პერმუტაციის მეთოდი

პერმუტაცია “გადანაცვლებას” ნიშნავს და ენათმეცნიერებაში გამოიყენება ლინგვისტური ოპერაციის სახით. ეს მეთოდი გულისხმობს ენობრივი ელემენტის გადაადგილებას ელემენტთა ერთიან ჯაჭვში. თუ წინადადებაში ენობრივი ელემენტის გადაადგილების შედეგად მიღებული შედეგი ვალიდურ ვარიანტს მოგვცემს როგორც გრამატიკული, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით, მაშინ ელემენტთა ჯაჭვში ელემენტთა თანმიმდევრობა თავისუფალი რეალიზების შესაძლებლობაზე მიგვითი­თებს.

განვიხილოთ ეს მეთოდი მარტივი მათემატიკური ოპერაციის მაგალითზე. ავიღოთ ტოლობა: 2+6+5=13 და გადავაადგილოთ ტოლობის ერთ მხარეს მოქცეული ციფრები მაგალითად, ასე: 6+2+5. შედეგად მივიღებთ 13-ს. ანუ, შეკრების ოპერაციაში შესაკრებთა თანმიმდევრობა სრულიად თავისუ­ფალია. მათემატიკაში ეს მოვლენა, შესაბამისად, წესის სახით რეალიზ­დება: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყენება ეს მეთოდი ლინგვისტიკაში. წინადადების ის ელემენტები, რომლებიც ჯგუფურად გადაადგილების საშუალებას იძლევიან, წარმოადგენენ წინადადების არა უბრალო კონს­ტი­ტუენტს, არამედ უშუალო შემადგენელ კონსტიტუენტს. ეს კონსტი­ტუენტი, როგორც წესი, წინადადების ერთ-ერთი წევრია, მაგ.: სუბიექტი, ობიექტი, დროის, ადგილის ან ვითარების გარემოება.

წინადადებაში „ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ“ ოთხი კონსტიტუენტი გამოიყოფა:

  • ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს
  • შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს
  • ასწლოვანი მუხის ქვეშ
  • უდარდელად ეძინათ.

მოდით, პერმუტაციის წესის გამოყენებით შევამოწმოთ ჩვენი ვარაუდის სისწორე.

შდრ.:

ტესტი 1: გადავანაცვლოთ უშუალო კონსტიტუენტი ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს:

შდრ.:

(1) [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს] შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ

(1ა) შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს] ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ

(1ბ) შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს] უდარდელად ეძინათ

(1გ) შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს]

ტესტი 2: გადავანაცვლოთ უშუალო კონსტიტუენტი შრომით ქანც­გაწყვეტილ მკალავებს:

შდრ.:

(2) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს] ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ

(2ა) [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს] ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ

(2ბ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს ასწლოვანი მუხის ქვეშ [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს] უდარდელად ეძინათ.

(2გ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს].

ტესტი 3: გადავანაცვლოთ უშუალო კონსტიტუენტი ასწლოვანი მუხის ქვეშ:

შდრ.:

(3) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [ასწლოვანი მუხის ქვეშ] უდარდელად ეძინათ

(3ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს [ასწლოვანი მუხის ქვეშ] შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს უდარდელად ეძინათ.

(3ბ) [ასწლოვანი მუხის ქვეშ] ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს უდარდელად ეძინათ

(3გ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს უდარდელად ეძინათ [ასწლოვანი მუხის ქვეშ].

ტესტი 4: გადავანაცვლოთ უშუალო კონსტიტუენტი უდარდელად ეძინათ:

შდრ.:

(4) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ [უდარდელად ეძინათ]

(4ა) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [უდარდელად ეძინათ] ასწლოვანი მუხის ქვეშ

(4ბ) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს [უდარდელად ეძინათ] შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ

