ენის დოკუმენტირებისათვის აუცილებელია ამ ენის მატარებელი ისეთი სოციუმის არსებობა, რომელსაც გააჩნია ენობრივი კომპეტენცია და მეტ-ნაკლებად იყენებს მშობლიურ ენას. ტრადიციულად, ენობრივი მასალების მოპოვების დროს მეცნიერები, როგორც წესი, ეძებდნენ ენობრივი კომპეტენციის მქონე ინფორმანტებს. გარდა ენის/დიალექტის საფუძვლიანად ფლობისა, შერჩევის დროს იმ ინფორმანტებს ენიჭებოდათ უპირატესობა, რომლებიც ადვილად ამყარებდნენ კონტაქტს და ჰქონდა სამეცნიერო ჯგუფთან მუშაობის დრო და სურვილი. მასალის მოპოვების ამგვარი მეთოდი წარმატებით გამოიყენებოდა და ამართლებდა ექსპედიციის მიზანს: რაც შეიძლება მეტი მასალა ჩამოეტანათ ექსპედიციიდან, რათა საკმარისი რესურსები ჰქონოდათ ენის/დიალექტის ლინგვისტური მოდელის აღსაწერად და ტექსტების გამოსაცემად.
დოკულინგვისტიკა იკვლევს ენას/დიალექტს არა ცალკეული, კარგად მეტყველი ინფორმანტის დონეზე, არამედ ზოგადად, ენობრივი სიტუაციის კვლევითაა დაინტერესებული, ანუ იმ ინფორმანტებითაც ინტერესდება, რომელთა მეტყველება „დეფექტურია“ – კომპეტენციის შედარებით დაბალ ან ძალიან დაბალ დონეს გვიჩვენებს.
ენის კომპეტენციის განსაზღვრა და ენის მატარებელი სოციუმის ამ თვალსაზრისით გამოკვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბილინგვურ/მულტილინგვურ საზოგადოებაში. სწორედ საზოგადოების ენობრივი მდგომარეობა იწვევს ენის გაქრობის საფრთხეს და თუ გვსურს, თავიდან ავიცილოთ ეს სავალალო მდგომარეობა და დროულად დავიწყოთ ენის რევიტალიზაციის პროცესი, აუცილებელია იმ ინდიკატორების დადგენა, რომლებიც ერთგვარი ლაკმუსის როლს თამაშობენ ენის შესაძლო გაქრობის პროცესში.
როგორც კვლევებმა გვიჩვენეს, დაბალი ენობრივი კომპეტენციის მქონე ინფორმანტთა მეტყველებას ხშირად ახასიათებს კოდების ცვლა. ინფორმანტის გაბმულ მეტყველებაში კოდების ცვლის მაღალი ფრეკვენტულობა კი მოცემული ენის/დიალექტის საფრთხეში ყოფნის ერთ-ერთი ინდიკატორია.
მეორე ინდიკატორი, რომელიც ენის/დიალექტის საფრთხეში ყოფნაზე მიგვითითებს, არის ინტერაქციული აქტის გამოკვლევა უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით და მათი მეტყველების შედარება. DOBES-ის პროგრამის ფარგლებში შესრულებული პროექტის ECLinG (Endangered Caucasian Languages in Georgia) მასალაში, რომელიც საკმაო რესურსებს შეიცავს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მეტყველების შესადარებლად, ხშირად დასტურდება ისეთი შემთხვევები, როდესაც უფროსი თაობის წარმომადგენელი მოცემულ ენაზე ესაუბრება უმცროსი თაობის წარმომადგენელს, ამ უკანასკნელს ესმის, მაგრამ ვერ პასუხობს იმავე ენაზე. შესაბამისად, დიალოგი მიმდინარეობს ორ ენაზე. ამგვარ შემთხვევებში საკომუნიკაციო აქტი ხასიათდება არა კოდების ცვლით, არამედ ორი განსხვავებული ენობრივი კოდის გამოყენებით საკომუნიკაციო აქტში მონაწილე პირთა როლების შესაბამისად.
