ზემოთ აღწერილი მეთოდების გამოყენების დროს არაერთხელ მოგვიხდა წინადადების სინტაქსური გარდაქმნა იმისათვის, რომ დაგვედგინა გამოყენებული მეთოდის ვალიდურობა. ამ ოპერაციას – წინადადების სინტაქსურ გარდაქმნას – ჩვენ ვუწოდებთ სინტაქსურ ტრანსფორმაციას. სინტაქსური ტრანსფორმაციის მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად სწორია წინადადების “წაკითხვის და ინტერპრეტაციის” ჩვენეული ვერსია, ანუ წინადადების “წაკითხვისი”. ეს ტერმინი “იკითხვისის” ანალოგიით შევქმენით, რომელიც ხელნაწერებთან მიმართებაში გამოიყენება იმის გადმოსაცემად, თუ რა „იკითხება“ ხელნაწერის ამა თუ იმ ადგილას. ანუ “წაკითხვისი” არის ტერმინი, რომელსაც ვიყენებთ იმის აღსანიშნად, თუ როგორ “წაიკითხება” მოცემული წინადადება სემანტიკურ-პრაგმატულ დონეზე. მოდით, განვიხილოთ ეს საკითხი ეგებ ნაწილაკის მაგალითზე.
აკაკი შანიძე ეგებ-ს ნაწილაკების რიგში განიხილავს და მის ფუნქციას ასე აღწერს: “ეგებ, ეგების: პირიანი ფორმაა, ნაწილაკად ქცეული. აღნიშნავს შესაძლებლობას: “ეგებ აჯობოს, რომ ამაღამ აქ დაჰრჩე?“
ნ. შანაშენიძე ეგებ ნაწილაკს მოდალობის ნაწილაკად მიიჩნევს და მას მოდალობის კატეგორიაში განიხილავს. ბესარიონ ჯორბენაძის
ქართული ენის მორფემებისა და მოდალური ელემენტების ლექსიკონში ეგებ/ეგება/ ეგების განსაზღვრულია, როგორც ნაწილაკი-მორფემოიდი, რომელიც შესაძლებლობას ან დაეჭვებას გამოხატავს. თ. ჯულუხაძე, კორპუსულ კვლევაზე დაყრდნობით, ეგებ ნაწილაკისათვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ რვა სემანტიკურ ფუნქციას გამოყოფს:
1. შეთავაზება:
(1) თავიდან მორიდებით შევთავაზე, ეგებ დაასათაუროთ-მეთქი. შეყოვნდა და თავაზიანად მითხრა, ვიფიქრებო.
2. თხოვნა:
(2) მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნიდან” სამსახურისკენ მივიჩქაროდი. ის-ის იყო, კომპიუტერული დაბრკოლება გადავლახე, რომ ჩემს უკან მომყოლმა ახალგაზრდამ მთხოვა: – ბიძია, ფული სახლში დამრჩა და ეგებ თქვენი სამგზავრო ტალონით გამატაროთო.
3. ვარაუდი:
(3) ღელავდა გიორგი, ფარსმან სპარსი რომ არსად სჩანდა. ეგებ ავად გახდაო ბერიკაცი მაინცდამაინც დღეს. არ კი იცოდა, განზრახ რომ იგვიანებდა ფარსმანი.
4. ეჭვი:
(4) ახლა კი ეჭვი შეეპარა გიორგის, ეგებ სტყუოდნენ მსტოვარები, მამამზე უბრალო იყოსო კოლონკელიძისა და ჭიაბერის მიერ ატეხილ ამბოხში.
5. დარწმუნებულობა / ინტერპრეტაცია:
(5) ეგებ, იმიტომაც დაპატიჟა თეიკომ მთელი კლასი, რომ რაც შეიძლება მეტ ბალღს დაეფჩინა პირი გაკვირვებისგან, სახლი კი არა, სასახლეაო, და თეიკოსაც ღირსეულად აებზუა ცხვირი, მამაჩემს უწინ ოქროს კბილების გამო დასცინოდნენ, აწ კი ხალხის რჩეულიცაა დედაჩემთან ერთად და თუკი ოდესღაც სოფლელ ტეტიად თვლიდნენ, ახლა ჭეშმარიტი ქალაქელიაო.