(4გ) [უდარდელად ეძინათ] ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ

როგორც ვხედავთ, ოთხივე კონსტიტუენტი თავისუფლად გადაად­გილდება წინადადების შიგნით, როგორც სიტყვათა ერთიანი ჯაჭვი. პერ­მუტაციის შედეგად მიღებული ზოგიერთი წინადადება შეიძლება საკა­მათო იყოს „ბუნებრიობის“ თვალსაზრისით, თუმცა ყველა აქ მოყვანილი მაგალითი გრამატიკულად „სწორ“ ვერსიას იძლევა. პერმუტაციის შედე­გად მიღებულ წინადადებათა ვალიდურობის ხარისხი პრაგმატიკის თვალსაზრისით ცალკე მსჯელობის საკითხია და ვინაიდან სრულიად ახალ თემას – წინადადებაში ინფორმაციული სტრუქტურის საკითხებს – უკავშირდება, მას აქ არ შევეხებით. რაც შეეხება მოცემულ წინადადებაში თავად კონსტიტუენტების შიგნით სიტყვათა გადაადგილებას, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ იგი შეზღუდულია ან მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში დაუშვებელიც კია (აქვე, საგანგებოდ გვინდა მივუთითოთ, რომ წინადადების უშუალო კონსტიტუენტების შიგნით სიტყვათა გადაადგილების შესაძლებლობა პოეზიაში ცალკე მსჯელობის საგანია – პოეზიის სინტაქსი პროზაში დადასტურებული მორფოსინტაქსური წესებისაგან განსხვავებით სხვაგვარ სურათს გვიჩვენებს და პერმუტაციის თვალსაზრისით შედარებით მეტი თავისუფლებით ხასიათდება).

თუ მოცემულ წინადადებაში რამდენიმე სიტყვას ფრაზების შიგ­ნით ან მის გარეთ გადავაადგილებთ, შესაძლოა გრამატიკულად არა­სწორი წინადადება მივიღოთ.

შდრ.:

(5) [ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს] უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ

(5ა) !!! [იმ მშვენიერ დღეს ზაფხულის] უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ

(5) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს [უდარდელად ეძინათ] შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ

(5ბ) !!! ზაფხულის იმ მშვენიერ [უდარდელად დღეს ეძინათ] შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ

(5) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ [შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს] ასწლოვანი მუხის ქვეშ

(5გ) !!! ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ [ქანცგაწყ­ვეტილ შრომით მკალავებს] ასწლოვანი მუხის ქვეშ

(5) ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [ასწლოვანი მუხის ქვეშ].  

(5დ) !!! ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს უდარდელად ეძინათ შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს [მუხის ქვეშ ასწლოვანი]. 

პერმუტაციის ტესტი ყველაზე ეფექტურად გამოიყენება წინადადე­ბაში სიტყვათა თანმიმდევრობის კანონზომიერების დასადგენად. როგორც ცნობილია, ენების კლასიფიკაციის დროს წინადადებაში სუბიექტის, ზმნისა და ობიექტის განლაგების მექანიზმი ­_ ე. წ. SVO თანმიმდევრობა – ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს. ქართული ენა თავისუფალი წყობის ენად არის მიჩნეული: წინადადების წევრების გადაადგილება თხრობით წინადადებაში დასაშვებია და წინადადებას არ აქცევს არაგრამატიკულ კონსტრუქტად. ეს საკითხი საგანგებო მსჯელო­ბას მოითხოვს და აქ აღარ განვავრცობთ მას. წინასწარი თეზის სახით კი ვიტყვით, რომ მარტივ წინადადებაში სიტყვების გადაადგილება შედარებითი თავისუფლებით ხასიათდება, მაგრამ არა ფრაზების შიგნით. წინადადების კონსტიტუენტების შიგნით სიტყვათა თანმიმდევრობის მექანიკური შეცვლა (ანუ სიტყვათა  გადაადგილება მორფოსინტაქსური ცვლილებების გარეშე), როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შეზღუდულია ­– ამგვარი ოპერაცია ხშირად იწვევს კოგნიტურ დონეზე არსებული ლოგიკური მიმართებების დარღვევას. რაც შეეხება წინადადებაში ფრაზების გადაადგილებას, იგი მართლაც შედარებით მეტი თავისუფლებით ხასიათდება, თუმცა, ასეთ შემთხვევაში იცვლება წინადადებაში ინფორმაციული სტრუქტურა.