოთ, კერძოდ, ენობრივი სისტემის ფუნქციონირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს – ოპერაციონალიზაციას, ანუ გვსურს აღვწეროთ, თუ როგორია გზა კოგნიტური „აზრიდან“ გრამატიკულ „წინადადება“.

ფორმალური თვალსაზრისით ენა სისტემაა, თავისი ფუნქციით კი – კომუნიკაციის საშუალება. ჩვენ აზრებს ენის მეშვეობით გადმოვცემთ, უფრო სწორად, ენის მეშვეობით ვახდენთ ჩვენი აზრების გენერირებას კოგნიტურ დონეზე, რომელიც მეტყველების მეშვეობით აღქმად მედიუმად – აკუსტიკურ სიგნალად გარდაიქმნება.

ადამიანის გონებაში მოცემული აზრი შედგება კონცეპტებისაგან, რომლებიც ოპერატორების მეშვეობით უკავშირდებიან ერთმანეთს. სწო­რედ კონცეპტებისა და ოპერატორების ლოგიკური კავშირი ქმნის აზრის ენობრივი რეალიზების საფუძველს, რომელიც მოცემული კონკრეტული ენის ფარგლებში თანმიმდევრულად დალაგებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ ჯაჭვს ქმნის. ანუ კოგნიტური „აზრიდან“ გრამატიკულ „წინადადებად“ გარდაქმნა ლინეალიზაციის (ხაზობრიობის) გზით მიიღწევა:  იდეა > ლინეალიზაცია > ენობრივი გაფორმება.

 სტრუქტუ­რულად ეს პროცესი ასე გადმოიცემა:

1

ლინეალიზაციის შედეგად აზრობრივ სუბსტანციას ეძლევა ენობ­რივი ფორმა, რომელიც აკუსტიკური მედიუმის სახით არის გადმოცე­მული. სწორედ ამ ორ ცნებას – სუბსტანცია და ფორმა – დაემყარა ევროპული სტრუქტურალიზმი: ფერდინანდ დე სოსიურისა და ლუის იელმსლევის თეორიაში სუბსტანცია განხილულია, როგორც ამორფული მასა, რომელიც ფორმას მხოლოდ კონკრეტულ ენაში იღებს.

ლინეალიზაციის საილუსტრაციოდ ჩავატაროთ ასეთი ცდა: ავიღოთ რამდენიმე სიტყვა, როგორც კონცეპტის რეალიზაცია, მაგ., არსებითი სახელები – გიორგი, ტბა, სახლი, მიმღეობა – მდგა, საწყისი – გაშურება, გარემოებები – გუშინ,  დაუყოვნებლივ და შევეცადოთ მოცემული სიტყვებისაგან ავაგოთ წინადადება.

წინადადებაში სავალდებულო კომპონენტების დასადგენად, უპირ­ვე­ლეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა სახის მოქმედებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი წინადადების აგების შემთხვევაში, ანუ დავადგინოთ მოქმედების სახე:

მოქმედების სახე: გადაადგილება (გაშურება)

ახლა განვსაზღვროთ მოქმედების შემსრულებელი:

მოქმედების შემსრულებელი: სულიერი არსება (გიორგი)

შემდგომ დასადგენია, თუ როდის ხდება მოქმედება:

მოქმედების დრო: წარსული

ჩვენს შემთხვევაში მოცემული მოქმედების სახე „გადაადგილება“ ლოგიკურად გულისხმობს გადაადგილების მიმართულების ან მიზნის არსებობას, ანუ უნდა განვსაზღვროთ მოქმედების მიმართულება ან მიზანი:

მოქმედების მიმართულება / მიზანი: დირექტივი

ახლა შევეცადოთ ამ ინფორმაციული კომპონენტებისაგან წარ­მოვქმ­ნათ ქართულ ენაზე გრამატიკულად გამართული წინადადება, ანუ მოვახდინოთ ამ ინფორმაციული კომპონენტებისაგან შემდგარი აზრის ლინეალიზაცია.

ლინეალიზაცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გულისხმობს აზრის ამორფული სუბსტანციის აკუსტიკურ მედიუმში, ანუ აზრების ფიზიკა­ლურ ფორმატში გადაყვანას (სუბსტანცია & ფორმა) კონკრეტული ენობრივი სისტემის ფარგლებში. სუბსტანცია, ანუ სიტყვა, როგორც აბსტრაქ­ტულად არსებული კონცეპტი ჩვენს შემეცნებაში, ენაში გარკვეუ­ლი ფორმით რეალიზდება. ამიტომ ლინეალიზაციის პროცესში აუცილე­ბე­ლია მათი ენობრივ დონეზე ფორმალური გაფორმება. ამისათვის უნდა მოვახდინოთ ინფორმაციული კომპონენტების სინტაქსურ ფრაზებად დალაგება, ანუ ინფორმაციული კომპონენტების კომბინაცია.

წინადადების აგება დავიწყოთ მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვით, ანუ მოვახდინოთ მოქმედების  („გაშურება“), როგორც აზრის, ენობრივი გაფორმება (ანუ გრამატიკულად ფორმულირება). იმისათვის, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართოს, ანუ ზმნის ფორმა სწორ დროში ჩავსვათ, დაგვეხმარება ინფორმაციული კომპონენტი მოქმედების დრო, ანუ სიტყვა „გუშინ“. ამგვარად, ორი ინფორმაციული კომპონენტი მოქმედების სახე (ზმნა, რომელიც წარსულ დროში უნდა გაფორმდეს) და მოქმედების დრო (ზმნიზედა, რომელიც დროის გარემოების ფუნქციით გამოიყენება და წარსულ დროზე მიგვითითებს) უკვე შეგვიძლია ჩავსვათ წინადადების მატრიცაში:

2

იმისათვის, რომ ავირჩიოთ მოქმედების შემსრულებელი – სუბიექ­ტი, მოდით, სემანტიკურად გავაანალიზოთ მოქმედების სახე, გადმოცე­მული ზმნის მეშვეობით „გაშურება“. ზმნით გადმოცემული ეს მოქმედება შეიცავს ორ სემანტიკურ კომპონენტს – [+HUM] და [+CONT], რაც გამორიცხავს უსულო არსებითი სახელების – „სახლი“ და „ტბა“ – გამოყენებას სუბიექტის ფუნქციით. ამიტომ შემდეგი სიტყვა, რომელიც შეგვიძლია ჩავსვათ მატრიცაში, არის „გიორგი“. მოქმედის მატრიცაში შეტანა საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ მოქმედების გრამატიკული ფორმირება –  მოქმედების გამომხატველი ზმნის დეტერმინირება პირისა (3 პირი) და რიცხვის (მხოლობითი რიცხვი) მიხედვით. მოქმედის მატრიცაში შეტანის შემდეგ ზმნა მიიღებს კონკრეტულ მორფოლოგიურ ფორმას შემდეგი ნიშნებით: დრო – წარსული, პირი – მესამე, რიცხვი – მხოლობითი; ხოლო მოქმედი, ქართული ენის სინტაქსური წესებიდან გამომდინარე (გარდაუვალი ზმნა სუბიექტს სახელობითში მოითხოვს), გაფორმდება შესაბამისი ბრუნვით – იგი ჩაისმება სახელობით ბრუნვაში:

3

სიტყვა „დაუყოვნებლივ“ ვითარების ზმნიზედაა და როგორც წესი, ზმნის წინ რეალიზდება:

4

და ბოლოს, დაგვრჩა კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც განავრ­ცობს ინფორმაციულ კომპონენტს _ მოქმედების სახე. ლინეალიზაციის შედეგად ფორმალურად სუბსტანცირებული ზმნა „გაეშურა“, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მოითხოვს ზმნით გამოხატული მოქმედების ლოკალურ ან სამოტივაციო მიზანს, რომელიც  რეალიზდება ადგილის გარემოების (გაეშურა ვიღაცისკენ/რაღაცისკენ) ან მიზნის გარემოების (გაეშურა რაღაცისთვის/რაღაც მიზნით) სახით.

