კულტურული მეხსიერება

მეხსიერების უმაღლეს ფორმად მეცნიერები კულტურულ მეხსიერებას მიიჩნევენ.   სოციალური მეხსიერებისაგან განსხვავებით, კულტურული მეხსიერება დროის კონტინუუმში დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის მატარებელია, რომელსაც საზოგადოება ინახავს და თაობიდან თაობას გადასცემს. დღეისათვის კულტურული მეხსიერების მატარებლები არიან ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და მონაცემთა დიგიტალური ბანკები (მაგ., ვიკიპედია, ვებგვერდები, ბლოგები და ა.შ.). კულტურული მეხსიერების ფორმირება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,  როდესაც საზოგადოება იღებს და ითავისებს კულტურული მეხსიერების შინაარსს. ამიტომ . ასმანი კულტურას  უწოდებს, „წარმავლობის შემაჩერებელ სადაზღვევო სისტემას საყოველთაო დავიწყების წინააღმდეგ“.

კულტურული მეხსიერების ფორმირების პროცესში ორი ასპექტი უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან: მეხსიერების შენახვის და მეხსიერების ფუნქციონირების. პირველის შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთგვარ პასიურ მეხსიერებასთან – კულტურულ არქივთან, რომელშიც ინახება კულტურული მეხსიერების კონკრეტული შინაარსი (მათ შორისაა ისეთი კულტურული ფენომენები, რომელიც შესაძლოა საზოგადოებისათვის აღარ ასრულებენ გადამწყვეტ როლს ან საზოგადოების ცნობიერებაში აქტიურად აღარ არიან წარმოდგენილი), მეორე შემთხვევაში კი საქმე გვაქვს აქტიურ, ფუნქციურ მეხსიერებასთან. აქ იგულისხმება ის კულტურული ხატი, რომელიც საზოგადოების ცნობიერებაში მყარადაა დაცული და დავიწყების საშიშროება არ ემუქრება. აქტიური კულტურული მეხსიერება საზოგადოებრივი ზრუნვის ობიექტია და უშუალოდ აისახება კულტურული მეხსიერების მატარებელ საზოგადოებაში სინქრონიულად, მაგ., სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამებში (იგულისხმება საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსი), კულტურულ სფეროში მიმდინარე პროცესებში (ტრადიციული და ინოვატორული ხელოვნების ბალანსი ან დისბალანსი) და ა.შ.

აქტიურ და პასიურ კულტურულ მეხსიერებას შორის ზღვარი მკაფიოდ არ არის გავლებული – ის, რაც პასიურ მეხსიერებაში, კულტურულ არქივში ინახება, შეიძლება აქტიურ კულტურულ მეხსიერებაში გადმოინაცვლოს და კულტურული მეხსიერების ფუნქციურ ელემენტად იქცეს. მაგ., 1829 წელს ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდის მიერ იოჰან სებასტიან ბახის „მათეს ვნებანის“ შესრულებამ ბახის რენესანსი გამოიწვია და კულტურული არქივიდან კულტურული მეხსიერების ფუნქციურ კომპონენტად აქცია როგორც გერმანელი, ისე მსოფლიოს სხვა ერებისთვისაც.

მეხსიერება და ისტორია

ამთავითვე გვინდა საგანგებოდ აღვნიშნოთ, რომ მეხსიერება, განსაკუთრებით კოლექტიური მეხსიერება, ყოველთვის არ ასახავს ობიექტურ სინამდვილეს. იგი აუცილებლობით არ იმეორებს ისტორიულ ფაქტებს და აქედან გამომდინარე, არ არის ისტორიის ადეკვატი, შენახული სოციუმის მეხსიერებაში.

