ენობრივი სიტუაცია

ენის დიგიტალური დოკუმენტირების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ენობრივი სიტუაციის კვლევა წარმოადგენს. ენობრივი სიტუაცია სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი საბაზისო ცნებაა და თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში მისი რამდენიმე განმარტება არის მოცემული.

ლ. ნიკოლსკის განმარტებით ენობრივი სიტუაცია არის ენების, სუბკოდებისა და ფუნქციური სტილების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიალურ და ეთნიკურ გაერთიანებაში.

ვ. ბარნეტის განსაზღვრებით ენობრივი სიტუაცია გულისხმობს ეროვნული ენის სხვადასხვა ფორმით  ფუნქციონირებას მოცემულ ნაციონალურ საზოგადოებაში.

ჩ. ფერგიუსონის მიხედვით ენობრივი სიტუაცია აღნიშნავს ენის გამოყენების საერთო კონფიგურაციას მოცემულ დროსა და მოცემულ ადგილზე და მოიცავს ისეთ მონაცემებს, როგორებიცაა, რამდენი ენაა და რომელი ენები გამოიყენება მოცემულ არეალში, რამდენი ადამიანი გამოიყენებს თითოეულს და რა ვითარებაში; რა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ აღნიშნული საზოგადოების წევრებს ამ ენების მიმართ.

ევროპაში ენობრივი სიტუაციის ანალიზისადმი მიძღვნილ კრებულში . შარნჰორსტი ენობრივ სიტუაციას ასე განსაზღვრავს: “ენობრივი სიტუაცია არის ზოგადი საზოგადოებრივი მდგომარეობა, რომელშიც უხდება ენას გარკვეულ ქვეყანაში, გარკვეულ ტერიტორიაზე და გარკვეულ დროში ფუნქციონირება მოცემულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და განსაკუთრებით კულტურულ ფონზე. ენობრივი სიტუაცია სინქრონულ ენათმეცნიერებას ეკუთვნის და მუდმივგანვითარებად დინამიკას გვიჩვენებს – იგი ისტორიულ-დინამიკური პროცესის შედეგია”.

ბევრი ციტატა რომ არ მოვიყვანოთ, რომლებიც, მიუხედავად განსხვავებისა, რამდენიმე პუნქტში ემთხვევა, შეჯამების სახით ჩამოვთვლით იმ საკითხებს, რომლის დადგენასაც ცდილობენ ენობრივი სიტუაციის კვლევის დროს.

მაშ ასე, ენობრივი სიტუაცია იკვლევს:

  1. ენების გავრცელებულობის გეოგრაფიულ სურათს: რომელი ენები გვხვდებიან გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ   რეგიონში;
  2. ფუნქციურ ასპექტს სიტუაციურ-კონტექსტური თვალსაზრისით: რა სფეროებში და რა სიტუაციებში ხდება ამ თუ იმ ენის/ენობრივი ვარიანტის გამოყენება;
  3. ენათა ფუნქციონირების იურიდიულ ბაზისს: ენობრივ კანონმდებლობას და შესაბამისობას იურიდიულ და ფაქტობრივ სტატუსს შორის:
  4. ენათა გავრცელებულობის სტატისტიკურ სურათს მოლაპარაკეთა რაოდენობის და ენობრივი კომპეტენციის თვალსაზრისით;
  5. ენის მატარებლის დამოკიდებულებას ენების ფუნქციონირებისა და იდენტიფიკაციის თვალსაზრისით;
  6. ენასთან მიმართებით ზემოთ ჩამოთვლილ ხუთივე ასპექტს დროის მოცემულ მონაკვეთში.

ამგვარი პუნქტუალური აღწერა ენობრივი სიტუაციისა დროის სხვადასხვა მონაკვეთში ენობრივი სიტუაციის განვითარების დინამიკურ სურათს იძლევა.

გამომდინარე აქედან: ენობრივი სიტუაციის კვლევა გულისხმობს ენათა  გავრცელებულობისა და ფუნქციონირების კვლევას კონკრეტულ დროსა და სივრცეში სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ენის მატარებელთა დამოკიდებულებისა და ფუნქციონირების იურიდიული ბაზისის გათვალისწინებით.

რესურსები:

Л. Б. Никольский, Синхронная социолингвистика (Теория и проблемы), Москва: 1976, 79-80.

В. Барнет, Дифференциация национального языка и социальная коммуникация. Новое в зарубежной лингвистике, XX. М., 1988, 188.

Ch. A. Ferguson, Language Structure and Language Use, Stanford, 1971, 157.

Jürgen Scharnhorst (Hg.) Sprachsituation und Sprachkultur im internationalen Vergleich, Frankfurt/M., Berlin, Bern, New York, Paris, Wien, 1995, 19.