ECLinG -ის (Endangered Caucasian Languages in Georgia) მასალები TLA-ში
სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა დიალოგის დოკუმენტირებას სხვა დანიშნულებაც აქვს. ორენოვან სიტუაციაში ბავშვების ენობრივი ქცევის დოკუმენტირება ჩაწერილ მასალას ინტერდისციპლინურ პროდუქტად აქცევს და საინტერესოს ხდის არა მარტო ლინგვისტური, არამედ სოციოლინგვისტური და ფსიქოლინგვისტური თვალსაზრისითაც.
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდურ კომპონენტად უნდა მივიჩნიოთ მასალის ადეკვატურ პირობებში ჩაწერა. მაგ., რელიგიის ან ტრადიციების შესახებ მსჯელობის დროს, აუცილებელია ინფორმანტის ბუნებრივ სიტუაციაში – რელიგიური ან ტრადიციული რიტუალის ჩატარების პროცესში ჩაწერა. Volkswagen Stiftung-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში SSGG (The sociolinguistic situation of present-day Georgia), რომელიც მიზნად ისახავდა სოციოლინგვისტური სიტუაციის შესწავლას თანამედროვე საქართველოში, დოკუმენტირებულია უაღრესად საინტერესო სიტუაცია ქვემო ქართლში: სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები მიმდებარე სოფლებიდან (მათ შორის, მუსლიმანებიც) ერთად აღნიშნავენ გიორგობას – რელიგიური დღესასწაული რეგიონალური დღესას-წაულის ერთგვარ სახეცვლილებას წარმოადგენს, რომელიც ტრადიციებისა და რელიგიური რიტუალების თანხლებით მიმდინარეობს, რაც უდავოდ საინტერესოს ხდის მასალას ეთნოლინგვისტებისა და რელიგიის მკვლევართათვის, ისევე როგორც კონფლიქტოლოგებისათვის.
დოკულინგვისტიკის მეთოდი – დიგიტალური დოკუმენტირება და არქივირება სულ სხვა პერსპექტივიდან განიხილავს პრობლემას: დოკუმენტირების ობიექტი არის არა ენა, როგორც ნიშანთა სისტემა, არამედ ენა მის ბუნებრივ მოცემულობაში: კონკრეტულ დროში, კონკრეტულ სივრცეში და კონკრეტული სოციუმის ასაკობრივი და სოციალური მონაცემების გათვალისწინებით და გენდერული ბალანსის დაცვით.
გენდერული თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა უდიურის მონაცემები, კერძოდ, ერთი უდი ქალბატონის მეტყველება, რომელიც დოკუმენტირებულია SSGG -ს ფარგლებში: მეტყველების დროს დაფიქსირდა კოდების ცვლის უნიკალური შემთხვევა: სამი ენისა (ქართული, აზერბაიჯანული, რუსული) და უდიური ენის ორი დიალექტის (ვართაშნული და ნიჯური) მონაცვლეობა ერთი სამეტყველო აქტის ფარგლებში. როგორც აღმოჩნდა, იმ სოფელში პატარძლები აზერბაიჯანელი უდების სოფლებიდან ჩამოჰყავდათ და აღნიშნული ქალბატონიც ამგვარი „პატარძლების იმპორტირების მსხვერპლი“ გახლდათ. ასეთი შემთხვევები უაღრესად საინტერესოა ენობრივი სიტუაციის კვლევის დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია ერთმანეთისაგან გაირჩეს საერთო-ენობრივი/დიალექტური თავისებურებანი და იდიოლექტური მეტყველების შემთხვევები. საგულისხმოა, რომ კოდების ამგვარი ცვლა აღნიშნულ სოფელში მხოლოდ ქალებისთვისაა დამახასიათებელი და ისიც, მხოლოდ იმ ქალებისთვის, რომლებიც გათხოვებამდე სოფელ ნიჯში ცხოვრობდნენ. კოდების ასეთი ექსტრემალური ცვლა მამაკაცებს არ ახასიათებთ, ამიტომ ამ სოფელში იგი გენდერული მეტყველების კონკრეტულ სპეციფიკაციად უნდა მივიჩნიოთ.