. ჰალბვაქსი საგანგებოდ უსვამს იმ გარემოებას ხაზს, რომ მეხსიერება და ისტორია ერთი და იგივე არ არის. პირიქით, სოციუმი თავის წარსულს “იმახსოვრებს” ისეთი ფორმით, რომელიც სრულიად გამორიცხავს ტრანსფორმაციულ ცვლილებებს. კოლექტიური მეხსიერებიდან ისტორიის გარკვეული მოვლენების “გაფერმკრთალება-წაშლა”, მისი აზრით, იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ “კოლექტიურ მეხსიერებასა” და “ისტორიას” მ. ჰალბვაქსი ოპოზიციურ ტერმინებად მიიჩნევს.

ისტორია ობიექტურად არსებული ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობაა, მაშინ როდესაც კოლექტიური მეხსიერება სუბიექტურობის ნიშნით ხასიათდება და იმავე ფაქტებსა და მოვლენებს სუბიექტურად, “შიგნიდან” ხედავს. ამასთან, კოლექტიური მეხსიერების შემთხვევაში განსაკუთრებული აქცენტი ისტორიის იმ ფაქტებზეა გამახვილებული, რომლებიც სოციუმს, როგორც განსაკუთრებულ, ინდივიდუალობის მქონე ჯგუფს ახასიათებს. ეს ხელს უწყობს მის თვითიდენტიფიკაციას. ისტორია კი პირიქით, სპეციფიკური ნიშნებისა და განსხვავებულობის რეგისტრაციას ახდენს არა იმისთვის, რომ ამა თუ იმ ჯგუფის  ინდივიდუალური ხასიათი დაადგინოს, არამედ პირიქით – განიხილავს რა ფაქტებს  ჰომოგენურ ისტორიულ სივრცეში, ადარებს მათ, ადგენს მიმართებებს ფაქტებს შორის და გამოავლენს ისტორიულ კანონზომიერებებს, რათა საბოლოო ჯამში შეკრას მსოფლიო ისტორიის საერთო სურათი. აქედან გამომდინარე, არსებობს უამრავი კოლექტიური მეხსიერება, მაგრამ მხოლოდ ერთი ისტორია. უარყოფს რა კონკრეტულ მიმართებებს ცალკეული სოციუმების  იდენტობასა და სპეციფიკურობასთან, ისტორია წარსულის რეკონსტრუქციას ახდენს იდენტობისაგან თავისუ-ფალ, სუფთა ტაბლოზე, ლოიალობისა და თანამონაწილეობის გარეშე და ამდენად, “ცივი” მეხსიერების უმაღლესი ფორმით – ობიექტურობით ხასიათდება.

აქ შეგნებულად არ ვეხებით იმ საკითხს, რომ კოლექტიური მეხსიერებისა და ისტორიის ეს შეპირისპირებითი დეფინიცია ისტორიასთან მიმართებით იდეალიზებულია, რომ ნებისმიერი დროის ისტორია დაღდასმულია თანამედროვეობის ინტერესებისდა შესაბამისად – ჟამთააღმწერელთა და ისტორიკოსთა ნაშრომები ეპოქისა და მმართველთა ინტერესების ამსახველია. სწორედ ამიტომ უწოდებენ ისტორიას “სოციალურ მეხსიერებას”.

კიდევ ერთი არსებითი მიმართება უნდა განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებით: მეხსიერება და ტრადიცია. მ. ჰალბვაქსი ტრადიციას მეხსიერების კონკრეტულ ფორმად მიიჩნევს, ა. ასმანი მეხსიერებას ზეცნებად განიხილავს, რომელსაც ორ ქვეცნებად ანაწევრებს: კომუნიკაციურ მეხსიერება და კულტურულ მეხსიერება.

მეხსიერება ყოველთვის კონკრეტულ სოციუმთან მიმართებით  და  კონკრეტულ დროში განიხილება. ეთნოლოგი . ვანსინა, იკვლევდა რა დამწერლობის არმქონე ერების ზეპირი გადმოცემის ისტორიულობის საკითხს, აღნიშნავდა, რომ თუ ორალური ლიტერატურის მთლიან კორპუსს განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ მეხსიერება სამ ეტაპად არის დაყოფილი:

  1. უახლესი ისტორიული ფაქტები
  2. ისტორიული ფაქტები
  3. უძველესი ისტორია, რომელიც ხშირად გენეზისს (წარმოშობის ისტორიას) უტოლდება.

