დოკულინგვისტიკის უპირატესობა მხოლოდ მის სიახლეში არ მდგომარეობს. ენის დიგიტალური დოკუმენტირება სრულიად ახალ პერსპექტივებს გვიხსნის კვლევის როგორც ტექნოლოგიური, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. ქვემოთ შევეცდებით არგუმენტირებულად დავასაბუთოთ დოკულინგვისტიკის უპირატესობის როგორც კვალიტატიური, ისე კვანტიტატიური ასპექტები.
მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევა, როგორც წესი, ემპირიულ მასალებს ეყრდნობა. ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ ქართული ენის საკვლევად მოპოვებული მასალა დოკუმენტირებულია როგორც პირველად, ისე მეორეულ რესურსებში. პირველად რესურსებში იგულისხმება, ერთი მხრივ, წერილობითი წყაროები, მეორე მხრივ კი ზეპირმეტყველების გატექსტებული ვერსიები, რომლებიც ხელით იყო ჩაწერილი და ბეჭდური სახით გამოცემული. მეორეულ რესურსებში კი მოიაზრება სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც პირველადი რესურსების კვლევის შედეგებს ასახავენ (ლექსიკონები, გრამატიკული ანალიზი, თეორიული კვლევები).
რესურსების მოპოვების ეს ფორმა, რომელიც დოკუმენტირების ტრადიციული მეთოდის სახელითაა ცნობილი, ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შეცვალა ელექტრონულმა მეთოდმა, როდესაც ქაღალდისა და საწერი კალმის მაგივრად აუდიო- და ვიდეოაპარატურა გამოიყენეს პირველადი რესურსების ჩასაწერად, თუმცა მასალების ჩაწერის ახალმა მეთოდმა მაინც ვერ შეცვალა პირველადი რესურსის ფორმა: ელექტრონულად ჩაწერილი აუდიო- და ვიდეომასალები გატექსტების შემდეგ ისევ და ისევ ბეჭდური სახით გამოიცემოდა, თავად ელექტრორესურსები კი უფუნქციოდ რჩებოდა.
კორპუსული ლინგვისტიკის განვითარებამ ახალი ბიძგი მისცა ენისა და კულტურის დოკუმენტირებას – შეიქმნა ენის კორპუსები. ავტომატური ძიებისა და სორტირების საგანგებო ინსტრუმენტით – კორპუს-მენეჯერით აღჭურვილმა ახალმა ტექნოლოგიურმა პროდუქტმა საგრძნობლად გააადვილა და დააჩქარა კვლევის პროცესი. თუმცა ზეპირმეტყველების კორპუსის შემთხვევაში აუცილებლობით მოითხოვა საკვლევი რესურსების მულტიმედიური ფორმატის განვითარება (ტექსტის აუდიო- და ვიდეო სიგნალებით განვრცობა): კვლევის რესურსები, რომლებიც მხოლოდ ტექსტური (ბეჭდური ან დიგიტალური) ფორმატითაა ხელმისაწვდომი, არ იძლევა თანამედროვე სამეცნიერო პრობლემატიკის სრულფასოვანი დამუშავების საშუალებას, რასაც რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:
1) მხოლოდ ტექსტურ ფორმატში მოცემული ენობრივი რესურსები არ იძლევა ფონეტიკური ანალიზის საშუალებას და შეუძლებელს ხდის, მაგ., სუპრასეგმენტული ფონეტიკის, ფონოლოგიური ფონეტიკის, პათოფონეტიკის საკითხების კვლევას;
2) ინტერდისციპლინური მასალების შემთხვევაში ვიზუალური კომპონენტის გარეშე დარჩენილი ტექსტი უმეტესწილად კარგავს რელევანტურობას;
3) აკუსტიკური და ვიზუალური კომპონენტის არარსებობა შეუძლებელს ხდის ვერიფიცირებას – რესურსების პირველწყაროსთან შედარება-გადამოწმებას.
საგანგებოდ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ის აუდიო- და ვიდეომასალები, რომლებიც სხვადასხვა ექსპედიციებში მოიპოვეს ქართულმა სამეცნიერო ჯგუფებმა, დღემდე არსად არ არის აღრიცხული, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ არქივირებასა და საყოველთაო ხელმისაწვდომობაზე. მათი აბსოლუტური უმრავლესობა უფუნქციოდაა დარჩენილი და გაბნეულია სხვადასხვა ინსტიტუციებსა და პირად არქივებში, რაც შეუძლებელს ხდის ამ რესურსების სამეცნიერო მიმოქცევაში გამოყენებას.
დოკულინგვისტიკა დოკუმენტირებას განიხილავს, როგორც კომპლექსურ პროცესს, რომელიც რამდენიმე ეტაპისაგან შედგება:
- რესურსების მოპოვება (მასალის ჩაწერა),
- რესურსების აღრიცხვა (რეგისტრაცია),
- რესურსების ტექნიკური დამუშავება (დიგიტალიზაციის),
- რესურსების შენახვა (არქივირება)
- რესურსების შემდგომი მოვლა (დაცვა)
დოკულინგვისტიკის პრინციპების გამოყენებით მოპოვებული და დამუშავებული მასალის შესანახად საგანგებოდ შეიქმნა დიგიტალური არქივები. დიგიტალურმა არქივებმა თვისობრივად შეცვალეს ბიბლიოთეკები და „ქაღალდის არქივები“.
დიგიტალური არქივების არსებობას არაერთი უპირატესობა გააჩნია:
- რესურსები ღია და ხელმისაწვდომი ხდება ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის;
- რესურსების დიგიტალური ფორმატი საშუალებას იძლევა სწრაფად და ეფექტურად დავამუშაოთ საჭირო მასალები;
- დიგიტალური რესურსების შექმნის უახლესი ფორმატი საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ვერიფიცირება.
- რესურსების სწრაფი და ეფექტური დამუშავება ზრდის სამეცნიერო კვლევის ეფიციენტობას;
- მულტიმედიალური რესურსები ინტერდისციპლინურ რესურსებს წარმოადგენს და მათი არსებობა ხელს უწყობს ინტერდისციპლინური კვლევების შემდგომ განვითარებას.