ფუნქციური ელემენტების ფუნქციური სემანტიკის დადგენა ფუნქციური გრამატიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის დადგენაც, თუ რა არეალზე ვრცელდება მოცემული ელემენტის ფუნქცია ანუ როგორ დავადგინოთ ფუნქციური ელემენტების ფუნქციონირების არეალი წინადადებაში.
სემანტიკური და პრაგმატული ელემენტები, მორფოლოგიური ელემენტებისაგან განსხვავებით, ფუნქციური ელემენტებია. ამგვარი ელემენტები ლექსიკური შინაარსისაგან არიან დაცლილი, მათ გარკვეული ფუნქციური სემანტიკის გადმოცემა ევალებათ წინადადებაში და შესაბამისად, რომელიმე სემანტიკური კატეგორიის (მაგ., მოდალობა, ფოკუსი, უარყოფა, ევიდენციალობა და ა.შ.) გამომხატველ ოპერატორებს წარმოადგენენ. ამგვარი ოპერატორები, როგორც წესი, ფორმაუცვლელი სიტყვებია, რომლებიც ვერ შედიან მორფოსინტაქსურ კავშირში წინადადების იმ წევრებთან, რომელსაც მიემართებიან. ფუნქციური ელემენტების „გავლენა“ წინადადების სხვა წევრებზე არა მორფოსინტაქსური წესებით, არამედ მათი მოქმედების არეალით – სკოპუსით განისაზღვრება.
სკოპუსი არის ფუნქციური ელემენტის ფუნქციონირების არეალი, ანუ ის მანძილი წინადადებაში, რა მანძილზეც შეუძლია გაავრცელოს თავისი სემანტიკური ფუნქცია რომელიმე ფუნქციურ-სემანტიკურმა ელემენტმა – ოპერატორმა.
საანალიზოდ ავიღოთ რამდენიმე მაგალითი და შევადაროთ ერთმანეთს:
(1) ძვირფასო, ეგებ გვეყიდა სახლი.
(2) ძვირფასო, ეგებ პარიზში გვეყიდა სახლი.
(3) ძვირფასო, ეგებ შემოდგომაზე გვეყიდა სახლი.
(4) ძვირფასო, ეგებ მომავალ შემოდგომაზე გვეყიდა სახლი.
(5) ძვირფასო, ეგებ მომავალ შემოდგომაზე მაინც გვეყიდა სახლი.
პირველ წინადადებაში „ძვირფასო, ეგებ გვეყიდა სახლი“ მოდალური ელემენტი ეგებ მიემართება წინადადებაში გადმოცემულ მოქმედებას – სახლის ყიდვის საჭიროებას. ვინაიდან წინადადება შეიცავს მიმართვის ფორმას „ძვირფასო“, ზმნური ფორმით გვეყიდა გადმოცემულია ინკლუზიური „ჩვენ“ ანუ მე და შენ. შესაბამისად, წინადადების წაკითხვისი ამგვარია: მთქმელი მეორე პირთან მიმართებაში გამოთქვამს სურვილს, იყიდონ სახლი.
მეორე წინადადებაში „ძვირფასო, ეგებ პარიზში გვეყიდა სახლი“ მოდალური ელემენტი ეგებ მიემართება არა ზმნით გადმოცემულ მოქმედებას (სახლის ყიდვა), არამედ მის უშუალო მეზობლობაში მდგარ სიტყვას პარიზში. აქ საუბარია არა იმაზე, სახლი იყიდონ თუ არა, არამედ იმაზე, პარიზში ხომ არ იყიდონ სახლი. ანუ, ეგებ ელემენტის მოქმედების არეალი ვრცელდება მხოლოდ მის მომდევნო სიტყვაზე (პარიზში) და არა ზმნაზე.
მესამე წინადადებაში „ძვირფასო, ეგებ შემოდგომაზე გვეყიდა სახლი“ მოდალური ელემენტი ეგებ მიემართება მის მომდევნო სიტყვას შემოდგომაზე;
მეოთხე წინადადებაში კი, მიუხედავად იმისა, რომ წინ უძღვის სახელურ ფრაზას მომავალ შემოდგომაზე, მიემართება მხოლოდ მის უშუალოდ მომდევნო სიტყვას მომავალ. თვალსაჩინოებისათვის შევადაროთ მესამე და მეოთხე წინადადებები:
ძვირფასო, ეგებ [შემოდგომაზე] გვეყიდა სახლი
წაკითხვისი: „მე გთავაზობ, რომ სახლი ვიყიდოთ არა ახლა, ზამთარში/გაზაფხულზე/ზაფხულში, არამედ შემოდგომაზე.”
შდრ.:
ძვირფასო, ეგებ [მომავალ] შემოდგომაზე გვეყიდა სახლი
წაკითხვისი: „მე გთავაზობ, რომ სახლი ვიყიდოთ არა ამ შემოდგომაზე, არამედ მომავალ შემოდგომაზე.”
როგორც წაკითხვისიდან ჩანს, მესამე წინადადებისაგან განსხვავებით, მეოთხე წინადადებაში მთქმელი გამოთქვამს სურვილს, რომ არა ამ, არამედ მომავალ შემოდგომაზე შეიძინონ სახლი. იმისათვის, რომ სახლის ყიდვის სურვილი არა [მომავალ], არამედ უშუალოდ [მომავალ შემოდგომას] დაუკავშირდეს, საჭიროა ეგებ ელემენტის ფუნქციონირების არეალის შემოსაზღვრა, რაც ქართულში საგანგებო ოპერატორით მაინც ხორციელდება:
ძვირფასო, ეგებ [მომავალ შემოდგომაზე] მაინც გვეყიდა სახლი
ის გარემოება, რომ ოპერატორი მაინც ფუნქციური ელემენტის ეგებ სკოპუსის საზღვარდამდგენია, ანუ ეგებ ოპერატორის სემანტიკური ფუნქციის ჩამკეტი, შეგვიძლია პერმუტაციის მეთოდის საშუალებით გადავამოწმოთ – გადავანაცვლოთ წინადადების წევრები:
ძვირფასო, ეგებ [სახლი] მაინც გვეყიდა მომავალ შემოდგომაზე
მიღებული წინადადება ასეთ შინაარსს შეიძენს: „სხვა თუ ვერაფერს ვიყიდით, სახლი მაინც ვიყიდოთ მომავალ შემოდგომაზე“; ანუ ეგებ ფუნქციური ელემენტის ფუნქციონირების არეალი მაინც ოპერატორის მეშვეობით წინადადების მხოლოდ მოცემულ წევრზე – პირდაპირ ობიექტზე სახლი გავრცელდება.
ფუნქციური ელემენტების შემთხვევაში სკოპუსის განსაზღვრა არსებით მნიშვნელობას იძენს. ნებისმიერი ფუნქციური ელემენტი კონკრეტული გრამატიკული კატეგორიის რეპრეზენტატორია, მაგრამ ვინაიდან ამ ელემენტებს შეუძლიათ სიტყვის, ფრაზის ან მთლიანი წინადადების სემანტიკურ-პრაგმატული მოდიფიკაცია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული რეპრეზენტატორის მოცემულ წინადადებაში ფუნქციონირების საზღვრების – სკოპუსის დადგენას.