წინადადება შედგება უშუალო შემადგენლებისაგან – კონსტიტუენტებისაგან. წინადადებაში კონსტიტუენტების გამოსავლენად ეფექტურად გამოიყენება კითხვის დასმის მეთოდი.
განვიხილოთ ასეთი წინადადება:
(1) „ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს ასწლოვანი მუხის ქვეშ უდარდელად ეძინათ“.
მოცემულ წინადადებაში ზმნით გადმოცემული მოქმედება მიმდინარეობს კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დროში და მას ჰყავს კონკრეტული შემსრულებელი. შესაბამისად, შეგვიძლია დავსვათ კითხვა: ვინ?, რა?, სად?, როდის?, როგორ? და კითხვის დასმის მეთოდის გამოყენებით გამოვავლინოთ წინადადების სინტაქსური კონსტიტუენტები. ამასთან, პირველივე კითხვის დასასმელად გამოვიყენოთ წინადადების პრედიკატი „ეძინა“.
წინადადების სუბიექტის გამოსავლენად დაისმის კითხვა: ვინ? ან ვის?
კითხვა: ვის ეძინა?
პასუხი: შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს.
ადგილის გარემოების გამოსავლენად დაისმის კითხვა: სად?
კითხვა: სად ეძინათ?
პასუხი: ასწლოვანი მუხის ქვეშ.
დროის გარემოების გამოსავლენად დაისმის კითხვა: როდის?
კითხვა: როდის ეძინათ?
პასუხი: ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს.
და ბოლოს, პრედიკატის გამოსავლენად დაისმის კითხვა: რას შვრება? რას იზამს? რა ქნა? რა უქნია? და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, კითხვაში მონაწილეობას იღებს მოქმედების შემსრულებელი, ანუ სუბიექტი:
კითხვა: რას შვრებოდნენ მკალავები?
პასუხი: უდარდელად ეძინათ.
მიღებული შედეგის მიხედვით აქ განხილულ წინადადებაში ოთხი ფრაზა – სიტყვათა ოთხი ჯაჭვი ანუ სინტაქსური კონსტიტუენტი გამოიკვეთა:
- სუბიექტის აღმნიშვნელი: შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს
- დროის გარემოების აღმნიშვნელი: ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს
- ადგილის გარემოების აღმნიშვნელი: ასწლოვანი მუხის ქვეშ
- ზმნური ფრაზა: უდარდელად ეძინათ.
ცალკეული კონსტიტუენტის შემადგენელი ელემენტების გამოსავლენად, თავად კონსტიტუენტების თითოეულ ელემენტს დაესმის კითხვა.
განვიხილოთ პირველი კონსტიტუენტი – ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს. იგი სახელური ფრაზაა, რომელიც შედგება საზღვრულისა და მსაზღვრელისაგან. მსაზღვრელის გამოსავლენად შეგვიძლია დავსვათ კითხვა რომელ დღეს? პასუხად მივიღებთ: ზაფხულის იმ მშვენიერ დღეს.
მეორე კონსტიტუენტიც სახელური ფრაზაა: ვის? შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს. კითხვა დაესმის მსაზღვრელსაც: რომელ მკალავებს? პასუხი: შრომით ქანცგაწყვეტილ მკალავებს.
მესამე კონსტიტუენტიც სახელურ ფრაზას წარმოადგენს და დაესმის კითხვა: სად? პასუხი: ასწლოვანი მუხის ქვეშ. კითხვა დაესმის მსაზღვრელსაც: რომელი მუხის ქვეშ? პასუხი: ასწლოვანი მუხის ქვეშ.
მეოთხე კონსტიტუენტი კი ზმნური ფრაზაა, რომლის ერთ-ერთ კონსტიტუენტს – ზმნიზედას – დაესმის კითხვა როგორ? კითხვა: როგორ ეძინათ? პასუხი: უდარდელად.
ნათქვამიდან გამომდინარე, კითხვის დასმის მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სინტაქსური კონსტიტუენტების გამოსავლენად, ისე თავად კონსტიტუენტების თითოეული ელემენტის გამოსავლენადაც.