სიტყვა „კულტურა“ ლათინური წარმოშობისაა colere და „დამუშავებას, მოვლას, მიწათმოქმედებას“ ნიშნავს. კულტურასთან საერთო ძირს გვიჩვენებენ ისეთი სიტყვები, როგორიცაა კოლონია და კულტი.
მიუხედავად იმისა, რომ კულტურის 400-მდე განსაზღვრება არსებობს როგორც მისი ფართო, ისე ვიწრო გაგებით, შესაძლებელია გამოვყოთ კულტურის ცნების განსაზღვრების სამი ძირითადი ელემენტი:
- კულტურა არის სოციალური მემკვიდრეობა, ანუ ის, რაც საზოგადოების განვითარების პროცესში თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც სოციუმის მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული და ტრადიციად ქცეული ცოდნა; ანუ სოციალური მემკვიდრეობა არის სოციალური ტრადიცია. კულტურის გადაცემა არის ერთგვარი პროცესი, რომლის მეშვეობითაც კულტურა გადადის მომდევნო თაობებზე არაგენეტიკური ანუ სწავლების გზით. ამ პროცესს, როგორც ფენომენს, კულტურულ ტრანსმისიას უწოდებენ. სწორედ კულტურული ტრანსმისიის შედეგია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მისი დროში უწყვეტობა. ამ თვალსაზრისით კულტურა არსებითად განსხვავდება სოციალური სისტემისაგან, რომელიც დროში ცვალებადია. რომელიმე მოცემული ეთნიკური ჯგუფის კულტურა სოციალური სისტემისაგან დამოუკიდებლად ვრცელდება ერთი სისტემიდან მეორეზე.
- კულტურა არ არის ადამიანის გენეტიკური ბუნების გამოვლენა, ის სოციალიზაციის პროცესში შეძენილი ნორმების ერთობლიობაა;
- კულტურა არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ფენომენს, იგი ზოგადობით ხასიათდება და იმ ნიშანთა ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც საყოველთაოდაა მიღებული, ანუ იგი საზოგადოებისათვის მისაღები და აუცილებელი საერთო ნორმებისა და ღირებულებების სისტემაა.
ამდენად, კულტურა, ერთი მხრივ, სოციალური ურთიერთქმედების პროდუქტია, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ურთიერთქმედებათა სახეების დეტერმინანტი. ანთროპოლოგი ი. გუდენაუ კულტურის შემადგენელ ოთხ ელემენტს გამოყოფს:
- ენობრივი ფენომენები (ცნებები, კონცეპტები), რომლებიც ადამიანის (ჯგუფის) გამოცდილების რელევანტურია, რამდენადაც ამ გამოცდილების მოწესრიგებასა და ორგანიზებას ახდენს;
- ცნებებს შორის მიზეზ–შედეგობრივი და ფუნქციური კავშირების გამომხატველი ურთიერთობები;
- ღირებულებები, რომლებიც დაკავშირებულია მიზნებთან, რომელთა მიღწევისკენაც მიისწრაფვის საზოგადოება;
- წესები და ნორმები, რომლებიც არეგულირებს ადამიანთა ქცევას ღირებულებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. აღნიშნულ წესებთან და ნორმებთან დაკავშირებულია სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს დასჯას ან წახალისებას ნორმების დარღვევის ან შესრულების შემთხვევაში.
კულტურის შემადგენელი ეს ოთხი ელემენტი ქმნის სოციუმის კულტურულ ხატს, რომელიც კულტურული მეხსიერების სახით გადაეცემა მომდევნო თაობებს ტრანსმისიის გზით.
კულტურული მეხსიერება არ არის კონსტანტური, უცვლელი ოდენობა. იგი დროში შეიძლება განივრცოს ან ტრანსფორმირდეს იმისდა მიხედვით, თუ რა ფაქტები და მოვლენები ახდენენ გადამწყვეტ გავლენას სოციუმის თვითხატის ჩამოყალიბებაზე. მაგალითად, ცნობილია, თუ რა დიდი გავლენა იქონია რუსთაველის „ვეფხისტყაოსანმა“ ქართული კულტურული იდენტობის ფორმირებაზე, ისევე როგორც უდიდესი გავლენა იქონია დავით აღმაშენებლის, ცოტნე დადიანის, სამასი არაგველის ან ქეთევან დედოფლის თავგანწირვამ ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაზე.
კულტურული მეხსიერება მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის: მდიდრდება რა ახალი ფაქტებითა და მოვლენებით, იგი ეროვნული ცნობიერების უმთავრეს განმსაზღვრელ ნიშანს (დეტერმინატორს) წარმოადგენს.