პრონომინალიზაცია

წინადადების ისეთი წევრების დასადგენად, როგორიცაა სუბიექტი, პირდაპირი ობიექტი და ირიბი ობიექტი, წარმატებით გამოიყენება პრონო­მინალიზაციის ტესტი. ამ ტესტის განხორციელების მექანიზმი იმაში მდგომარეობს, რომ წინადადებაში ძირითადი წევრების – სუბიექტი, პირდაპირი ობიექტი და ირიბი ობიექტი – შესაბამისი კონსტიტუენტები ნაცვალსახელებით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ.

განვიხილოთ ასეთი წინადადება: „ბებიამ შვილიშვილს ტკბი­ლეული გაუგზავნა“. ამ წინადადების სამივე წევრი – სუბიექტი (ბებიამ), ირიბი ობიექტი (შვილიშვილს) და პირდაპირი ობიექტი  (ტკბილეული) – ნაცვალსახელით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ: მან (ბებიამ) მას (შვილიშვილს) ის  (ტკბილეული) გაუგზავნა.

ახლა გავართულოთ მარტივი წინადადება და განვავრცოთ იგი: ხანშიშესულმა ბებიამ საყვარელ შვილიშვილს საკუთარი ხელით გაკეთებული ტკბილეული გაუგზავნა.

დავუსვათ შეკითხვა თითოეულ კონსტიტუენტს:

სუბიექტი:

კითხვა: ვინ გაუგზავნა?

პასუხი: მან (ხანშიშესულმა ბებიამ)

პირდაპირი ობიექტი:

კითხვა: რა გაუგზავნა?

პასუხი: ის (საკუთარი ხელით გაკეთებული ტკბილეული)

ირიბი ობიექტი:

კითხვა: ვის?

პასუხი: მას (საყვარელ შვილიშვილს)

პრონომინალიზაციას ვერ მოვახდენთ, მაგალითად, სიტყვათა ასეთი თანმიმდევრობისათვის: [საყვარელ შვილიშვილს საკუთარი] ან [ბებიამ საყვარელ შვილიშვილს], ვინაიდან არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს ზმნასთან (გაუგზავნა) შეწყობილ სუბიექტს, ირიბ ან პირდაპირ ობიექტს.

ამდენად, პრონომინალიზაცია, კითხვის დასმისა და კოორდინა­ციის მეთოდის გამოყენების მსგავსად, საშუალებას გვაძლევს გამოვავლი­ნოთ წინადადებაში უშუალო კონსტიტუენტები – ერთმანეთთან ლოგიკურ მიმართებაში მყოფი და სინტაქსურ ბმულობაში არსებული სიტყვების ჯაჭვი.