აქედან, პირველი და უკანასკნელი ეტაპი მეხსიერებაში კარგად შენახული ფაქტების კონგლომერატს წარმოადგენს, შუალედური ეტაპი კი, როგორც წესი, ერთგვარ სიცარიელეს ქმნის და მას ი. ვანსინა “მოძრავ სიცარიელეს” (“The floating Gap“) უწოდებს. (შდრ. ისტორიკოსების ტერმინი “შავი პერიოდი” Dark Age).

მეხსიერების ეს ორი, უძველესი და უახლესი ეტაპი, მეხსიერების ორ განსხვავებულ ჩარჩოს ქმნის და ერთმანეთისაგან კატეგორიალური თვალსაზრისითაც განსხვავდება. არსებითად აქ მეხსიერების ორ ფორმასთან გვაქვს საქმე: უძველესი ფორმა ქმნის ულტურულ მეხსიერებას, უახლესი კი – კომუნიკაიურ მეხსიერებას.

კომუნიკაციური და კულტურული მეხსიერება

კომუნიკაიური მეხსიერება აერთიანებს იმ მოგონებებს, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხალ წარსულს მიემართებიან. ეს ის მოგონებებია, რომელსაც  ინდივიდი თავის თანამედროვეებთან ერთად ფლობს, რომელსაც მათთან ერთად ინაწილებს. მას შეიძლება თაობათა მეხსიერება ვუწოდოთ. რომელიც, როგორც წესი,  3-4 თაობის მეხსიერებაა. კომუნიკაციური მეხსიერება იბადება თაობათა მოცემულ დროში და ქრება მასთან, როგორც მეხსიერების მატარებელთან ერთად.

კოლექტიური მოგონება-მეხსიერება ბიმოდალურია: იგი ფუნქციონირებს ფუნდამენტური მოგონებებისა და ბიოგრაფიული მოგონებების სახით.

ფუნდამენტური მოგონებების მოდული უწყვეტია, როგორც დამწერლობის მქონე, ისე დამწერლობის არმქონე ერების მეხსიერებაში და ვერბალური და არავერბალური ფორმის მყარი ობიექტივაცია ახასიათებს. მათ მიეკუთვნება: რიტუალები, ცეკვები, მითები, ტრადიციული ტანსაცმელი, სამკაული, მხატვრობა, ლანდშაფტი, ყველა სახის ნიშანთა სისტემა, რომელსაც ადამიანი მნემოტექნიკის საშუალებით (მოგონება + თვითიდენტიფიკაცია) შემნახველ ყუთში – “მემორიაში” ინახავს. მნემოტექნიკა საშუალებას აძლევს სოციუმს უკეთესად შეინახოს და გადასცეს რელევანტური ინფორმაცია.

კულტურული მეხსიერება ემყარება შორეულ ისტორიას, უფრო სწორად, ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც, როგორც წესი,  მოგონებებში ტრანსფორმირდება, ფაქტობრიობას კარგავს და მითად იქცევა. მას საკრალურობის ელფერი დაჰკრავს, ხშირად რელიგიურ შინაარსს იძენს და საზეიმო ნიშნები უჩნდება. აქედან გამომდინარე,  კულტურული მეხსიერება ყოველდღიურობის ელფერს მოკლებულია, იგი ამაღლებული, საზეიმო რიტუალია და ამდენად პოლარულია  კომუნიკაციური მეხსიერებისა, რომელსაც ყოველდღიურობის ელფერი დაჰკრავს.