6. იმედი:
(6) დაკბენილი, გასივებული მხარ-მკლავი ღამე არ აძინებს, მაგრამ მეორე დღეს ისევ ხელახლა ფუტკარს იხვევს, ეგებ გახევებული ხელი ცოტა მაინც ამიმოძრავდესო.
7. ნატვრა/სურვილი:
(7) არა მარტო მეფე, მთელი სასახლე, მთელი მცხეთა და უფლისციხე ამას ნატრობდა: კეთრი აღმოაჩნდეს ეზოსმოძღვარს ეგებ და ამ სვირინგებს თან გადაჰყვესო გულბოროტი ხუცესი.
8. ირონია:
(8) უელსელთა მწვრთნელმა იხუმრა, ეგებ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გავიმეოროთო, მაგრამ „ლივერპულმა” სტუმრადაც სამი გოლი გაუტანა მეტოქეს.
როგორ შევამოწმოთ, რამდენად სწორია ზემოთ მოყვანილ წინადადებებში ეგებ ნაწილაკის ფუნქცია, ანუ როგორ მოვახდინოთ მოცემული კლასიფიკაციის ვერიფიცირება?
მოდით, გამოვიყენოთ გრამატიკული სუბსტიტუციის მეთოდი და ეგებ ნაწილაკი სხვა, ოღონდ მსგავსი ფუნქციური ელემენტით, მაგალითად, იქნებ ელემენტით ჩავანაცვლოთ:
(9) თავიდან მორიდებით შევთავაზე, ეგებ დაასათაუროთ-მეთქი. შეყოვნდა და თავაზიანად მითხრა, ვიფიქრებო.
შდრ.:
(9ა) თავიდან მორიდებით შევთავაზე, იქნებ დაასათაუროთ-მეთქი. შეყოვნდა და თავაზიანად მითხრა, ვიფიქრებო.
სუბსტიტუციის მეთოდმა და იქნებ ელემენტის გამოყენებამ სინათლე ვერ მოჰფინა საკითხს: იქნებ ელემენტი ზოგადი შესაძლებლობის სემანტიკას გამოხატავს, ისევე როგორც ეგებ.
ახლა გამოვიყენოთ სინტაქსური მოდიფიკაციის მეთოდი და წინადადება „გადავწეროთ“ ისე, რომ მისი წაკითხვისი (ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ „ვკითხულობთ“ მოცემულ წინადადებაში) არ შეიცვალოს.
პირველ წინადადებაში შეთავაზების სემანტიკა მთავარ წინადადებაშივეა მოცემული ლექსიკურად:
თავიდან მორიდებით შევთავაზე, იქნებ დაასათაუროთ-მეთქი“
ზმნასთან შეწყობილი პირდაპირი ობიექტი (ანუ, რაც შევთავაზე), ისევე როგორც ზმნათა სემანტიკური ჯგუფის verba dicendi შემთხვევაში იყო მოსალოდნელი, ციტატის ფორმით არის გადმოცემული (პირდაპირი თქმა) და მარკირებულია სხვათა სიტყვის ნაწილაკით – მეთქი. მოდით, გავანულოთ ეგებ ნაწილაკი და დამოკიდებული წინადადება სინტაქსურად ისე გარდავქმნათ, რომ ირიბი თქმა მივიღოთ – ეგებ ნაწილაკი მაქვემდებარებელი რომ კავშირით ჩავანაცვლოთ და შესაბამისი ცვლილებების გატარებით (პირის და მწკრივის ცვლილება) ეს წინადადება ასე გადავწეროთ:
შეთავაზება:
(9ბ) თავიდან მორიდებით შევთავაზე, რომ დაესათაურებინა. შეყოვნდა და თავაზიანად მითხრა, ვიფიქრებო.
მეორე (2) წინადადებაში თხოვნის სემანტიკა ასევე ლექსიკურად არის მოცემული პრედიკატის სახით მთავარ წინადადებაში:
ჩემს უკან მომყოლმა ახალგაზრდამ მთხოვა: – ბიძია, ფული სახლში დამრჩა და ეგებ თქვენი სამგზავრო ტალონით გამატაროთო.
