სკოპუსი

ფუნქციური ელემენტების ფუნქციური სემანტიკის დადგენა ფუნქ­ციური გრამატიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოად­გენს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის დადგენაც, თუ რა არეალზე ვრცელდება მოცემული ელემენტის ფუნქცია ანუ როგორ დავადგინოთ ფუნქციური ელემენტების ფუნქციონირების არეალი წინადადებაში.

სემანტიკური და პრაგმატული ელემენტები, მორფოლოგიური ელე­მენტებისაგან განსხვავებით, ფუნქციური ელემენტებია. ამგვარი ელემენ­ტები ლექსიკური შინაარსისაგან არიან დაცლილი, მათ გარკვეუ­ლი ფუნქციური სემანტიკის გადმოცემა ევალებათ წინადადებაში და შესაბა­მი­სად, რომელიმე სემანტიკური კატეგორიის (მაგ., მოდალობა, ფოკუსი, უარყოფა, ევიდენციალობა და ა.შ.)  გამომხატველ  ოპერატო­რებს წარმოადგენენ. ამგვარი ოპერატორები, როგორც წესი, ფორმაუცვ­ლელი სიტყვებია, რომლებიც ვერ შედიან მორფოსინტაქსურ კავშირში წინადა­დების იმ წევრებთან, რომელსაც მიემართებიან. ფუნქციური ელემენტების „გავლენა“ წინადადების სხვა წევრებზე არა მორფოსინტაქსური წესებით, არამედ მათი მოქმედების არეალით – სკოპუსით განისაზღვრება.

სკოპუსი არის ფუნქციური ელემენტის ფუნქციონირების არეალი, ანუ ის მანძილი წინადადებაში, რა მანძილზეც შეუძლია გაავრცელოს  თავისი სემანტიკური ფუნქცია რომელიმე ფუნქციურ-სემანტიკურმა ელემენტმა – ოპერატორმა.

საანალიზოდ ავიღოთ რამდენიმე მაგალითი და შევადაროთ ერთმანეთს:

(1) ძვირფასო, ეგებ გვეყიდა სახლი.

(2) ძვირფასო, ეგებ პარიზში გვეყიდა სახლი.

(3) ძვირფასო, ეგებ შემოდგომაზე გვეყიდა სახლი.

(4) ძვირფასო, ეგებ მომავალ შემოდგომაზე გვეყიდა სახლი.

(5) ძვირფასო, ეგებ მომავალ შემოდგომაზე მაინც გვეყიდა სახლი.

პირველ წინადადებაში „ძვირფასო, ეგებ გვეყიდა სახლიმოდა­ლუ­რი ელემენტი ეგებ მიემართება წინადადებაში გადმოცემულ მოქმედებას – სახლის ყიდვის საჭიროებას. ვინაიდან წინადადება შეიცავს მიმართვის ფორმას ძვირფასო, ზმნური ფორმით გვეყიდა გადმოცემუ­ლია ინკლუზიური „ჩვენ“ ანუ მე და შენ. შესაბამისად, წინადადების წაკითხვისი ამგვარია: მთქმელი მეორე პირთან მიმართებაში გამოთქვამს სურვილს, იყიდონ სახლი.

მეორე წინადადებაში „ძვირფასო, ეგებ პარიზში გვეყიდა სახლი მოდალური ელემენტი ეგებ მიემართება არა ზმნით გადმოცემულ მოქმედებას (სახლის ყიდვა), არამედ მის უშუალო მეზობლობაში მდგარ სიტყვას პარიზში. აქ საუბარია არა იმაზე, სახლი იყიდონ თუ არა, არამედ იმაზე, პარიზში ხომ არ იყიდონ სახლი. ანუ, ეგებ ელემენტის მოქმედების არეალი ვრცელდება მხოლოდ მის მომდევნო სიტყვაზე (პარიზში) და არა ზმნაზე.

მესამე წინადადებაში „ძვირფასო, ეგებ შემოდგომაზე გვეყიდა სახლიმოდალური ელემენტი ეგებ მიემართება მის მომდევნო სიტყვას შემოდგომაზე;

მეოთხე წინადადებაში კი, მიუხედავად იმისა, რომ  წინ უძღვის სახელურ ფრაზას მომავალ შემოდგომაზე, მიემართება მხოლოდ მის უშუალოდ მომდევნო სიტყვას მომავალ.   თვალსაჩინოებისათვის შევადაროთ მესამე და მეოთხე წინადადებები:

ძვირფასო, ეგებ [შემოდგომაზე] გვეყიდა სახლი

წაკითხვისი: „მე გთავაზობ, რომ სახლი ვიყიდოთ არა ახლა, ზამთარში/გაზაფხულზე/ზაფხულში, არამედ შემოდგომაზე.”

შდრ.:

ძვირფასო, ეგებ [მომავალ] შემოდგომაზე გვეყიდა სახლი

წაკითხვისი: „მე გთავაზობ, რომ სახლი ვიყიდოთ არა ამ შემოდგომაზე, არამედ მომავალ შემოდგომაზე.”

როგორც წაკითხვისიდან ჩანს, მესამე წინადადებისაგან განსხვავებით, მეოთხე წინადადებაში მთქმელი გამოთქვამს სურვილს, რომ არა ამ, არამედ მომავალ შემოდგომაზე შეიძინონ სახლი. იმისათვის, რომ სახლის ყიდვის სურვილი არა [მომავალ], არამედ უშუალოდ [მომავალ შემოდგომას] დაუკავშირდეს, საჭიროა ეგებ ელემენტის ფუნქციონირების არეალის შემოსაზღვრა, რაც ქართულში საგანგებო ოპერატორით მაინც ხორციელ­დება:

ძვირფასო, ეგებ [მომავალ შემოდგომაზე] მაინც გვეყიდა სახლი

ის გარემოება, რომ ოპერატორი მაინც ფუნქციური ელემენტის ეგებ სკოპუსის საზღვარდამდგენია, ანუ ეგებ ოპერატორის სემანტიკური ფუნქციის ჩამკეტი, შეგვიძლია პერმუტაციის მეთოდის საშუალებით გადავამოწმოთ – გადავანაცვლოთ წინადადების წევრები:

ძვირფასო, ეგებ [სახლი] მაინც გვეყიდა მომავალ შემოდგომაზე

მიღებული წინადადება ასეთ შინაარსს შეიძენს: „სხვა თუ ვერა­ფერს ვიყიდით, სახლი მაინც ვიყიდოთ მომავალ შემოდგომაზე“; ანუ ეგებ ფუნქციური ელემენტის ფუნქციონირების არეალი მაინც ოპერატო­რის მეშვეობით წინადადების მხოლოდ მოცემულ წევრზე – პირდაპირ ობიექტზე  სახლი გავრცელდება.

ფუნქციური ელემენტების შემთხვევაში სკოპუსის განსაზღვრა არსებით მნიშვნელობას იძენს. ნებისმიერი ფუნქციური ელემენტი კონკრე­ტული გრამატიკული კატეგორიის რეპრეზენტატორია, მაგრამ ვინაი­დან ამ ელემენტებს შეუძლიათ სიტყვის, ფრაზის ან მთლიანი წინა­და­დების სემანტიკურ-პრაგმატული მოდიფიკაცია, გადამწყვეტი მნიშვ­ნე­ლობა ენი­ჭება აღნიშნული რეპრეზენტატორის მოცემულ წინადადებაში ფუნქ­ციონი­რების საზღვრების – სკოპუსის დადგენას.