კომუნიკაციური მეხსიერება არსებითად განსხვავდება კულტურული მეხსიერებისაგან. კომუნიკაციური მეხსიერების დროს ინდივიდების კომპეტენცია და მათი თანამონაწილეობა განსხვავებულია: სოციუმის ერთმა წევრმა მეტი იცის, ვიდრე მეორემ. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი თაობის ცოდნა უახლოეს წარსულზე უფრო მრავალმხრივია, ვიდრე ახალგაზრდებისა, მაინც თითოეულის თანამონაწილეობა კომუნიკაციური მეხსიერების შექმნაში შეუზღუდავია, აქ არ არსებობენ სპეციალისტები და ექსპერტები. არც არის საჭირო – ჯგუფის წევრები ყოველდღიურად მონაწილეობენ ყოველგვარი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გარეშე. ის ცოდნა, რაც მათ მოეთხოვებათ, თითქმის ენის ათვისებასთან ერთად „შეიწოვება“ და ყოველდღიურ საკომუნიკაციო აქტში მყარდება.

კულტურული მეხსიერების შექმნა-შენახვაში თანამონაწილეობა გამორჩეული ადამიანების ხვედრია. მთქმელების თავდაპირველი ფუნქცია დამწერლობის არმქონე ენებისათვის სწორედ კულტურული მეხსიერების ახალი თაობებისათვის გადაცემა და მათი შენახვაა. შესაბამისად,  ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ მეხსიერების  თანამონაწილე და მეხსიერების  მატარებელი. კომუნიკაციური და კულტურული მეხსიერება ამ თვალსაზრისითაც განსხვავდება ერთმანეთისაგან:

  1. კომუნიკაციური მეხსიერების შემთხვევაში სოციალური ჯგუფის თითოეული წევრი იმავდროულად თანამონაწილე და მატარებელია.
  2. კულტურული მეხსიერების შემთხვევაში სოციალური ჯგუფის წევრები მეხსიერების თანაბრად მატარებელი არიან, მაგრამ მათი თანამონაწილეობაა განსხვავებული: მხოლოდ გამორჩეულ წევრებს აქვთ უფლება (და ამავე დროს ნებელობითი ვალდებულება) მონაწილეობა მიიღონ კულტურული მეხსიერების შექმნა-შენარჩუნებაში.

დამწერლობის არმქონე ერების შემთხვევაში ერის იდენტობის განმსაზღვრელ ცოდნ შენახვა ერთადერთი გზით – ადამიანთა კოლექტიური მეხსიერების საშუალებით ხდება. იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მთლიანობა და ქცევაზე ორიენტირებული (ნორმატიული და ფორმალური) იმპულსები, კოლექტივს უნდა შეეძლოს:

  1. ცოდნის შენახვა (ცოდნის არქივირება)
  2. საჭიროების შემთხვევაში ცოდნის გამოყენების ინტენსივობა (ცოდნის აქტუალიზება)
  3. ცოდნის მომავალი თაობისათვის გადაცემა (ტრანსმისია).

ჯგუფის იდენტობის შესანარჩუნებლად რელევანტური ცოდნის შენახვა კულტურული მემკვიდრეობის სპეციალური ფორმით ხორციელდება და უპირველეს ყოვლისა, მნემოტექნიკური დანიშნულებით გამოიყენება.

კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ცოდნა, მულტიმედიალური ინსცენირების სხვადასხვა ფორმით რეალიზდება – ტექსტი ხმის, მიმიკის, ჟესტიკულაციის, ცეკვის, რიტმიკის და რიტუალური ქცევის თანხლებით – და, როგორც წესი, კოლექტიური თანამონაწილეობით ხორციელდება.