ამიტომ, წინადადების გადაწერა იმავე პრინციპების გამოყენებით, რომელიც პირველ მაგალითში აღვწერეთ, მოგვცემს ამგვარ სინტაქსურ კონსტრუქციას:
(10) ჩემს უკან მომყოლმა ახალგაზრდამ მთხოვა: – ბიძია, ფული სახლში დამრჩა და გთხოვთ, თქვენი სამგზავრო ტალონით გამატაროთო.
თხოვნა:
(10ა) მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნიდან” სამსახურისკენ მივიჩქაროდი. ის-ის იყო, კომპიუტერული დაბრკოლება გადავლახე, რომ ჩემს უკან მომყოლმა ახალგაზრდამ მთხოვა: – ბიძია, ფული სახლში დამრჩა და გთხოვთ, თქვენი სამგზავრო ტალონით გამატაროთო.
მესამე (3) წინადადებაში ვარაუდია გამოთქმული, რაც წინადადების გრამატიკული განვრცობის (კოგნიტურ დონეზე არსებული მიმართებების ლოგიკურ ჯაჭვში ვერბალიზაციის დროს გამოტოვებული რგოლის ამოვსების) შედეგად დგინდება. შესაბამისად, ეს წაკითხვისი ასე გადაიწერება:
ვარაუდი:
(11) ღელავდა გიორგი, ფარსმან სპარსი რომ არსად სჩანდა, ეგებ ავად გახდაო ბერიკაცი მაინცდამაინც დღეს. არ კი იცოდა, განზრახ რომ იგვიანებდა ფარსმანი.
(11ა) ღელავდა გიორგი, ფარსმან სპარსი რომ არსად სჩანდა და ივარაუდა, ალბათ ავად გახდაო ბერიკაცი მაინცდამაინც დღეს. არ კი იცოდა, განზრახ რომ იგვიანებდა ფარსმანი.
მეოთხე (4) წინადადებაში ეჭვის სემანტიკა მთავარ წინადადებაშია მოცემული – ეჭვი შეეპარა გიორგის. შესაბამისად, ამ წინადადების სინტაქსური ტრანსფორმაცია შემდეგნაირად არის შესაძლებელი:
ეჭვი:
(12) ახლა კი ეჭვი შეეპარა გიორგის, ეგებ სტყუოდნენ მსტოვარები, მამამზე უბრალო იყოსო კოლონკელიძისა და ჭიაბერის მიერ ატეხილ ამბოხში.
(12ა) ახლა კი ეჭვი შეეპარა გიორგის, რომ სტყუოდნენ მსტოვარები, რომ მამამზე უბრალო იყო კოლონკელიძისა და ჭიაბერის მიერ ატეხილ ამბოხში.
მეხუთე (5) წინადადებაში, ლექსიკურად არსად იკითხება დარწმუნებუ-ლობის/ინტერპრეტაციის სემანტიკა:
(13) ეგებ, იმიტომაც დაპატიჟა თეიკომ მთელი კლასი, რომ რაც შეიძლება მეტ ბალღს დაეფჩინა პირი გაკვირვებისგან, სახლი კი არა, სასახლეაო, და თეიკოსაც ღირსეულად აებზუა ცხვირი, მამაჩემს უწინ ოქროს კბილების გამო დასცინოდნენ, აწ კი ხალხის რჩეულიცაა დედაჩემთან ერთად და თუკი ოდესღაც სოფლელ ტეტიად თვლიდნენ, ახლა ჭეშმარიტი ქალაქელიაო.
მიუხედავად ამისა, მთლიანი კონტექსტის ანალიზი საშუალებას გვაძლევს სემანტიკური ტრანსფორმაციის გზით ამგვარად “გადავწეროთ” ეს წინადადება:
დარწმუნებულობა:
(13ა) დარწმუნებული ვარ, იმიტომაც დაპატიჟა თეიკომ მთელი კლასი, რომ რაც შეიძლება მეტ ბალღს დაეფჩინა პირი გაკვირვებისგან, სახლი კი არა, სასახლეაო, და თეიკოსაც ღირსეულად აებზუა ცხვირი, მამაჩემს უწინ ოქროს კბილების გამო დასცინოდნენ, აწ კი ხალხის რჩეულიცაა დედაჩემთან ერთად და თუკი ოდესღაც სოფლელ ტეტიად თვლიდნენ, ახლა ჭეშმარიტი ქალაქელიაო.