დარჩენილი ორი არსებითი სახელი: „სახლი“ და „ტბა“ გამორიც­ხავს მიზნის გარემოების პოვნიერებას. ორივე სახელი სემანტიკურად კვალიფიცირდება, როგორც გეოგრაფიული პუნქტი და ადგილის გარემოების პოვნიერებაზე მიგვითითებს. ახლა მთავარია გადავწყვიტოთ, თუ რა ნიშნის მიხედვით ავირჩიოთ თავსებადი სახელი, ანუ რომელი არსებითი სახელი უნდა ავირჩიოთ ადგილის გარემოების ფრაზის ბირთ­ვად.: „ტბა“ თუ „სახლი“? დამხმარე საშუალებად ასეთ შემთხვევაში გამოდ­გება სიტყვა „მდგარი“, რომელიც სემანტიკური თავსებადობის თვალ­საზრისით „სახლს“ მიემართება და გამორიცხავს „ტბას“. ამ უკანასკ­ნელის შემთხვევაში უნდა გვქონოდა სიტყვა „მდებარე“ და არა „მდგარი“.

წინადადების მატრიცაში შეგვიძლია შევიტანოთ დარჩენილი სიტყვები ტბა, მდგარი და სახლი:

5

იმისათვის, რომ მოვახდინოთ ინფორმაციული კომპონენტის – მოქმედების ლოკალური მიზანი – ლინეალიზაცია,  ამ სამი სიტყვიდან  (ტბა, მდგარი და სახლი) უნდა ავაგოთ სახელური ფრაზა, რომელიც წინადადებაში პრედიკაციის შესაბამისად (გაეშურა სად?) იქნება გაფორ­მე­ბული.  ამისათვის კი დაგვჭირდება ფუნქციური გრამატიკის ერთ-ერთი საკვანძო ცნების – ოპერაციონალიზაციის შემოტანა.

ოპერაციონალიზაცია არის გარდაქმნა, რომელიც ხორციელდება ორი ელემენტის – ოპერატორი და ოპერატი  – მეშვეობით და რომლის შედეგად მიღებული ოდენობა – რეზულტატი განსხვავდება საწყისი ოდენობისაგან – ოპერანტისაგან. შესაბამისად:

1. ოპერატორი არის ის ელემენტი, რომელსაც იყენებს ენა ოპერი­რებადი ელემენტის მიმართ, ანუ ენა ოპერირებს ოპერატორების მეშვეობით;

2. ოპერანტი არის ის ელემენტი, რომელსაც მიემართება ოპერატორი და ახდენს ოპერირებას;

3. ამ პროცესის, ანუ ოპერატორის ოპერანტზე მიმართების შედეგად მიიღება რეზულტატი, რომელიც თვისებრივად განსხვავდება მანამდე არსებული ოპერანტისაგან.

თუ ოპერატორს აღვნიშნავთ X -ით, ხოლო ოპერანტს  Y -ით, მაშინ ოპერაციონალიზაციის შედეგად მივიღებთ Yʹ -ს, რომელიც არ უდრის Y -ს.

შევეცადოთ განვახორციელოთ ოპერაციონალიზაცია ფუნქციურად გამართული ფრაზის წარმოსაქმნელად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელური ფრაზის ბირთვი მოცემულ წინადადებაში არის არსებითი სახელი „სახლი“. მიმღეობა „მდგარი“ მიემართება „სახლს“ და ქმნის სახელურ ფრაზას. იმისათვის, რომ სახელური ფრაზა იქცეს ადგილის გარემოებად, და იმის გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს ინფორმა­ციული კომპონენტის – მოქმედების მიზანი, ფორმალურ სუბსტანცირე­ბასთან, გვჭირდება ოპერატორი, რომელიც მიმართულების ფუნქციურ მარკირებაში დაგვეხმარება. ასეთი ოპერატორი ქართულში არის -კენ თანდებული. ოპერაციონალიზაცია ხორციელდება შემდეგნაირად: ვიღებთ ოპერანტს „სახლი“ და ვახორციელებთ მასზე ოპერირებას ოპერატორით -კენ თანდებულის სახით. ოპერირების შედეგად მივიღებთ რეზულტატს – თანდებულიანი ნათესაობითის ფორმას სახლ-ის-კენ.