 თანამონაწილეობა კულტურული მემკვიდრეობის გადაცემა-მიღების განხორციელებისათვის აუცილებელია. რიტუალებსა და  დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება, როგორც იდენტობისათვის რელევანტური ცოდნის გადაცემის ყველაზე ეფექტური საშუალება, კულტურული იდენტიფიკაციის რეპროდუცირებას იწვევს და აქედან გამომდინარე, ეთნიკური იდენტიფიკაციის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

 

მნემოტოპი – კულტურული მეხსიერების ფიგურა

 კულტურული მეხსიერების ფიგურა, არცთუ იშვიათად, გარკვეული გარემო, გეოგრაფიული ადგილი ან ლანდშაფტი შეიძლება იყოს. ამ ტიპის ფიგურებს კულტურული მეხსიერების ტოპოგრაფიული „ტექსტი“ – მნემოტოპი ეწოდება. მნემოტოპებად მიიჩნევა ის ადგილები, რომელსაც სოციუმი განსაკუთრებულ ადგილს მიაკუთვნებს  კოლექტიურ მეხსიერებაში, ვინაიდან მას უკავშირებს საკუთარ იდენტობას. ასეთია მაგალითად, ე.წ. ტოტემური ლანდშაფტებავსტრალიაშიავსტრალიელი აბორიგენების მოგზაურობა ტოტემურ ადგილებში, საკუთარი იდენტობის აქტუალიზაციის მიზნით.  ტოტემური ლანდშაფტი ავსტრალიელი აბორიგენების კოლექტიურ მეხსიერებაში მნემოტოპ ფუნქციას ასრულებს. იერუსალიმიც მნემოტოპს წარმოადგენს –  იერუსალიმში მოსალოცად წასვლა ნებისმიერი ქრისტიანისათვის ოცნებაა, ვინაიდან რელიგიური იდენტობის გააქტიურებას უწყობს ხელს.

მნემოტოპი მხოლოდ ისტორიული ადგილი არ არის. მნემოტოპების შექმნა თანამედროვე საზოგადოების პირობებშიც ხორციელდება. ამის საინტერესო მაგალითია ევროპული კულტურის მნემოტოპის შექმნის კონცეფცია, რომელიც კულტურული ტურიზმის ფარგლებში აღმოცენდა და მიზნად ისახავს ევროპის, როგორც ევროპული კულტურის კონტინუუმის, როგორც მეხსიერების ლანშაფტის ანუ მნემოტოპის შემოტანას. ევროპული კულტურული ტურიზმის ფარგლებში ტურისტული მარშრუტები ისეა შემუშავებული, რომ წარმოაჩინოს ევროპის, როგორც კულტურულიონინუუმის (ანუ ევროპული კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების) ერთიანი სურათი და არა როგორც მატერიალური კულტურის ცალკეული ძეგლების გეოგრაფიული კონგლომერატი.

იმისათვის, რომ გაადვილდეს კულტურული ტრანსმისია, ინფორმაციის თაობიდან თაობაზე გადაცემის სხვადასხვა მედიუმი გამოიყენება, როგორც მატერიალური, ისე სულიერი კულტურის სფეროდან. ერთ-ერთ ასეთ მედიუმს წარმოადგენს ენა. სწორედ ენაში არქივირდება სოციუმის (ერის / ეთნიკური ჯგუფის) კულტურული და ეროვნული მეხსიერება. ენის დოკუმენტირება, აქედან გამომდინარე, მეხსიერების ამ ფორმების დოკუმენტირების ტოლფასია – ენის დოკუმენტირებასთან ერთად ჩვენ ვახდენთ ენისა და კულტურის დოკუმენტირებას.

რესურსები:

Aleida Assmann, Vier Formen von Gedächtnis: Von individuellen zu kulturellen Konstruktionen der Vergangenheit, Wirtschaft & Wissenschaft 9 (2001) H. 4, S. 34 – 45

Aleida Assmann/Dietrich Hart (Hrg.): Mnemosyne. Formen und Funktionen der kulturellen Erinnerungen, Frankfurt a/M, 1991, S. 289

Jan Vansina, Oral Tradition. A Study in Historical Methodology (Translated from the French by H. M. Wright). London: Routledge & Kegan Paul, 1965.