ან ინტერპრეტაცია:
(13ბ) ალბათ იმიტომაც დაპატიჟა თეიკომ მთელი კლასი, რომ რაც შეიძლება მეტ ბალღს დაეფჩინა პირი გაკვირვებისგან, სახლი კი არა, სასახლეაო…
მეექვსე (6) წინადადებაში მოქმედების სუბიექტის მოტივაცია იმედით არის განპირობებული. შესაბამისად, წინადადების წაკითხვისი სინტაქსური ტრანსფორმაციის დროს ლექსიკურად რეალიზდება და ახალ წინადადებად ასე გარდაიქმნება:
იმედი:
(14) დაკბენილი, გასივებული მხარ-მკლავი ღამე არ აძინებს, მაგრამ მეორე დღეს ისევ ხელახლა ფუტკარს იხვევს, ეგებ გახევებული ხელი ცოტა მაინც ამიმოძრავდესო.
(14ა) დაკბენილი, გასივებული მხარ-მკლავი ღამე არ აძინებს, მაგრამ მეორე დღეს ისევ ხელახლა ფუტკარს იხვევს იმ იმედით, რომ გახევებული ხელი ცოტა მაინც აუმოძრავდება.
მეშვიდე (7) წინადადებაში ნატვრის სემანტიკა მთავარ წინადადებაში ლექსიკურად არის მოცემული:
(15) არა მარტო მეფე, მთელი სასახლე, მთელი მცხეთა და უფლისციხე ამას ნატრობდა: კეთრი აღმოაჩნდეს ეზოსმოძღვარს ეგებ და ამ სვირინგებს თან გადაჰყვესო გულბოროტი ხუცესი.
შესაბამისად, ეს წინადადება ასე გადაიწერება:
ნატვრა/სურვილი:
(15ა) არა მარტო მეფე, მთელი სასახლე, მთელი მცხეთა და უფლისციხე ამას ნატრობდა: რომ კეთრი აღმოჩენოდა ეზოსმოძღვარს და ამ სვირინგებს თან გადაჰყოლოდა გულბოროტი ხუცესი.
მერვე (8) წინადადებაში ირონია მთავარი წინადადების ზმნით (პრედიკატით) არის გადმოცემული:
(16) უელსელთა მწვრთნელმა იხუმრა, ეგებ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გავიმეოროთო, მაგრამ „ლივერპულმა” სტუმრადაც სამი გოლი გაუტანა მეტოქეს.
შესაბამისად, ამ წინადადების ადეკვატურად გადაწერა ეგებ ელემენტის განულებითაც არის შესაძლებელი:
ირონია:
(16ა) უელსელთა მწვრთნელმა იხუმრა, ეგებ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გავიმეოროთო, მაგრამ „ლივერპულმა” სტუმრადაც სამი გოლი გაუტანა მეტოქეს.
თუ სინტაქსურად ტრანსფორმირებულ მაგალითებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ამგვარი “გადაწერის” დროს წინადადებები საგრძნობლად იცვლიან ფორმას სინტაქსური თვალსაზრისით – ზოგჯერ საკმარისია მაქვემდებარებელი რომ კავშირის ჩასმა; თუმცა, არც თუ იშვიათად, იმ ქვეწინადადების პრედიკატი, რომელშიც ეგებ ნაწილაკი დასტურდება, იცვლის მწკრივს; შესაბამისად, იცვლება სინტაქსური ბმულობის წესებიც და ა.შ.
აქ ჩამოთვლილ მეთოდებს ერთი არსებითი ნაკლი გააჩნია: ამ მეთოდების გამოყენება ენობრივ კომპეტენციას მოითხოვს. ენობრივი კომპეტენცია კი, მოგეხსენებათ, ინდივიდუალური ფენომენია და კამათისთვის ტოვებს ფართო ადგილს. თუმცა, არც თუ იშვიათად, კორპუსული კვლევების საშუალებითაცაა შესაძლებელი არა მარტო წმინდა მორფოლოგიური ან სინტაქსური, არამედ სემანტიკური და პრაგმატული საკითხების ფორმალურად დასაბუთება, მათ შორის ფუნქციური ელემენტების ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზიც. აქვე ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ზემოთ განხილული მეთოდებიდან რამდენიმე მეთოდის ერთდროულად გამოყენება კიდევ უფრო საიმედოს ხდის კვლევის შედეგებს.