ენობრივი ოპერაციონალიზაცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც მექანიკური გარდაქმნის წესი, იგი საგრძნობლად განსხვავდება ენებში და თითოეული ენისათვის სპეციფიურია. მაგ., გერმანულში შესაბამისი ფრაზის წარმოსაქმნელად გამოიყენება ოპერატორი – წინდებული nach  და ოპერანტი – არსებითი სახელი Haus. ოპერირების შედეგად ვიღებთ ოპერირების რეზულტატს nach Hause.

შდრ.:

გერმ.:    ოპერანტი [Haus]NOM  ოპერატორი [nach] > [nach] Pp [Hause]ACC

ქართ.:   ოპერანტი [სახლი]NOM ოპერატორი [-კენ] > [სახლ-ის]GEN +[კენ] Pp

ოპერირების  შედეგად გერმანულმა ენამ ოპერანტი მოითხოვა სა­გან­გებო ბრუნვაში, აკუზატივში. ქართულში, გერმანულისაგან განსხვავე­ბით, ოპერატორი წინდებულის მაგივრად თანდებულია, და ქართული ენა  ოპერანტს მოითხოვს ნათესაობითში.

დავუბრუნდეთ სიტყვას „მდგარი“. ზმნა „დგომა“, ისევე როგორც შესაბამისი მიმღეობური ფორმა „მდგარი“, მოითხოვს სპეციფიკაციას ანუ შინაარსობრივ განვრცობას. სემანტიკურად ორი სახის სპეციფიკაცია არის შესაძლებელი: ლოკალური სპეციფიკაცია, ანუ სად-სპეციფიკაცია (მაგ. ოთახში დგას, ხესთან დგას, მაგიდაზე დგას) და ვითარების გარემოებითი სპეციფიკაცია ანუ როგორ-სპეციფიკაცია (მაგ. უხერხულად დგას, შეუმჩნევლად დგას და ა.შ.). ჩვენს შემთხვევაში როგორ-სპეციფიკაცია გამორიცხულია, ვინაიდან არსებითი სახელი „ტბა“ არ იძლევა ამის საშუალებას. სემანტიკურ-ფუნქციური თვალსაზრისით უფრო თავსებადია სად-სპეციფიკაცია სამი ლოკალური შესაძლებლობით:

1. თანამდებარეობა (სიახლოვის თვალსაზრისით) – ტბასთან (იხ. ადესივი),

2. მდებარეობა ში სპეციფიკაციითტბაში (იხ. ინესივი),

3. მდებარეობა ზე სპეციფიკაციითტბაზე (იხ. სუპერესივი)

ამ სამი ვარიანტიდან ყველაზე რეალური, (კონვენციული) იმპლიკაციის გათვალისწინებით, ლოკალური სპეციფიკაციის პირველი სახეა – თანამდებარეობა; ნაკლებ რეალურია, მაგრამ შეუძლებელი არ არის ლოკალური სპეციფიკაციის მეორე სახე – მდებარეობა -ში სპეციფიკაციით (ტბაში მდგარი სახლი არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა, მაგრამ არც გამორიცხული არაა); რაც შეეხება ლოკალური სპეციფი­კაციის მესამე სახეს, მდებარეობა –ში სპეციფიკაციით (ტბაზე მდგარი სახლი), იგი უნდა გამოვრიცხოთ, ვინაიდან წყლის ზედაპირზე სემანტიკურად დასაშვებია ისეთი ქმედება, როგორიცაა „ტივტივი“ (მაგ.: წყალზე ტივტივებს) და არა „დგომა“ (მაგ.: წყალზე დგას).

