კოორდინაცია

წინადადების კონსტიტუენტების დადგენა კოორდინაციის ტესტის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. კოორდინაციისათვის, როგორც წესი, გამოიყენება მაერთებელი კავშირი და. ზემოთ განხილულ წინადადებაში კითხვის დასმის მეთოდით გამოყოფილი კონსტიტუენტები შეგვიძლია კოორდინაციის წესითაც გადავამოწმოთ:

შდრ.:

(1) [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს] შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(1ა) [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს] და [ზაფხულის მომდევნო დღეებშიც] შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(2) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს] ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(2ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს] და [მათ ზარმაც ბრიგადირს] ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(3) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [ასწლოვანი მუხის ქვეშ] უდარდელად ეძინათ.

(3ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [ასწლოვანი მუხის ქვეშ] და [მის მიმდებარე ტერიტორიაზე]  უდარდელად ეძინათ.

(4) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად [ეძინათ].

(4ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად [ეძინათ] და [არ მუშაობდნენ].

შეუძლებელია სიტყვათა ჯაჭვის მიმართ, როგორიცაა [მუხის ქვეშ უდარდელად] ან [მკალავებს ასწლოვანი], კოორდინაციის წესის გამოყენება, ვინაიდან  ისინი არ წარმოადგენენ წინადადების უშუალო კონსტიტუ-ენტებს.

წინადადების უშუალო კონსტიტუენტის მიმართ კოორდინაციის წესის გამოყენების შემთხვევაში ვიღებთ უფრო რთულ, კომპლექსურ კონსტიტუენტს, წინადადება კი კვალიფიცირდება, როგორც შერწყმული წინადადება.  მაგ., ორი სინტაგმის – [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს] და [მათ ზარმაც ბრიგადირს] – შეერთების შედეგად მიღებული სინტაქსური კონსტრუქტი – [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს და მათ ზარმაც ბრიგადირს] – წინადადებაში სუბიექტის როლში გამოდის, ვინაიდან უპასუხებს კითხვას: ვის ეძინა? პასუხი: შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს და მათ ზარმაც ბრიგადირს.

გარდა მაერთებელი კავშირისა, კოორდინაციისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მათანაბრებელი კავშირი-ფრაზა ისე(ვე) როგორც. მაგ.:

(5) [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს], შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(5ა) [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს, ისევე, როგორც ზაფხულის მომდევნო დღეებში], შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(6) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(6ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს, ისევე, როგორც მათ ზარმაც ბრიგადირს], ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(7) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ].

(7ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [ასწლოვანი მუხის ქვეშ,  ისევე, როგორც მის მიმდებარე ტერიტორიაზე],  უდარდელად ეძინათ.

მათანაბრებელი კავშირის გამოყენება კოორდინაციისათვის არ ფუნქციონირებს პრედიკატის შემთხვევაში:

(8) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ.

(8ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ, ისევე როგორც ისვენებდნენ.

ასეთ შემთხვევაში, როგორც მაგალითიდან ჩანს, გრამატიკულად გაუმართავ წინადადებას მივიღებთ. კოორდინაციის წესი, აქედან გამომდინარე, კვალიფიცირდება როგორც ნაკლული წესი.