მსჯელობიდან გამომდინარე, ოპერანტზე „ტბა“ ლოკალური სპეცი­ფიკაციის მესამე სახის გამომხატველი ოპერატორის -თან თანდებულის მეშვეობით ვახორციელებთ ოპერაციას და ვიღებთ რეზულტატს „ტბას­თან“ – არსებით სახელს მიცემით ბრუნვაში -თან თანდებულის თანხლე­ბით.

ამგვარად, ჩვენ მიერ განხორციელებული ოპერაციონალიზაციის შედეგად მივიღეთ წინადადება:

(45) გუშინ გიორგი დაუყოვნებლივ გაეშურა ტბასთან მდგარი სახლისკენ.

6

იმისათვის, რომ წინადადების ძირითადი წევრები გამოვავლინოთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ კითხვის დასმის მეთოდი:

პრედიკატი:

კითხვა:  რა ქნა?

პასუხი: გაეშურა

სუბიექტი:

კითხვა:  ვინ გაეშურა?

პასუხი: გიორგი გაეშურა

დროის გარემოება:

კითხვა:  როდის გაეშურა?

პასუხი: გუშინ გაეშურა

ადგილის გარემოება:

კითხვა: საით გაეშურა?

პასუხი: სახლისკენ გაეშურა

წინადადების დანარჩენი ელემენტები – დაუყოვნებლივ, ტბასთან და მდგარი სატელიტ ელემენტებს წარმოადგენენ, წინადადების ძირითად წევრებს დაერთვიან და ქმნიან ა) სინტაგმებს – დაუყოვნებლივ გაეშურა, ან ბ) სინტაქსურ ფრაზებს – ტბასთან მდგარი სახლისკენ.

სატელიტ ელემენტებს კითხვა სინტაქსური ფრაზის შიდა სტრუქტურიდან გამომდინარე დაესმის:

ვითარების გარემოება:

კითხვა: როგორ გაეშურა?

პასუხი: დაუყოვნებლივ გაეშურა

ადგილის გარემოება:

კითხვა: რასთან მდგარი სახლისკენ?

პასუხი: ტბასთან მდგარი

ანუ კითხვა დაესმის როგორც მთლიან სინტაქსურ ფრაზას, ისე მის სათითაო შემადგენელ ელემენტს:

7

რაც შეეხება სიტყვას „მდგარი“, მას კითხვა არ დაესმის. სინტაქ­სური ფრაზა „ტბასთან მდგარი სახლისკენ“ წინადადების „სახლი ტბას­თან დგას“ სახელურ ფრაზად ტრანსფორმაციის შედეგად არის მიღებუ­ლი, „მდგარი“ ყოფილი პრედიკატია და მიმღეობურ ფორმად მოქცევის შემდეგ ორ ელემენტს შორის „ტბასთან“ და „სახლისკენ“ ლოგიკური მიმართებების გადმოსაცემად (პრედიკაციის მიზნით) გამოიყენება. შესაბა­მისად, სიტყვა „მდგარი“ მხოლოდ მეორე კონსტიტუენტთან ერთად „ტბას­თანქმნის სინტაგმას „ტბასთან მდგარი და დაერთვის „სახლს “ როგორც მოდიფიკატორი. იგი პასუხობს კითხვაზე: რომელი სახლისკენ? პასუხი: „ტბასთან მდგარი სახლისკენ“.

                სინტაგმისა და ფრაზის საკითხებს, ისევე როგორც წინადადებების სინტაქსურ კონსტრუქტებად – სინტაგმა და სინტაქსური ფრაზა – გარდაქმნის მექანიზმს ჩვენ მომდევნო თავებში დაწვრილებით განვიხილავთ.